"მსოფლიოს ჩემპიონატი მაფიის ქვეყანაში მიდის"

"მსოფლიოს ჩემპიონატი მაფიის ქვეყანაში მიდის"

ინგლისური გაზეთი "სანი" ამტკიცებს, რომ ციურიხში, სადაც ფიფა-მ მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონი ქვეყანა დაასახელა, ყველაფერი ჩაწყობილი იყო. "დეილი მეილი" კი, კატეგორიულად აცხადებს, რომ მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის აღმასკომის წევრებმა ინგლისის დელეგაციის ხელმძღვანელებს აღუთქვეს, რომ ხმას მათ პროექტს მისცემდნენ, თუმცა მოატყუეს.

"სანის" წერილს ჰქვია: "მსოფლიოს ჩემპიონატი მაფიის ქვეყანაში მიდის". არის ასეთი სტატიაც: "რუსეთი: მაფიიდან რასიზმამდე ანბანის მიხედვით".

კენჭისყრის პირველ ეტაპზე ინგლისმა ორი ხმა მიიღო. ერთი, რასაკვირველია აღმასკომის ინგლისელი წევრის იქნებოდა, მეორე კი, როგორც "სანი" ვარაუდობს, იაპონელის. ბრიტანეთში მტკივნეულად განიცდიან, რომ დამარცხდა პროექტი, რომელიც შვეიცარიაში, დევიდ ბექჰემის გარდა, თვით პრინცმა უილიამმა და ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, დევიდ ქემერონმა წარადგინეს.

ბრიტანეთის პრინცისა და პრემიერისთვის ასეთი დამარცხება ერის ნამდვილი შეურაცხყოფაა. ამას დაემატა ისიც, რომ კენჭისყრის წინა დღეებში რუსეთის პრემიერი ვლადიმირ პუტინი ციურიხში საერთოდ არ ჩავიდა. რატომ? რაღაც მიზეზი კი დაასახელა, მაგრამ ეს უფრო ყასიდად ჩაბუტბუტებას ჰგავდა. სამაგიეროდ, როგორც კი გაირკვა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატი რუსეთს მისცეს, პუტინს ფიფა-ში "შესარბენი" დრო საიდანღაც აღმოაჩნდა.

ენდი ენსონი, ინგლისელთა პროექტის აღმასრულებელი შეფი ამბობს: - დევიდ დინი, დევიდ ქემერონი, დევიდ ბექჰემი, პრინცი უილიამი და მე კენჭისყრის შემდეგ ხალხს თვალებში ვუყურებდით და ვეკითხებოდით, სად წავიდა მათი ხმა, რომელსაც დაგვპირდნენ. პასუხად ამოოხვრას ვიღებდით. ახლა არავის დავასახელებ, რადგან პიროვნებებისკენ თითის გაშვერა არ მინდა, მაგრამ პირდაპირ გეტყვით, ბევრმა ჩვენ მოგვატყუა. ჩვენ ექვს ხმაზე მეტს, შვიდს ან რვას ველოდით, სინამდვილეში კი ორი მივიღეთ. საბოლოოდ გაიმარჯვა ტექნიკური თვალსაზრისით ორმა ყველაზე ცუდმა პროექტმა. საუკეთესო, კი როგორც ტექნიკურად ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით და საყოველთაოდ მოწონებული პრეზენტაციით, რასაკვირველია, ჩვენი იყო".

ამასთან, ენდი ენსონი დაიმუქრა, რომ ინგლისი აშშ-სთან ერთად ფიფა-ში განაცხადს აღარ წარადგენს, ვიდრე მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანო ტურნირის ორგანიზატორის შერჩევის უსამართლო პრინციპს არ შეცვლის. ენსონის თქმით, არჩევნები უფრო გამჭირვალედ უნდა ტარდებოდეს.

მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძელს ფიფა-ს აღმასრულებელი კომიტეტის წევრები კენჭისყრით ავლენენ. კომიტეტი 24 წევრს ითვლის, თუმცა 2018 წლისა და 2022 წლის მუნდიალების მასპინძელთა გამოვლენაში მხოლოდ 22 მონაწილეობდა. ორ წევრი ხმების გაყიდვის მცდელობისთვის კენჭისყრაზე არ დაუშვეს.

ენსონის აზრით, როდესაც ჩემპიონატის მასპინძლის გამოვლენა მხოლოდ 22 ადამიანის გადასაწყვეტია, საბოლოოდ შედეგზე ერთი წევრის ხმაც საკმაოდ მნიშვნელოვანია. ინგლისელმა ფიფა-ს შეცდომად ჩაუთვალა ორი ჩემპიონატის მასპინძლის ერთდროულად გამოვლენის გადაწყვეტილებაც, რაც მისი თქმით, პრეტენდენტებს გარიგების საშუალებას აძლევდა.

ენსონი მიიჩნევს, რომ პლანეტის პირველობის გამართვის ადგილი ფიფა-ში შემავალი ყველა ასოციაციის აზრის გათვალისწინებით უნდა დგინდებოდეს.

მომზადებულია გაზეთ "ლელოსა" და "სპორტალის" მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა