ტაჯ-მაჰალიდან საფრანგეთის პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზისა და მისი მეუღლის კარლა ბრუნის დაუგეგმავ ვიზიტთან დაკავშირებით 10 ათასი ტურისტი გამოყარეს.
სარკოზი და მისი მეუღლე ცნობილი ინდური ღირსშესანიშნაობის მონახულებას 5 დეკემბერს აპირებდნენ, თუმცა 4 დეკემბრის საღამოს სარკოზიმ გადაწყვიტა, რომ მზის ჩასვლისას ტაჯ-მაჰალი უფრო ლამაზი იქნებოდა და გეგმები შეცვალა.
შესაბამისად, ინდოეთის სპეცსამსახურებს მხოლოდ ერთი საათი დარჩათ იმისთვის, რომ სასახლე საფრანგეთის პირველი წყვილის ვიზიტისთვის მოემზადებინათ. ერთ-ერთი ადგილობრივი გიდის თქმით, ტაჯ-მაჰალის ტერიტორიაზე 10 ათასამდე ტურისტი იმყოფებოდა, მათ 30 წუთში სასახლის ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს, რის გამოც სასახლის შესასვლელთან ხალხი მომრავლდა.
როგორც ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებები იუწყებიან, სასახლის კომპლექსის ზედამხედველებს VIP-პერსონების ვიზიტის ორგანიზებისთვის მინიმუმ სამი საათი ეძლევათ.
საფრანგეთის პრეზიდენტი ინდოეთში 4 დეკემბერს ჩავიდა და სამშობლოში დღეს დაბრუნდება. ორი ქვეყნის ლიდერების შეხვედრის მიზანი სავაჭრო ურთიერთობების გაფართოვება და ინდოეთის ”მშვიდობიანი ატომის” განვითარებაა.
მომზადებულია The Daily Telegraph-ის მიხედვით.