რუსული პრესა იუწყება, რომ მისთვის ცნობილია მოღალატის ვინაობა, რომელმაც ამერიკაში მომუშავე 11 რუსი არალეგალი აგენტი გასცა, - ამის შესახებ გაზეთი "კომერსანტი" საკუთარი ჟურნალისტური გამოძიების შედეგებზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ინფორმაციით, მოღალატე პოლკოვნიკი შერბაკოვია, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურში ამერიკული განყოფილების მეთაურად მუშაობდა.
რუსულ-ამერიკული ჯაშუშური სკანდალი ღალატმა რომ გამოიწვია, ამას არც რუსეთის ხელისუფლება მალავს.
პრემიერ-მინისტრმა, ვლადიმერ პუტინმა ამერიკიდან ჩამოყვანილ ჯაშუშებთან საუბრისას აღნიშნა, რომ მათი დაბრუნება ღალატის შედეგია.
"მოღალატეები ყოველთვის ცუდად ამთავრებენ. როგორც წესი ან სმით, ან ნარკოტიკებით, რომელიმე ღობის ძირში", - განაცხადა პუტინმა.
როგორც გამოცემა წერს, რუსულ დაზვერვას გამორჩა ის ფაქტი, რომ შერბაკოვი უკვე დიდი ხანია აშშ-ში ცხოვრობს. "კომერსანტს" უკვირს, რომ საგარეო დაზვერვის სამსახურში ეჭვი არც მაშინ აუღიათ, როდესაც შერბაკოვმა დაწინაურებაზე უარი განაცხადა.
"ეს ჯაშუშურ სკანდალამდე დაახლოებით ერთი წლით ადრე მოხდა. უარის მიზეზი კი სიცრუის დეტექტორზე შემოწმებისადმი შიში გახდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ დროს იგი უკვე აქტიურად თანამშრომლობდა ამერიკულ სპეცსამსახურებთან", - წერს გამოცემა.
"კომერსანტი" ასევე წერს, რომ შერბაკოვის შვილმა, რომელიც ნარკოლოგიური კონტროლის სახელმწიფო სამსახურში მუშაობდა, რუსი ჯაშუშების გამოვლენისთანავე სასწრაფოდ დატოვა რუსეთი და საცხოვრებლად ამერიკაში გადავიდა.
რუსი არალეგალების ჯგუფი აშშ-ში ივნისის ბოლოს ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს. ივლისში ისინი ვენის აეროპორტში ოთხ სხვა რუს მოქალაქეზე გაცვალეს, რომლებიც ჯაშუშობის ბრალდებით რუსეთში იყვნენ დაკავებული.