ბრიტანელები მარგარეტ ტეტჩერის გარდაცვალებას ზეიმობენ

ბრიტანელები მარგარეტ ტეტჩერის გარდაცვალებას ზეიმობენ

მარგარეტ ტეტჩერის გარდაცვალება ბრიტანეთის სხვადასხვა რეგიონებში პრემიერ-მინისტრის პოლიტიკით უკმაყოფილო ადამიანებმა საპროტესტო აქციებით აღნიშნეს, რასაც არეულობა მოჰყვა.

ბრისტოლში დაახლოებით 200 ადამიანი ბარონესას გარდაცვალებას ზეიმობდა. მომიტინგეებმა სამართალდამცველებს სასმელის ბოთლები და თუნუქის ქილები ესროლეს. ერთი პოლიციელი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ერთ-ერთი დემონსტრანტი კი არეულობაში მონაწილეობისთვის დააპატიმრეს. დაზიანდა პოლიციელების ავტომობილებიც.

სამხრეთ ლონდონში, ბრიკსტონის რაიონში დაახლოებით 100 ადამიანი შეიკრიბა, რომელთაც ტეტჩერის გარდაცვალების გამო სიხარული გამოხატეს. მომიტინგეებმა მაღაზიების მინები დაამსხვრიეს.

ბრიკსტონში სახლების კედლებზე ტეტჩერის საწინააღმდეგო წარწერები გააკეთეს. აქციის მონაწილეები კინოთეატრ Ritzy-ს სახურავზეც აძვრნენ და აფიშაზე დაწერეს: "მარგარეტ ტეტჩერი გარდაიცვალა - LOL".

ზოგიერთი დემონსტრანტი პლაკატებს წარწერით: "გიხაროდეთ, ტეტჩერი მკვდარია"- ატარებდა. აქციის მონაწილეები შამპანურს სვამდნენ და ყვიროდნენ: "მეგი, მეგი, მეგი, მკვდარია, მკვდარია, მკვდარია". ბრბოდან ვიღაცამ კვამლიანი ყუმბარა ისროლა. პოლიცია იძულებული გახდა წესრიგის დასამყარებლად დამატებითი ძალები გამოეძახა. ადგილობრივმა მთავრობამ ზეიმი უკვე შეაფასა, როგორც "სამარცხვინო".

300-კაციანი ბრბო გლაზგოში, ერთ-ერთ ცენტრალურ მოედანზეც შეიკრიბა. იქაც ტეტჩერის გარდაცვალებასთან დაკავშირებით შამპანურს სვამდნენ და საჰაერო ბურთებს უშვებდნენ. მიტინგში კომუნისტური და სოციალისტური პარტიის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბარონესა მარგარეტ ჰილდა ტეტჩერი 87 წლის ასაკში, ინსულტის შედეგად გარდაიცვალა.

მარგარეტ ტეტჩერი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი 1979-1990 წლებში იყო. მისი პრემიერობა ყველაზე ხანგრძლივი იყო მე-20 საუკუნეში. გადადგომის შემდეგ მან დაწერა წიგნი - "სახელმწიფოს მართვის ხელოვნება".

1992 წელს ივნისში მას ბარონესას ტიტული მიანიჭეს.

მომზადებულია The Telegraph-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა