ამერიკის პრეზიდენტმა, ბარაქ ობამამ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებასა და ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების აუცილებლობაზე ისაუბრა. ამის შესახებ რუსული საინფორმაციო სააგენტოები იუწყებიან.
ობამას თქმით, რუსეთი ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრი აუცილებლად უნდა გახდეს.
"ჩვენ ყველა სახის ძალისხმევას უნდა დავუჭიროთ მხარი, რათა ეს განხორციელდეს. მიმაჩნია, რომ პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა მთელი რიგი საკითხების რეფორმირებასა და წინსვლაში დიდი სამუშაო გასწია. მე მედვედევს დავპირდი, რომ აშშ ამ ძალისხმევაში მხარს დაუჭერს. რუსეთის ვმო-ში გაწევრიანება სარგებელს მოუტანს რუსეთსაც და მსოფლიო ეკონომიკასაც", - განაცხადა ობამამ საექსპორტო საბჭოს სხდომაზე.
ამერიკის სავაჭრო წარმომადგენელმა, რონ კლარკმა კი განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს რუსეთის ვმო-ში გასაწევრიანებლად ერთეული საკითხები რჩება განსახილველი.
"ამ საკითხში ორივე მხარემ მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია. ჩვენ უკვე ყველა სადაო საკითხი 95 პროცენტით შევათანხმეთ", - აღნიშნა კლარკმა.
როგორც ცნობილია, საქართველო რუსეთის ვმო-ს წევრობისთვის მხარდაჭერის სანაცვლოდ, ფსოუსა და როკის გვირაბთან საბაჟო-გამშვები პუნქტების ლეგალიზებას ითხოვს. ამასთან, არ არის გამორიცხული, რომ საქართველომ ვმო-ს საკითხზე რუსეთთან მოლაპარაკებები დაიწყოს.