აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი 60 წლის დევიდ პეტრეუსი თანამდებობიდან გადადგა. ამის მიზეზი ცოლ-ქმრული ღალატი გახდა.
"გუშინ პრეზიდენტისგან ჩემი გადადგომის თაობაზე თანხმობის მისაღებად, თეთრ სახლში ვიმყოფებოდი. 37-წლიანი ქორწინების ფონზე მეუღლის ღალატით მიუტევებელი სისუსტე გამოვიჩინე. მსგავსი ქცევა დაუშვებელია როგორც ქმრის, ასევე ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორისთვის", - წერს პეტრეუსი კოლეგების მისამართით გაგზავნილ წერილში.
პეტრეუსის ნაცვლად სადაზვერვო უწყების დროებით ხელმძღვანელად მაიკლ მორელი დაინიშნა.
"თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე დევიდ პეტრეუსის თხოვნა დავაკმაყოფილე. ბოლომდე ვენდობი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელ მაიკლ მორელის და სააგენტოს დანარჩენ თანამშრომლებს, რომლებიც ყოველდღიურად იცავენ ჩვენს უსაფრთხოებას", - ნათქვამია ბარაკ ობამას განცხადებაში.
ამჟამად აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიურო ცდილობს დაადგინოს, ჰქონდა თუ არა პეტრეუსის საყვარელს, ჟურნალისტ პოლა ბროდუელის წვდომა ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ექს-დირექტორის ელექტრონულ ფოსტაზე.
პეტრეუსის საყვარელი პოლა ბროდუელი გენერლის ოფიციალური ბიოგრაფია და აშშ-ის შეიარაღებულ ძალებში 40 წელზე მეტია მსახურობს. 2010-2011 წლებში პეტრეუსმა ბიოგრაფს ავღანეთში საკუთარ მოღვაწეობასთან დაკავშირებულ დოკუმენტებზე ექსკლუზიური წვდომის უფლება მისცა.
საკუთარ წიგნში "ყოვლისმომცველი: გენერალ პეტრეუსის განათლება" ბროდუელი დეტალურად აღწერს როგორ გაემგზავრა სამხედრო მოღვაწესთან ერთად ავღანეთში, სადაც კვირების განმავლობაში მის გვერდით იმყოფებოდა.
"ქაბულში ინტერვიუების ჩაწერისას დიდ დროს ვატარებდით ერთად. მისთვის ეს ომისგან განტვირთვის შესანიშნავი საშუალება იყო", - წერს წიგნის ავტორი.
თავად ჟურნალისტი დაოჯახებულია და ორი შვილი ჰყავს. აგორებულ სკანდალთან დაკავშირებით მას ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.
მომზადებულია Fox News-ის მიხედვით.
იხილეთ ვიდეო