მოსკოვში მიმდინარე "მშვიდობის მარშზე" ათობით ათასი ადამიანია შეკრებილი. როგორც რუსული მედია წერს, აქციის მონაწილეები უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის მხრიდან საომარი ოპერაციის წინააღმდეგ გამოდიან. თავდაპირველად აქცია ამ დევიზით დაიგეგმა, თუმცა მოგვიანებით, დემონსტრანტებმა ასევე გააპროტესტეს რუსეთის ხელისუფლების მიერ რამდენიმე პოპულარული ინტერნეტსაიტის აკრძალვა და ინტერნეტ-გამოცემა "ლენტა. რუ"-ს ხელმძღვანელობის დათხოვნა.
აქციის მონაწილეებს ხელში უჭირავთ უკრაინის და რუსეთის დროშები. მომიტინგეები სკანდირებენ: "უკრაინა. ჩვენ შენთან ვართ!"; "არა ომს"! და ა.შ.
თავად აქციის მონაწილეები აცხადებს, რომ აქციაზე 20 000-ზე მეტი ადამიანი იმყოფება. რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში კი ირწმუნებიან, რომ დემონსტრანტების რაოდენობა 3 ათასია.
აქციის მონაწილეების ინფორმაციით, მილიციამ ერთ-ერთი მომიტინგე, ილია ბულატოვი დააკავა. როგორც მისმა მეგობრებმა განაცახდეს, აქტივისტი იმ მიზეზით დააკავეს, თითქოს მის ტანსაცმელზე "ნაცისტური სიმბოლიკა" იყო გამოსახული, რაც მათი თქმით, სინამდვილეს არ შეესაბამება.
ამასთან, მოსკოვის მილიციაში აცხადებენ, რომ რამდენიმე ადამიანი დააკავეს, რომლებსაც ნაცისტური სიმბოლიკებით დროშები ჰქონდათ.
აღსანიშნავია, რომ ამ აქციის პარალელურად, მოსკოვის ცენტრში "ყირიმის მხარდამჭერი და ფაშიზმის საწინააღმდეგო" აქციაც მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, ამ აქციაზე 15 ათასამდე ადამიანია შეკრებილი.