რა გეგმები აქვს ღარიბაშვილს ანაკლიასთან დაკავშირებით

რა გეგმები აქვს ღარიბაშვილს ანაკლიასთან დაკავშირებით

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ  დავით ნარმანიასთან ანაკლიის ნაპირსამაგრი სამუშაოები დაათვალიერა. პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილმა ანაკლიის ზღვისპირა ზოლის ათვისების მიმართულებით ხელისუფლების ხედვაზე ისაუბრა.

"მე დავიწყე რეგიონებში ვიზიტი. დღეს ვეწვიე სამეგრელოს, ზაფხულამდე ვაპირებ ყველა რეგიონში ჩასვლას, რათა ადგილზე გავეცნო იმ პრობლემებს, რომლებიც წლების მანძილზე დაგროვდა", - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, უპირველეს ყოვლისა, თანმიმდევრულად უნდა შესრულდეს ნაპირსამაგრი სამუშაოები, შემდეგ კი დაიგეგმოს და მოეწყოს ინფრასტრუქტურა.

"განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ზღვისპირა ზოლის ათვისება და განვითარება აფხაზეთთან ახლოს ხდება. ამ ადგილების განაშენიანება, საერთაშორისო სტანდარტებით მოწყობილი ინფრასტუქტურა და ზოგადად პროგრესი, არ შეიძლება, საინტერესო არ იყოს ჩვენი აფხაზი ძმებისთვის", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ასევე იმედოვნებს, რომ ანაკლია მსხვილ საპორტო პუნქტად იქცევა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, მთავრობის დავალებით, ამ მიმართულებით, საერთაშორისო კვალიფიკაციის მქონე საინჟინრო-საკონსულტაციო იაპონური კომპანიები დეტალურ კვლევას ატარებენ.

პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, უკვე არსებობს ახალი პორტის რამდენიმე პროექტი, რომელთა დაფინანსებისთვის საჭირო სახსრების მოსაზიდად "საპარტნიორო ფონდი" მუშაობს.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, წინასწარი შეფასებით, ანაკლიის პორტში უნდა განვითარდეს ლოჯისტიკური და ინდუსტრიული ზონები; უნდა აშენდეს საერთაშორისო აეროპორტი; უნდა გაკეთდეს თხევადი გაზის ტერმინალი.

პრემიერმა ხაზი გაუსვა ნაპირსამაგრი სამუშაოების მნიშვნელობას და განმარტა, რომ შედეგად ანაკლიაში ერთხელ და სამუდამოდ მოგვარდება წყალდიდობის პრობლემა; ასევე, ფოთი-ანაკლიის წყალმომარაგების დიდი პროექტის ფარგლებში გადაწყდება სასმელი წყლის მიწოდების საკითხიც.

"სამეგრელოში მასშტაბური პორტის არსებობა ნიშნავს ადგილობრივი მოსახლეობისთვის სამუშაო ადგილების გაჩენას. პროექტი დიდ სარგებელს მოუტანს მთელ ქვეყანას და მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაში", - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა