გიგი უგულავა პროექტ "პანორამა თბილისს" აკრიტიკებს

გიგი უგულავა პროექტ "პანორამა თბილისს" აკრიტიკებს

თბილისის უფლებამოსილებაშეჩერებული მერი გიგი უგულავა თანაინვესტირების ფონდის მიერ ინიცირებულ პროექტ "პანორამა თბილისს" აკრიტიკებს.

უგულავას განცხადებით, პროექტს არ აქვს არც ერთი პოზიტიური მხარე - არც ისტორიული, არც არქიტექტურული, არც სოციალ-ეკონომიკური და არც საზოგადოებრივი თვალსაზრისით. ამასთან დაკავშირებით გიგი უგულავას განცხადებას Ambebi.ge უცვლელად გთავაზობთ.

"მინდა, საზოგადოებას ჩემი კერძო მოსაზრება გავუზიარო ბიძინა ივანიშვილისა და თანაინვესტირების ფონდის მიერ ინიცირებულ პროექტთან - "პანორამა თბილისი" - დაკავშირებით. საჯაროდ პოზიციის გამოხატვის აუცილებლობას ვგრძნობ, როგორც თბილისელი, როგორც თბილისის მერი (2005-2013) და როგორც ადამიანი, რომელსაც გარკვეული გამოცდილება აქვს ამ სფეროში.

პირველ რიგში, მივესალმები ბიძინა ივანიშვილის საქართველოს ეკონომიკაში ინვესტირების დაგვიანებულ მცდელობას. ხალხი სწორედ ამას ითხოვს მისგან. სხვა საკითხია, რა სფეროში, რა დანიშნულებით და საზოგადოებისთვის რა სარგებლით. შევეცდები, პუნქტობრივად ჩამოვაყალიბო, თუ რატომ არის პროექტი "პანორამა თბილისი" ყოველმხრივ მიუღებელი.

მას არ აქვს არცერთი პოზიტიური მხარე. არც ისტორიული, არც არქიტექტორული, არც სოციალ-ეკონომიკური და არც საზოგადოებრივი თვალსაზრისით. ეს არ ჯდება არც თამამ ურბანულ გადაწყვეტათა რიგში, რომლის მომხრეც ვარ.

• ერეკლეს მოედანზე წარმოდგენილი პროექტი: 1. შენდება ისტორიული ძეგლის ნაცვლად, რომელიც უკვე გამაგრებულია და დღევანდელი მდგომარეობით უკვე კონსტრუქციულად მდგრადია. 2. ვიზუალურად უვარგისია, ამოვარდნილია არსებული განაშენიანების მასშტაბიდან. 3. ჩანაცვლება არც მსოფლიოში აღიარებული რომელიმე თანამედროვე არქიტექტორის ნამუშევრით ხდება (თავისთავად, მსოფლიოში აღიარებული არქიტექტორის ნამუშევარი, როგორც წესი, დროით პერსპექტივაში ისტორიულ მნიშვნელობას იძენს ქალაქისთვის და, ამდენად, პოზიტიურია). თუმცა ამ მასშტაბის ძეგლის დანგრევა არც ამ არგუმენტით იქნებოდა მისაღები. ამ მშენებლობით, პრაქტიკულად, ნადგურდება მთავარი ტურისტული არტერია, სადაც ერეკლეს მოედანი საკვანძო ადგილს წარმოადგენს.

• თავისუფლების მოედანზე მდებარე ყოფილი ცეკავშირის შენობა არ წარმოადგენს ისტორიულ შენობას, თუმცა მის ნაცვლად უმჯობესია ე.წ. ფონური არქიტექტურის გამოყენება. შენობა, როგორც რენდერიდან ჩანს, უხეშად გამოდის წინ და იკავებს არსებულ სამანქანო სადგომს, შესაბამისად, იქცევა დომინანტად და მთლიანად ცვლის არსებულ იერსახეს. წინ გამოწევის ნაცვლად, სასურველია რამდენიმე შეწეული სართულით აწევა (ბიზნესინტერესის გათვალისწინების გამო), რაც გარშემო არქიტექტურის გათვალისწინებით, ასატანია.

• სოლოლაკის ქედის ხელოვნური, ტერასული განაშენიანება (ეს ადგილი ისედაც უკვე ოკუპირებულია ივანიშვილის საცხოვრებელი სასახლით). ეს გადაწყვეტილება საერთოდ გაუგებარი და მავნებლურია - იმდენად, რამდენადაც პრაქტიკულად, სოლოლაკის ქედის მოჭრას გულისხმობს. ასეთი ტიპის ჩარევები არსებულ ლანდშაფტურ-რეკრეაციულ ზონაში დაუშვებელია. ასეთი ჩარევა მთლიანად არღვევს უკვე არსებულ, ჩამოყალიბებულ ლანდშაფტს და თბილისის ამ საკვანძო მნიშვნელობის არეალს უკარგავს ავთენტურობას. მეტიც, თავის დროზე კონფლიქტი ბიძინა ივანიშვილსა და თამარა ტიფანის შორის (იქ არსებული ტერიტორიის ყოფილი დეველოპერი) სწორედ ამ ტერიტორიის გამოყენების რეგულირების საკითხზე მოხდა. ბიძინა ივანიშვილმა ეს ტერიტორიები საბოლოოდ შეიძინა როგორც ლანდშაფტურ- რეკრეაციული ფუნქციის მქონე და მან კარგად უწყის, რომ იქ მშენებლობის უფლება კანონით არ აქვს. მერია ან სხვა რომელიმე უწყება მოკლებულია კანონიერ უფლებას - გასცეს მშენებლობის ნებართვა ამ ტერიტორიაზე.

• თავისთავად საბაგიროს წინააღმდეგი, რა თქმა უნდა, არ ვარ. მათ შორის, ისტორიულ უბნებში. პირიქით, ეს აუცილებლად მიმაჩნია, რადგან ამით შევამცირებთ საზოგადოებრივი თუ კერძო ტრანსპორტის მოძრაობას ისტორიულ არეალში, რაც მისი დაზიანების ერთ-ერთ მიზეზია. თუმცა მარშრუტზე - ერეკლეს მოედანი-თავისუფლება-სოლოლაკის ქედი, ბიზნესცენტრების და სასტუმროს დამაკავშირებელი საბაგირო გზები სრულიად უფუნქციოა. რა მასშტაბისაც არ უნდა იყოს ხსენებული ბიზნესცენტრები, მათი თანამშრომლები და ვიზიტორები ვერ იქნებიან იმ ოდენობის, რომ საბაგირო გადაზიდვას საჭიროებდეს. შიდა საქალაქო და ტურისტული სატრანსპორტო დანიშნულება მას ვერ ექნება, რადგან ის არატურისტულ წერტილებს აერთიანებს. (დამეთანხმებით, ალბათ, სასაცილო და წამოუდგენელია, აეროპორტიდან ჩამოსული, ბარგით დატვირთული სტუმარი ტაქსით ჩამოდის ერეკლეს მოედანზე და დასაბინავებლად საბაგიროთი მიემართება სოლოლაკის ქედზე განთავსებული სასტუმროსაკენ). ხოლო ჩვეულებრივი მოქალაქისთვის (თუ ასეთი იქ მიუშვეს), ის ვერ იქნება ქალაქში ხელსაყრელი გადაადგილების საშუალება, რადგან სრულიად მოუხერხებელ დისლოკაციის ადგილებს სთავაზობს მომხმარებელს. ცალკე აღებული, სასტუმროც არ წარმოადგენს ისეთ მიმზიდველ იდეას, რომ იქ ტურისტს ასვლა მოუნდეს. დამეთანხმებით, მხოლოდ თბილისის ხედით ტკბობისთვის გაცილებით მიმზიდველი და იაფი ადგილებია იმავე მთაზე. ამდენად, გაცილებით გონივრული იქნებოდა რიყე-ნარიყალას (ცნობისთვის, რიყისა და ერეკლეს მოედნის სავარაუდო საბაგიროს ქვედა სადგურები 2 წუთის სავალზეა ერთმანეთისგან. ის ზაფხულის სეზონზე ყოველდღიურად 8-9 ათას მგზავრს ემსახურება) უკვე არსებული საბაგირო ნარიყალას გაყოლებაზე ქართლის დედისკენ გაგრძელდეს ქვედა სადგურით და ბოტანიკური ბაღი მთაწმინდის პარკს დაუკავშირდეს. ამით ადამიანს შეეძლება რიყიდან ნარიყალაზე ასვლა, ფეხით ნარიყალასა და სოლოლაკის ქედის გავლა ქართლის დედამდე და შემდეგ მთაწმინდის პარკში საბაგიროთი ასვლა. ბუნებრივია, რიყის და მთაწმინდის პარკების ამგვარი დაკავშირება ქალაქის ტურისტულ მიმზიდველობას ზრდის და ასევე განმუხტავს სოლოლაკს მთაწმინდის პარკისკენ მიმავალი მანქანების ნაკადისგან (რიყის პარკში უკვე ფუნქციონირებს 350 მანქანაზე გათვლილი მიწისქვეშა სადგომი). ერთი სიტყვით, "თანაინვესტირების ფონდის" მიერ წარმოდგენილი საჰაერო საბაგირო დაკავშირების სქემა საზოგადოებისა და თვითონ ბიზნესცენტრისთვის სრულიად უფუნქციოა. "პანორამა თბილისის" მსგავს პროექტებს არქიტექტურაში "დუბაინგს" უწოდებენ, რაც ბევრ ფულს და, შესაბამისად, ბევრ უაზრო გადაწყვეტას/დანახარჯს გულისხმობს.

• ჩემი აზრით, უმჯობესი იქნებოდა, ბიძინა ივანიშვილს ეს პროექტი მფლობელობაში არსებულ სხვა ტერიტორიაზე განეხორციელებინა. ივანიშვილი ფლობს ტერიტორიას გმირთა მოედანი-ლაგუნა ვერეს ჩათვლით. დიდი ბიზნესცენტრი (საცურაო აუზით) აშკარად მოუხდებოდა ქალაქის ამ ნაწილს და, რაც მთავარია, შეასუსტებდა არქიტექტურულად აგრესიულ სატივეს. ინვესტიციების ამგვარი გამოყენება გაცილებით ეფექტური და სარგებლის მომტანი იქნებოდა თქვენთვისაც, ბატონო ბიძინა, და თბილისისთვისაც.

• "თანაინვესტირების ფონდი" აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილისა და სხვა კერძო მფლობელებისაგან მიწისა და შენობების შესყიდვას გეგმავს. "თანაინვესტირების ფონდი" ისედაც ბიძინა ივანიშვილის კერძო საკუთრებაა. ამიტომ ხსენებული ტრანზაქცია ბადებს ეჭვს, ხომ არ გამოიყენება სახელმწიფო რესურსები/გარანტია და ასე შემდეგ, ამ კერძო მფლობელობაში მყოფი, კერძო დანიშნულების პროექტისთვის. ამაზე საზოგადოებას მეტი სიცხადე სჭირდება.

• ბიძინა ივანიშვილის განცხადების გათვალისწინებით, რომ საქართველო მისი მასშტაბის ბიზნესმენისთვის ინვესტირებისთვის უაზროდ პატარაა, მიმაჩნია, რომ ეს პროექტი არის მისი სურვილი, არქიტექტორული კვალი დატოვოს და ამით გადაფაროს მეტოქის, ყოფილი პრეზიდენტის, კვალი. ცხადია, ამ სრულიად გაუგებარ შეჯიბრის ფსიქოლოგიურ კომპლექსს არ უნდა შეეწიროს ძველი თბილისი.

და ბოლოს, მინდა ყველა შეშფოთებული ადამიანის გულის გასახარად (ჩემი ფონდ ქართუსთან მრავალწლიანი მუშაობის გამოცდილებით) გახაროთ, რომ მათი მუშაობის მოუქნელი სტილის გათვალისწინებით, ამ პროექტს განხორციელება არ უწერია. ცხადია, ამისთვის შესაბამისი საზოგადოებრივი პროტესტი მაინც აუცილებელია.

P.შ. ცხადია, მზად ვარ ყველანაირი საგნობრივი დისკუსიისთვის. მათ შორის, მშვიდობის ხიდის, რიყის თეატრის და სხვა იმ სარეაბილიტაციო პროექტების გარშემო, რომლებიც ჩემი მერობის პერიოდში განხორციელდა თბილისში. ოღონდ, არა იმ ხალხთან, რომელთა არგუმენტი " 9 წელიწადს" არ სცდება",-ნათქვამია განცხადებაში.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა