მოსკოვის ყოფილი მერის მეუღლემ ელენა ბატურინამ, ლონდონის პოლიციის განყოფილებაში 6 საათი გაატარა. ამის შესახებ "ლაიფნიუსი" იუწყება.
კომპანია "ინტეკოს" მფლობელს, ელენა ბატურინას, რომელიც გაერთიანებულ სამეფოში მსხვილი ინვესტორია, საკუთარი ქმრისგან განსხვავებით, აქამდე არც ვიზასთან და არც ქვეყანაში შესვლასთან დაკავშირებით პრობლემები არ ჰქონია.
მაგრამ ბრიტანეთის ხელისუფლებას მის მიმართ ამჯერად კითხვები გაუჩნდა. ცოტა ხნის წინ იური ლუჟკოვისა და მისი მეუღლის საწინააღმდეგო პეტიციით ბიზნესმენი ალექსანდრ ლებედევი გამოვიდა. მან ბიზნესმენ შალვა ჩიგირინსკის ჩვენებებზე დაყრდნობით, დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებას ლუჟკოვისა და მისი მეუღლის წინააღმდეგ ანტიკორუფციული გამოძიების დაწყება მოსთხოვა.
მიუხედავად იმისა, რომ ლებედევის მიმართვას ხელს ბრიტანეთის გენერალური პროკურატურა, რუსეთის, აშშ-ის, ევროკომისიისა და გაეროს კომპეტენტური ორგანოები აწერდნენ, ბრიტანეთს ამ ბრალდებებზე თავდაპირველად რეაქცია არ ჰქონია.
თავად ჩიგირინსკიმ ბრიტანეთის უმაღლეს სამეფო სასამართლოს მიმართა საჩივრით. საჩივარში იგი ამბობდა, რომ ელენა ბატურინამ აიძულა, რომ მოსკოვში ბიზნესის წარმოების შესაძლებლობის სანაცვლოდ, Sibir Energy-ს აქციების წილი მის სასარგებლოდ გადაეფორმებინა.
London Metropolitan Police-ის შტაბ-ბინაში ბატურინას დაკავებასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.
ბიზნესმენ ალექსანდრ ლებედევის პრეს-მდივანი მიიჩნევს, რომ ბატურინას დაკავება სწორედ მათ მოთხოვნას უკავშირდება. "ბატურინას დაკავება, შესაძლოა, გამოძიებას უკავშირდება, რომლის დაწყებაც ბრიტანეთის ხელისუფლებას ჩვენ ვთხოვეთ. რაც შეეხება ჩვენს მოთხოვნაზე ოფიციალურ პასუხს, ჩვენ მას მომავალ კვირაში ველოდებით", - განაცხადა ლებედევის პრეს-მდივანმა.
მომზადებულია lifenews.ru-ის მიხედვით.