რამდენიმე საათში საფრანგეთი ლიბიაზე შეტევას დაიწყებს

რამდენიმე საათში საფრანგეთი ლიბიაზე შეტევას დაიწყებს

რამდენიმე საათში საფრანგეთი ლიბიაზე შეტევას დაიწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას "ფრანს პრესი" ხელისუფლების წარმომადგენელ ფრანსუა ბარუენზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბარუენის თქმით, ოპერაციის მიზანია ლიბიის მოსახლეობა ძალადობისგან დაიცვას. ოპერაციის ხასიათზე ინფორმაცია არ ვრცელდება, თუმცა, სავარაუდოდ, საუბარია ავიადარტყმებზე. ოპერაციაში მონაწილეობაზე დათანხმდნენ ნორვეგია, დიდი ბრიტანეთი, არაბული ლიგის ქვეყნები. დანიის პარლამენტი კი, გადაწყვეტილებას უახლოეს ხანში მიიღებს. იტალია მზად არის, ოპერაციის მონაწილეებს სიცილიის ბაზები დაუთმოს. გარდა ამისა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა, სამხედრო ოპერაცია ლიბიის წინააღმდეგ უახლოეს ორ დღეში დაიწყოს.

გაერო-მ ლიბიის მიმართ სანქციების შესახებ რეზოლუცია მიიღო. გაერო-ს გადაწყვეტილებით, მსოფლიო თანამეგობრობას ლიბიაში სამხედრო ოპერაციებში ჩაბმის უფლება ეძლევა. ლიბიის პირდაპირი სამხედრო ინტერვენცია რეზოლუციით გათვალისწინებული არ არის. კერძოდ, უცხო ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს ლიბიაში სახმელეთო ჯარის გამოყენება არ შეეძლებათ.

რეზოლუციის პროექტი ლიბანის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და აშშ-ის მიერ იყო ინიცირებული და სამი დღე განიხილებოდა.

დოკუმენტის ტექსტის მიხედვით, ლიბიის სამხედრო ძალებს ქვეყნის ტერიტორიაზე ფრენები ეკრძალებათ, ფრენების აკრძალვა გაერო-ს წევრი სახელმწიფოების საზღვრებზე ყველა ტიპის საჰაერო საშუალებებს ეხებათ.

რეზოლუციის მიხედვით, გაერო ლიბიაში, როგორც სახელისუფლო, ისე ოპოზიციურ ძალების მხრიდან სამხედრო მოქმედებების დაუყონებლივ შეწყვეტას მოითხოვს. ამას გარდა, დოკუმენტით გათვალისწინებულია ლიბიის ხელისუფლების საბანკო და ნავთობის კომპანიების ანგარიშების გაყინვა. გაერო-ს უშიშროების საბჭოს 15 წევრი ქვეყნიდან რეზოლუციას 10-მა დაუჭირა მხარი. თავი შეიკავეს რუსეთმა, ჩინეთმა, გერმანიამ, ინდოეთმა და ბრაზილიამ.

აღსანიშნავია, რომ ლიბიის ლიდერის შვილმა, საიფ ალ-ისლამ კადაფიმ რამდენიმე დღის წინ გააკეთა განცხადება, რომ ლიბია საფრანგეთის პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის წინასაარჩევნო კამპანიას აფინანსებდა. ტელეკომპანია "ევრონიუსთან ” ინტერვიუში უმცროსმა კადაფიმ სარკოზის ამ ფულის დაბრუნებისკენ მოუწოდა.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა