რას აკეთებენ მდიდარი რუსების შვილები

რას აკეთებენ მდიდარი რუსების შვილები

რუსი მილიარდერები ცდილობენ, თავიანთი შვილების მომავლის შესახებ ბევრი არ ილაპარაკონ. თუმცა გულმოდგინედ დამალული ინფორმაცია მაინც ხდება საზოგადოებისთვის ცნობილი.

მაგალითად, რომან აბრამოვიჩის 19 წლის ვაჟმა არკადიმ ცოტა ხნის წინ თავისი პირველი მსხვილი გარიგება გააფორმა - წილი იყიდა ციმბირის ნავთობსაბადოში 46 მლნ დოლარად. 2010 წელს მამის გზით წასული არკადი ცდილობდა დანიური საფეხბურთო კლუბ "კოპენჰაგენის" ყიდვას, თუმცა ეს გარიგება ჩაეშალა. ინგლისში ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, მომავალში მან მამის კლუბი, ინგლისური "ჩელსი" ჩაიბაროს სამართავად.

მილიარდერ დიმიტრი რიბოლოვლევის 23 წლის ქალიშვილი ეკატერინა ცნობილია თავისი ძვირფასი შენაძენებით. მაგალითად, შარშან 88 მლნ დოლარად იყიდა ნიუ-იორკის ყველაზე ძვირად ღირებული ბინა, რომელშიც ამერიკაში სწავლის პერიოდში იცხოვრებს.

რძის მაგნატის, სერგეი პლასტინინის 20 წლის ქალიშვილი კირა დალასის უნივერსიტეტში სწავლობს და თან მოდელიერის კარიერას აწყობს. გარდა ამისა, მოსკოვში მას მოდის მაღაზიების ქსელი ეკუთვნის. ამბობენ, რომ კირა პლასტინინას ტანსაცმლის კოლექციის გასაპიარებლად პერის ჰილტონის ჩამოყვანა ხუთი წლის წინ მამამისს 2 მლნ დოლარი დაუჯდა.

თუმცა ყველა ოლიგარქი არ უნაწილებს ქონებას შვილებს. მაგალითად, "ინტერროისის" მფლობელის, ვლადიმირ პოტანინის ქალიშვილმა ანასტასიამ ჯერ კიდევ 2010 წელს გამოაცხადა, რომ სავსებით ეთანხმება მამის გადაწყვეტილებას, მთელი ფული ქველმოქმედებას მოახმაროს. ანასტასიას ბიზნესი ნაკლებად აინტერესებს. ის აკვაბაიკში მსოფლიოს სამგზის ჩემპიონია.

ამ წლის დასაწყისში კომპანია "ლუკოილის" პრეზიდენტმა ვაგიპ ალეკპეროვმა განაცხადა, რომ როდესაც მისი ვაჟი იუსუფ ალეკპეროვი, რომელიც ახლა ციმბირში მენავთობედ მუშაობს, მამის კომპანიას მიიღებს მემკვიდრეობით, ამას რამდენიმე აუცილებლად შესასრულებელი პირობაც ექნება. "ჩემს ვაჟს არ ექნება უფლება, კომპანია გაყოს ან გაყიდოს. ასე რომ, თავად უნდა აირჩიოს თავისი მომავალი. თუ დაიცავს პირობებს, ჩემი მემკვიდრე იქნება", - დაასკვნა ალეკპეროვმა.

The Guardian

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა