რა წერია თბილისური "მაიდანის" მოწყობის ინსტრუქციაში?

რა წერია თბილისური "მაიდანის" მოწყობის ინსტრუქციაში?

"ალია" უკვე არაერთხელ წერდა იმის შესახებ, რაც შინაგან საქმეთა მინისტრმა, ალექსანდრე ჭიკაიძემ საკუთარი ინიციატივით განაცხადა - ის უახლოეს ხანში "ნაციონალების" მხრიდან მოსალოდნელი არეულობისა და მეორე "მაიდანის" მოწყობაზე ალაპარაკდა:

"ყოფილმა პრეზიდენტმაც გააჟღერა "ევრომაიდანის" იდეა და ამბობენ, რომ ეს თემა პარტიის შიგნითაც აქტიურად განიხილება. არის ინფორმაციები, რომ დაიწყეს საბურავების ყიდვაც. მათ სურთ რაღაც ზონდერჯგუფების ჩამოყალიბება. შესაძლოა, მოახდინონ წარსულში კრიმინალთან და მრავალ დანაშაულთან ასოცირებული პირების მობილიზება. არის ჯგუფები, რომლებიც შეეცდებიან, ქვეყანაში აურზაური გამოიწვიონ და ეს კეთდება იმისთვის, რომ საკუთარი პოლიტიკური ინტერესები გაამყარონ. მე მგონი, ამას თვითონ საზოგადოება არ დაუშვებს, რადგან დღეს ქვეყანა დგას სწორ გზაზე... მეტსაც გეტყვით, მათ ჩამოიყვანეს უკრაინიდან "ევრომაიდანის" აქტივისტები, ატარებენ ტრენინგებსა და მოსამზადებელ სამუშაოებს. ეს ინფორმაცია მედიაშიც მუსირებს. მათ საფარქვეშ ჰყავთ რამდენიმე არასამთათრობო ორგანიზაცია, რომლებიც აქტიურად მუშაობენ იმაზე, როგორ გამოიყვანონ ხალხი ქუჩაში, მოხდეს არეულობა, შემდეგ ისევ მათმა ხალხმა ესროლოს ვინმეს და ეს დაჰბრალდეს ხელისუფლებას. იგეგმება, რომ გაშალონ კარვები, სადაც 300-400 კაცის მობილიზებას მოახდენენ".

ვიმეორებ: ეს არის ბრალდებების მთელი კასკადი რაზეც "ალიას" არაერთ ნომერში იწერებოდა და სხვათა შორის, მოწოდებული ინფორმაციის უმეტესი ნაწილი ეკუთვნის სახელმწიფო მინისტრის ყოფილ მოადგილეს, ლალი მოროშკინას:

"მე მოხარული ვარ, რომ რაც "ალიასა" და "ქრონიკაში" იწერებოდა, ყურად იღეს. ახლა ვთქვათ იმაზე, რა უნდა გააკეთოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სასწრაფო წესით: პირველი - უნდა ამოიღონ იმ კრიმინალებისა და მკვლელების სია, რომლებიც მიხეილ სააკაშვილმა შეიწყალა პრეზიდენტობის ბოლო პერიოდში. სწორედ ეს ადამიანები ელოდებიან სააკაშვილის "დაბროს", რათა დაიწყონ არეულობა ქვეყანაში; მეორე - უნდა გადამოწმდნენ ის არასამთავრობოები, რომლებიც, კაცმა არ იცის, სიადან ფინანსდებიან. ესენი წარმოადგენენ რისკჯგუფებს, რომლებიც ასრულებენ "ნაცმოძრაობის" დაკვეთებს; მესამე - უნდა განეიტრალდეს ის ტელეგადაცემები, რომელთა საშუალებითაც "ნაციონალები" ეწევიან ანტისახელმწიფოებრივ პროპაგანდას; მეოთხე - უშიშროების სამსახური უნდა დაინტერესდეს ახალგაზრდული ჯგუფების, ანუ "ჰიტლერ-იუგენდების" ჩამოყალიბების პროცესით. იგივე უშიშროებისთვის უკვე ცნობილია მათი შეკრების ადგილები. ეს ჯგუფები ძალიან სერიოზულად ფინანსდებიან და გვარ-სახელებიც კი არის გაშიფრული; მეხუთე - სასწრაფოდ უნდა გადაწყდეს იმ ყოფილ პოლიტპატიმართა პრობლემა, რომლებიც სხედან ქუჩაში და მართავენ საპროტესტო აქციას; მეექვსე - მაქვს ინფორმაცია, რომ მზადდება დესტაბილიზაცია ციხეებში, ამ დღეებში მე-6 დაწესებულებიდან პატიმრები კანონდარღვევით გადაიყვანეს მე-8 დაწესებულებაში, ანუ გლდანის საპყრობილეში. ციხეებში მიშას "ზონდერები" ელოდებიან "ნაციონალების" თითის დაქნევას".

ლალი მოროშკინა ერთ-ერთ თავის ინტერვიუში აცხადებს, გაანეიტარლოს ღარიბაშვილმა ათი კაცი გარემოცვიდან, რომლებიც სააკაშვილს "ემესიჯებიან" და სააკაშვილი დამთავრდებაო. მაინც ვინ არის ის ათი კაცი, რომლის განეიტრალებასაც სახელმწიფო მინისტრის ყოფილი მოადგილე და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილი მრჩეველი ითხოვს? ის ამ ადამიანებზე ხმამაღლა არ ლაპარაკობს. გარკვეულ წრეებში ფიქრობენ, რომ ძალიან მკაცრადაა გასაწმენდი სოზარ სუბარის უწყება. აქვე არსებობს სია, სადაც დაფიქსირებულია, ვის ხელშია დღეს სასჯელაღსრულების სისტემა:

სიმონ მაჩაიძე - სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე. სააკაშვილის დროს იყო ისანი-სამგორის პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილე.

უჩა მაღლაფერიძე - სააკაშვილის "ზონდერი", მუშაობდა საპატრულო პოლიციის მონიტორინგის სამმართველოში. მონაწილეობდა 2007 წლის 7 ნოემბრის დარბევაში.

ჯაბა მაღლაფერიძე - უჩა მაღლაფერიძის ძმა, სააკაშვილის რეჟიმის დროს მუშაობდა გლდანი-ნაძალადევის პოლიციის უფროსად. ის გოგა ონიანის უშუალო უფროსი გახლდათ. ამჟამად სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უსაფრთხოების სამმართველოს უფროსია.

გიორგი ყავლაშვილი - მუშაობდა "კუდის" სამმართველოს უფროსად (მოსმენები და თვალთვალი); 2013 წელს ბრალდებული იქნა ტელეკომპანია "მე-9 არხის" ქონების განადგურებისთვის, როდესაც საბაჟო ტერმინალზე აპარატურაში მჟავა ჩაასხეს და ზარალის რაოდენობამ რამდენიმე მილიონს მიაღწია. ის კუბლაშვილის სასამართლომ გამოუშვა 15-ათასიანი გირაოს საფუძველზე. ამჟამად მუშაობს სასჯელაღსრულების დეპარტამენტში ერთ-ერთი სამმართველოს უფროსად.

შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადების შემდეგ მამალი "ნაციონალები" დაფრთხნენ და ახლა თავს იმართლებენ, არავითარი "მაიდანის" მოწყობას არ ვაპირებთ, ეს ყველაფერი ჭორიაო. მაგალითად, ზურაბ ჯაფარიძე იქით უტევს ჭიკაიძეს, შენ რაიმე სახის მსუბუქ ნარკოტიკს ხომ არ მოიხმარო?

ზურაბ ჯაფარიძე: "ეს არის ხელისუფლების მხრიდან იაფფასიანი მცდელობა, რომ გადაფაროს ის ძალიან ბევრი პრობლემა, რომელიც უკანასკნელ პერიოდში დაგროვდა. როგორც ჩანს, "ჰაკიმ ფაშამ" გადაწყვიტა, ჭიკაიძისთვის დაევალებინა ამგვარი განცხადების გაკეთება. ცხადია, ეს არის აბსურდი და სისულელე. არანაირი მაიდანისთვის მზადება "ნაციონალურ მოძრაობას" არ სჭირდება".

მიხეილ მაჭავარიანი: "შინაგან საქმეთა მინისტრი თუ ასე აკონტროლებს სიტუაციას ქვეყანაში, კარგად ყოფილა ჩვენი საქმე. ეს არის სრული აბსურდი და ბოდვა. შეგახსენებთ, რომ საზღვრის შიდა კონტროლიც მთლიანად არის შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტროლქვეშ. არც ერთი ასეთი ფაქტი არ ყოფილა, არც სურვილი და არც განზრახვა. მზადდება რაღაცა პროვოკაცია, უნდა რომ თავი გვამართლებინოს. ეს არის არათუ აბსურდი, არამედ ბოდვა. ჩვენ, როგორც საპარლამენტო უმცირესობა, მოვიწვევთ შინაგან საქმეთა მინისტრს და მოიტანოს კონკრეტული ფაქტები. როგორ შეიძლება ასე? რაზე საუბრობს? რა "ზონდერებზე" საუბრობს? აბსოლუტურად არაადეკვატურია, ეს ისახავს მიზნად, რომ ხალხი შეაშინოს და დააფრთხოს ამისთანა გამონათქვამებით. როგორც ჩანს, ეს მისი გადაწყვეტილება არ არის, რადგან არც ფაქტობრივი მასალა არ ყოფილა. არ არსებობს ასეთი რამ".

სანამ "ნაციონალების" არაერთ მუქარას დაგიდებთ მეორე "მაიდანის" მოწყობის თაობაზე, მანამდე ვნახოთ ერთი ე.წ. დოკუმენტი, რომელიც ფარდას ხდის "ნაციონალების" ავადმყოფურ ზრახვებს... "ალიას" ხელში ჩაუვარდა "თავისუფალი ზონის" ("ნაცების" არასამთავრობო) მიერ შემუშავებული გეგმა, სადაც კარგადაა ჩამოწიკწიკებული, რა უნდა გააკეთონ უახლოეს მომავალში. მაგალითად, გეგმაში წერია, რომ მათი სლოგანი იქნება: "ვინ, თუ არა ჩვენ!" აქ კითხვის ნიშნასაც არ სვამენ, პირდაპირ ბრძანებითი ფორმა აქვთ არჩეული. სათადარიგო სლოგანია: "ენა, მამული, სარწმუნოება". როცა "ნაციონალები" ასეთ რაღაცებზე ფიქრობენ, აქ, წესით, ღმერთმა ერთი მაგრად უნდა გაიცინოს.

"თავისუფალი ზონა - მემარჯვენე სექტორის" იდეოლოგია: "ჩვენ გვწამს ღმერთი, ჩვენ გვიყვარს საქართველო, ჩვენ ვიცავთ თავისუფლებას, ჩვენ ვიცავთ ადამიანების უფლებებსა და საკუთრებას, ჩვენ ვართ ჯანსაღი ძალა".

სექტორის სტრუქტურა: "5 კაციანი ჯგუფები, ხუთეულები თავისი კოორდინატორებით. ინტერნეტ-რაზმი თავისი კოორდინატორით".

სექტორის კონკრეტული მოქმედებები: "პატრიოტული საღამოების ჩატარება. წირვაზე ერთიანად დასწრება. საფეხბურთო და სარაგბო მატჩებზე დასწრება. აქციების დაცვა".

დაფინანსება: "დაფინანსების წყარო "თავისუფალი ზონის" ფინანსები, შემოწირულობა".

დაუკვირდით, ეს რომ არ იყოს "ნაცმოძრაობა", ალბათ, ყველაფერი რიგზე იქნებოდა, მაგრამ როდის იყო მიშას ბანდის წევრები ერთად წირვაზე დადიოდნენ, ან კიდევ ღმერთი სწამდათ? რას ნიშნავს 5-კაციანი ჯგუფები, ინტერნეტ-რაზმები და აქციების დაცვა? აი, ეს არის სერიოზული გეგმა, ანუ "ჰიტლერ-იუგენდების" მომზადების სქემა, რომელიც კეთილშობილურ საბურველში კი არის გახვეული, მაგრამ ავი ზრახვები მაინც სახეზეა.

ახლა კი იმაზე, რას აანონსებდა "ნაცმოძრაობა" იმ დღეებში, როცა მიხეილ სააკაშვილი დაიბარეს მთავარ პრკოურატურაში დაკითხვაზე:

ეკა ხერხეულიძე: "ადამიანებო, დამშვიდდით, უკრაინის მოვლენები მხოლოდ უკრაინაში არ დაწყებულა და არც იქ დამთავრებულა... მორჩით ვიშვიშს და მოვემზადოთ გარდამტეხი ბრძოლისთვის. გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს. აბა, ჩემო მთავრობავ, შენი იანუკოვიჩობა აჯობებს, თუ საქართველოს ძალისხმევა... მოემზადეთ ქართული მაიდანისთვის, იქ მიშა სააკაშვილი გელოდებათ!"

ნუგზარ წიკლაური: "მიხეილ სააკაშვილის დაკითხვაზე დაბარება გამოიწვევს დიდ სამოქალაქო დაპირისპირებას საქართველოში".

რას აპირებს ხელისუფლება, რომ საქართველოში მეორე "მაიდანი" არ დატრიალდეს? ამაზე ალექსანდრე ჭიკაიძე ასეთ პასუხს იძლევა: "ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით, არ დავუშვათ ქვეყანაში დესტაბილიზაცია და აღვკვეთოთ ყოველგვარი მსგავსი ქმედება. მათ, პირველ რიგში, საზოგადოება უპასუხებს და გაცილებით მკაცრად".

აი, აქ კი ნამდვილად უნდა შევეკამათოთ ბატონ შინაგან საქმეთა მინისტრს: ცხონებულ ზვიად გამსახურდიას ეგონა, ქვეყნის მოღალატეებს პასუხს საზოგადება გასცემს და თანაც მკაცრადო. ეს საზოგადოება იმდენად უსუსური აღმოჩნდა, თენგიზ კიტოვანსაც კი ვერ გასცა პასუხი. ნებისმიერმა ხელისუფლებამ თავად უნდა დაიცვას თავი და დაგვიცვას ჩვენც.

გელა ზედელაშვილი

გაზეთი "ალია"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა