4 აგვისტოს ამერიკის პრეზიდენტ ბარაკ ობამას 52 წელი შეუსრულდა. როგორც კი ამერიკის პირველი აფროამერიკელი პრეზიდენტი გახდა, ქვეყნის სოციალურ მოწყობაში ნამდვილი რევოლუცია მოახდინა. მისი კარიერის ასეთი სწრაფი აღმავლობა წარმოუდგენელი იქნებოდა, მის გვერდით რომ არ ყოფილიყვნენ მშვენიერი სქესის წარმომადგენლები, რომლებიც ამ ხნის განმავლობაში არ შორდებიან და უყვართ იგი. გაიცანით ბარაკ ობამას მთავარი ქალები, რომლებმაც ბევრი გააკეთეს მისი ცხოვრების წინსვლისა და გალამაზებისთვის.
მიშელ ობამა, ცოლი
2012 წლის 3 ოქტომბერს ბარაკმა და მიშელმა ქორწინების 20 წლისთავი აღნიშნეს. ამასთან დაკავშირებით პრეზიდენტმა "ტვიტერის" თავის გვერდზე დაწერა: "ოცი წლის წინ, ამ დღეს ცოლად მოვიყვანე ჩემი ცხოვრების მთავარი სიყვარული და მეგობარი. გილოცავ, მიშელ! ბ.ო.".
მიშელი პრეზიდენტის არა მარტო მეუღლე, არამედ გულითადი მეგობარი და თანამებრძოლია. ძლიერი, განათლებული, ამასთან ლამაზი და მეოჯახე ქალის სახემ, როგორიც პრეზიდენტის თანამგზავრი მიშელ ობამაა, ბარაკს წინასაარჩევნო კამპანიაში დამატებით მრავალი ქულა მოუტანა.
"გინდათ იცოდეთ, პრეზიდენტი ობამა როგორ ემზადებოდა წინასაარჩევნო დებატებისთვის? - ჰკითხა ერთხელ მიშელმა აუდიტორიას ერთ-ერთ ტელეშოუში მონაწილეობისას. - იგი მე მებრძოდა!" ამერიკულ ტელეარხ აბც-სთან ინტერვიუში მიშელმა თქვა: "ქორწილის შემდეგ მეუღლე ოქროს კოშკებს არ დამპირებია, სამაგიეროდ, სიტყვა მომცა, რომ საინტერესო ცხოვრებით უზრუნველმყოფდა. მან დანაპირები შეასრულა".
მიშელი ჯანმრთელი ცხოვრების წესს მისდევს. მაგალითად, პრეზიდენტის რეზიდენციის ბაღში ბოსტანი გააშენა, სადაც ეკოლოგიურად სუფთა ბოსტნეული მოჰყავს. იგი ბევრჯერ დაასახელეს მოდურ ქალბატონად, ერთგულ მეუღლედ და მზრუნველ დედად. 2010 წელს ჟურნალმა "ფორბსმა" მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ქალების სიაში პირველი ადგილი მიაკუთვნა.
მალია ენი, ქალიშვილი
მალია ენი 1998 წლის 4 ივლისს დაიბადა, იგი ობამების ოჯახში პირველი ქალიშვილია. გოგონა 10 წლის იყო, როდესაც მამამისი პრეზიდენტი გახდა. პატარას სახელი ენი პრეზიდენტის დედის პატივსაცემად დაარქვეს, რომელიც ახალგაზრდა გარდაიცვალა. როდესაც ბარაკს ენი სამშობიაროდან გამოჰყავდა, მანქანა გააჩერა და დაიფიცა, რომ მსოფლიოში საუკეთესო მამა იქნებოდა.
მოკრძალებულ გოგონას არ უყვარს ხალხმრავლობა. მიუხედავად ამისა, მალია აქტიურად მონაწილეობს მამის ცხოვრებაში, რეგულარულად თან ახლავს საზღვარგარეთ მივლინებისას. ოჯახის სხვა წევრებთან ერთად მონაწილეობს ოფიციალურ შეხვედრებში. მაგალითად, მალია მონაწილეობდა მამის ორივე ინაუგურაციაში, რომლებიც 2009 და 2013 წლებში გაიმართა. ამას წინათ, სკოლის მოსწავლე ოჯახთან ერთად დასავლეთ აფრიკას ეწვია.
მამის მოთხოვნით, გოგონა ბავშვობიდან დადის თეატრალურსა და ცეკვის წრეებზე, თამაშობს ფეხბურთს, ჩოგბურთს, უკრავს ფორტეპიანოზე.
მალიას საყვარელი მომღერლები არიან ბიონსე და ჯასტინ ბიბერი.
ნატაშა ("საშა"), უმცროსი ქალიშვილი
ნატაშა 2001 წელს დაიბადა, როდესაც მისი მამა ილინოისის შტატის სენატორი იყო. იმ პერიოდში ობამას ოჯახი კრიზისს განიცდიდა - ცოლ-ქმარს შორის ბევრი პრეტენზია და გულისწყრომა დაგროვდა. მაგრამ ზოგი ჭირი მარგებელიაო: სამი თვის საშა მენინგიტის დიაგნოზით საავადმყოფოში მოხვდა. გოგონა სიკვდილის პირას იყო. ბარაკმა და მიშელმა მაშინვე დაივიწყეს უთანხმოების შესახებ - უბედურებამ ოჯახი გადაარჩინა. საშა დასთან ერთად ყოველთვის თან ახლავს მშობლებს მოგზაურობისას. როგორც აღმოჩნდა, გოგონას ნატაშა პუშკინის მეუღლის პატივსაცემად დაარქვეს. თავად პოეტის სიყვარულით შინ საშას ეძახიან.
იხილეთ სტატიის სრული ვერსია