აშშ-ის პრეზიდენტის, ბარაკ ობამას ადმინისტრაცია სერიოზულ სკანდალში გაეხვია. 17 აპრილს აშშ-ის "თეთრი სახლის" პრესმდივანმა ჯეი კარნიმ განაცხადა, რომ პრეზიდენტი ენდობა აშშ-ის "საიდუმლო სამსახურის" უფროს მარკ სალივანს და მას არ გაათავისუფლებს სამსახურიდან. მაინც რა გახდა სკანდალური განცხადების მიზეზი? ვიდრე უშუალოდ ფაქტებზე ვისაუბრებთ, ვფიქრობთ, ჩვენი მკითხველისთვის უინტერესო არ იქნება აშშ-ის ყველაზე ძველი სპეცსამსახურის შესახებ ინფორმაციის გაცნობა.
აბრაამ ლინკოლნის ისტორიული გადაწყვეტილება
1865 წლის 14 აპრილს აშშ-ის ფინანსთა მინისტრი ჰიუ მაკკალაფი პრეზიდენტ აბრაამ ლინკოლნს კაბინეტში ესტუმრა და ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი პრობლემა გააცნო. საქმე ეხებოდა ყალბი დოლარების მასობრივად ბეჭდვასა და გავრცელებას. ამ დანაშაულის წინააღმდეგ საბრძოლველად, ფინანსთა მინისტრის აზრით, უნდა შექმნილიყო სპეციალური სტრუქტურა. ლინკოლნმა ყურადღებით მოისმინა მინისტრის არგუმენტები და იმავე დღეს გასცა განკარგულება აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს შემადგენლობაში "საიდუმლო სამსახურის" შექმნის შესახებ, რომლის ძირითადი ფუნქციაც ყალბი ფულის ბეჭდვისა და გავრცელების ფაქტების აღკვეთა იყო.
თუმცა ეს დღე სხვა, გაცილებით მნიშვნელოვანი და საბედისწერო მოვლენის გამო შევიდა ისტორიაში. იმავე საღამოს პრეზიდენტი ლინკოლნი წავიდა თეატრში, სადაც ის რევოლვერიდან გასროლით სასიკვდილოდ დაჭრა მსახიობმა, "კონფედერატების" მომხრე 26 წლის ჯონ ბუტმა. ამ მომენტში კი ლინკოლნის ერთადერთი "მცველი", ვეტერანი მეომარი, მაიორი რასბოუნი სპექტაკლით იყო გართული. სამ ათეულ წელზე მეტი და კიდევ ერთი პრეზიდენტის მკვლელობა გახდა "საჭირო", რომ სახელმწიფოს პირველ პირთა დაცვის სამსახური შექმნილიყო.
1901 წელს მოკლეს აშშ-ის პრეზიდენტი მაკკინლი და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღო კონგრესმა გადაწყვეტილება, პრეზიდენტის დაცვის აუცილებლობის შესახებ, ეს ფუნქცია დააკისრა... ფინანსთა სამინისტროს "საიდუმლო სამსახურს". 2003 წლიდან კი აშშ-ის საიდუმლო სამსახური უკვე შინაგანი უშიშროების სამინისტროს შემადგენლობაშია (3000-მდე თანამშრომელი) და ორი ძირითადი ფუნქციის შესრულებას უზრუნველყოფს:
1. ქვეყნის უმაღლეს თანამდებობის პირთა (პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტი, ასევე ყოფილი პრეზიდენტები) და მათი ოჯახის წევრების, უცხოეთის ოფიციალური დელეგაციების, აშშ-ის ტერიტორიაზე განლაგებული სხვა ქვეყნების საელჩოების და საკონსულოების დაცვა;
2. ეროვნული საფინანსო სისტემის დაცვა (ყალბი ფულის, საკრედიტო ბარათების და ფასიანი ქაღალდების დაბეჭდვის და გავრცელების, ასევე "ფულის გათეთრების" წინააღმდეგ ბრძოლა).
თავის ტკივილი - პრეზიდენტის ვიზიტი
ქვეყნის პირველი პირების სიცოცხლე ყოველთვის და ყველგან საფრთხეშია. პრეზიდენტზე თუ პრემიერ-მინისტრზე თავდასხმა შეიძლება მოაწყონ პოლიტიკურმა მოწინააღმდეგეებმა და რელიგიურმა ფანატიკოსებმა, ნაციონალ-ორთოდოქსებმა, სხვა ქვეყნის სპეცსამსახურებმა, კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლებმა და ა.შ. სამწუხაროდ, მსოფლიოს უახლეს ისტორიას ზემოჩამოთვლილი ყველა თავდასხმა ახსოვს. უმრავლესობა ლეტალური შედეგით დასრულდა, რა იყო ამის მიზეზი - დაცვის სამსახურის შეცდომა თუ ბედისწერა? აშშ-ის პრეზიდენტის პოლიტიკური მოღვაწეობა რეგულარულ შეხვედრებს გულისხმობს - ქვეყნის შიგნით თუ გარეთ. ამიტომაც მისი უსაფრთხოების დაცვის მოსამზადებელი ღონისძიებები ვიზიტამდე კარგა ხნით ადრე იწყება.
რამდენიმე კვირით ადრე მუშაობის დაძაბულ რეჟიმზე გადადიან "საიდუმლო სამსახურის" ანალიტიკური დანაყოფის თანამშრომლები. ისინი შეისწავლიან მასპინძელ ქვეყანაში არსებულ სოციალურ-პოლიტიკურ, რელიგიურ, ეკოლოგიურ, კრიმინალურ და ა.შ. მდგომარეობას. ანალიტიკური ცნობები გადაეცემა კურატორს. ამის შემდეგ საქმეში ერთვებიან ოპერატიული თანამშრომლები, რომლებიც ჩადიან ამ ქვეყანაში და კოლეგებთან (მასპინძელი მხარის სახელმწიფო დაცვის სტრუქტურებთან) ერთად გეგმავენ გადაადგილების მარშრუტს, უსაფრთხოების ზომებს ხალხმრავალ ადგილებზე, ზედმიწევნით ყურადღებით ათვალიერებენ იმ სასტუმროს, სადაც პრეზიდენტი უნდა დაბინავდეს და ა.შ. მესამე ეტაპზე დაძაბული მუშაობა ელით ოპერატიულ-ტექნიკური დანაყოფის სპეციალისტებს. ისინი სპეციალური სკანერებით ამოწმებენ მოსასმენი აპარატურის, გამოსხივების წყაროების თუ ნაღმების არსებობა-არარსებობას სასტუმროს ოთახებში. ამონტაჟებენ სპეციალურ აპარატურას, რომელმაც უნდა ჩაახშოს უცხო რადიოსიხშირეები.
კარტახენა. 2012 წლის აპრილი
16 აპრილს კოლუმბიის ქალაქ კარტახენაში სამიტი გაიმართა, სადაც რამდენიმე ათეული ქვეყნის პირველი პირების დაცვის გაძლიერებული ზომები იქნა მიღებული. "საიდუმლო სამსახურის" ამერიკელი სპეცაგენტებიც, წესისამებრ, კარტახენაში ადრევე ჩავიდნენ, ინსტრუქციის მიხედვით, ოპერატიულ-ტექნიკური ღონისძიებების ჩატარებას და პრეზიდენტ ობამას ვიზიტის მომზადებას შეუდგნენ. თითქოსდა ყველაფერი ჩვეულებრივ მიდიოდა, მაგრამ 13 აპრილს ამერიკის მასმედია სერიოზულ სკანდალზე ალაპარაკდა. იმ დღეს აშშ-ის "საიდუმლო სამსახურის" და აშშ-ის თავდაცვის უწყების ოცამდე სპეცაგენტი და თანამშრომელი კოლუმბიიდან უკან დააბრუნეს. ამას გამოცდილი, სხვადასხვა ქვედანაყოფის ხელმძღვანელი სპეცაგენტების სამსახურიდან დათხოვნა მოჰყვა.
რა მოხდა Hotel Caribe-ში?
აშშ-ის სპეცსამსახურის აგენტებისთვის უჩვეულო არაფერი მომხდარა, თუმცა ამჯერად კოკა წყალზე გატყდა და ისინი სიძუნწემ და კიდევ რამდენიმე ფაქტორმა დაღუპა. აშშ-ის სპეცაგენტებმა და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა ჯერ ბარში მოილხინეს, შემდეგ კი გოგონებთან მოინდომეს გართობა. კარტახენაში, სადაც პროსტიტუცია ოფიციალურად დაშვებულია, არც გოგონების მოძებნაა რთული საქმე. ოცამდე გოგონა ბარშივე შეარჩიეს და სასტუმროს ნომრებში მიიპატიჟეს. ყველაფერი, ალბათ, "ჰეპი ენდით" დასრულდებოდა, რომ არა ერთი სპეცაგენტის სიძუნწე, რომელმაც მეორე დღეს დანაპირების შესრულება აღარ მოისურვა და კარტახენელ "ფეხმსუბუქ დიაცს", 24 წლის ვინმე დანია სუარესს 800 დოლარის ნაცვლად 30 დოლარი გადაუხადა. კლიენტისგან მოტყუებულმა სუარესმა და მისმა დაქალებმა სასტუმრო წივილ-კივილით შეძრეს, უცბად საიდანღაც კოლუმბიელი პოლიციელებიც გაჩნდნენ (?!). კუნთმაგარმა ამერიკელმა სპეცაგენტებმა დაიცვეს კოლეგა და აქ უკვე მკითხველმა საკუთარი ფანტაზიით წარმოიდგინოს, რა ორომტრიალი ატყდებოდა. ამ, ერთი შეხედვით, სასეირო ისტორიაში ყველაზე შემაშფოთებელი არის ის, რომ აშშ-ის "საიდუმლო სამსახურის" სპეცაგენტები შესაძლოა, რომელიმე ქვეყნის სპეცსამსახურის კარგად დაგეგმილ ხაფანგში გაებნენ.
სუსტი ადმინისტრაცია - სუსტი სპეცსამსახური
2000 წლიდან მოყოლებული აშშ-ის სპეცსამსახურებმა უამრავი შეცდომა დაუშვეს ობიექტური და სუბიექტური მიზეზების გამო, გადამწყვეტი კი მაინც ჯორჯ ბუში-უმცროსის ადმინისტრაციის საოცარი არაკომპეტენტურობა იყო. აშშ-ის შემდეგმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ, რომელსაც საგარეო-პოლიტიკური და შიდა ადმინისტრაციულ-მმართველობითი გამოცდილება არ ჰქონდა (ის "დიდ ავიაციაში", ანუ დიდ პოლიტიკაში, ფაქტობრივად, მხოლოდ 2004 წელს გამოჩნდა), ახალი საფრთხეების ფონზე ამ ქვეყნის სპეცსამსახურებისთვის უწინდელი დიდების დაბრუნება ვერ შეძლო. აშშ-ის დაზვერვამ (უმთავრესად კი, ცსს-მ და ეროვნული უშიშროების სააგენტომ) "ლათინური სოციალიზმის" ნელი მოქმედების "ნაღმების" ფორმირების პროცესი ვერ გათვალა და ვერც ხელი შეუშალა. შედეგად ცენტრალურ და ლათინურ ამერიკაში მიმდინარე სახიფათო პროცესებს აშშ-ის ადმინისტრაცია უკვე ვეღარ აკონტროლებს.
აშშ-ის არმია და სპეცსამსახურები ისე ღრმად ჩაეფლნენ ერაყისა და ავღანეთის ომებში, რომ იქვე, ახლოს, ლათინური ამერიკის "გაწითლება" გამოეპარათ. ეს სექსსკანდალი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ამერიკის სპეცსამსახურები ღრმა კრიზისში არიან. საბჭოთა იმპერიის დაშლის შემდეგ, ეტყობა, ეიფორიამ იმძლავრა და ამერიკელი "ჯეიმს ბონდები" მოდუნდნენ. სამწუხარო შედეგიც უკვე ჩანს - რუსეთის ნეოიმპერიალისტური მოქმედებების წინააღმდეგ "ბებერი ევროპა" უძლურია, აშშ-ის გამოუცდელმა პრეზიდენტმა კი ოთხი წელი იმის გარკვევას შეალია, თვალი დაეხუჭა რუსეთის მიერ საერთაშორისო ნორმების უხეშ დარღვევებზე და "ემეგობრა" რუსეთთან თუ მტკიცე პოლიტიკის გატარებით აღედგინა აშშ-ის დაკარგული ძლიერება.
ბესიკ ალადაშვილი
უშიშროების გადამდგარი პოლკოვნიკი, ექსპერტი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში
![]()
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)