გერმანულმა კომპანიებმა აშშ-ში არსებული შვილობილი კომპანიების მეშვეობით აშშ-ის კონგრესის არჩევნების რამდენიმე კანდიდატს 1,7 მლნ დოლარი გადაურიცხეს, ამის შესახებ აშშ-ის საარჩევნო კომისიისა და დამოუკიდებელი ორგანიზაცია "Center for Responsive Politics"-ის მონაცემებზე დაყრდნობით "Welt"-ი იტყობინება.
მთავარი სპონსორი ფარმაცევტული კონცერნი "Bayer"-ია, რომელმაც საარჩევნო კამპანიისთვის 314 ათასი დოლარი გამოყო. როგორც "Welt" აღნიშნავს, საერთო ჯამში მსხვილმა ევროპულმა კომპანიებმა კონგრესმენობის კანდიდატებს 9 მლნ ევრო გადაურიცხეს.
ყველაზე დიდი შესაწირი - 2,4 მლნ ევრო - ბრიტანელმა ბიზნესმენებმა გაიღეს, ხოლო 2,1 მლნ ევრო შვეიცარულმა კომპანიებმა. ამ მაჩვენებლის მიხედვით, გერმანია მესამე ადგილზეა.
ამასთან, "Welt"-ი წერს, რომ უცხოური კომპანიები სრულიად ლეგალურად მოქმედებენ: აშშ-ის კანონმდებლობა უცხოურ საწარმოებს თავიანთი ამერიკული წარმომადგენლობების მეშვეობით არჩევნების კანდიდატთა დაფინანსების უფლებას აძლევს.
კონგრესის არჩევნები 2 ნოემბერს გაიმართება.
მომზადებულია Welt-ის მიხედვით.