ალექსი პეტრიაშვილი: "ასოცირების ხელშეკრულებას ნებისმიერი პროვოკაციის მიუხედავად მოვაწერთ ხელს"

ალექსი პეტრიაშვილი: "ასოცირების ხელშეკრულებას ნებისმიერი პროვოკაციის მიუხედავად მოვაწერთ ხელს"

"მიმაჩნია, რომ ყირიმის მოვლენების ფონზე, პირიქით, უნდა დაჩქარებულიყო ჩვენი ნატოში გაწევრება" - აცხადებს მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილი. მასთან ინტერვიუ უკრაინის მოვლენების მიმოხილვით დავიწყეთ.

- უკრაინის სცენარს წინ უძღოდა 2008 წლის აგვისტოს ომი საქართველოში. სამწუხაროდ, მაშინ საერთაშორისო თანამეგობრობას არ ჰქონია ჯეროვანი რეაქცია, რაც ამ მოვლენებს თავიდან აგვარიდებდა. რაც ყველაზე შემაშფოთებელია, რუსეთი უკვე დახელოვნდა - უკრაინაში ბევრად ცინიკურად, ზედმეტი აურზაურის გარეშე, თერთმეტ დღეში მოახდინა სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიის ანექსია. განსაკუთრებული ცინიზმი კი იმაში გამოვლინდა, რომ რუსეთმა დაარღვია 94 წლის ბუდაპეშტის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით თავადვე იყო ერთ-ერთი გარანტი უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა. ერთი სიტყვით, 2008 წელს შეიქმნა, 2014 წელს კი გამყარდა პრეცედენტი, რომ ერთი სახელმწიფო და მისი ლიდერი არად აგდებს მსოფლიო დემოკრატიულ საზოგადოებასა და საერთაშორისო სამართლებრივ ნორმებს. შესაბამისად, აღარ არსებობს გარანტია იმისა, რომ ყირიმის ანექსია ბოლო პრეცედენტი იქნება. მეტიც, ეს შესაძლოა მანამდეც კი მოხდეს, ვიდრე საქართველო და მოლდავეთი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას მოაწერენ ხელს. მარტო ის რად ღირს, რომ ნატოსა და ევროპის შეერთებული ჯარების სარდალი, ოთხვარსკვლავიანი გენერალი ფილიპ ბრიდლავი აცხადებს, რომ თუ რუსეთი უკრაინაში შეჭრას გადაწყვეტს, ის მიზანს 3-5 დღეში მიაღწევს. ამიტომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ დასავლეთმა რუსეთს დაანახოს, თუ რა მასშტაბის იზოლაციის საფრთხე ელის შემდგომი ნაბიჯების გადადგმის შემთხვევაში. ამავდროულად, არ უნდა შეიქმნას შთაბეჭდილება, რომ ყირიმი უკვე გადაყლაპულია, ეს ყველამ შეირგო და მოდი, ამაზე შევჩერდეთო.

- დასავლეთის რეაქციიდან გამომდინარე, ჯერჯერობით ისე ჩანს, რომ დასავლეთმა სწორედაც ჩაყლაპა ეს ყველაფერი და ახლა იმას ცდილობს, ვითარება კიდევ უფრო არ გამწვავდეს...

- ვერ დაგეთანხმებით. როდესაც მესმის, რომ 2015 წლიდან აშშ განახორციელებს ენერგომატარებლების ექსპორტს ევროპაში და რომ ფიქლის გაზის წარმოება ახალი ტემპით მიდის და ფართოვდება, რომ ნავთობზე ფასი შესაძლოა, 100 დოლარს ქვემოთ დაეცეს, ამასთან, ნატო გეგმავს უკრაინისა და რეგიონის რიგი ქვეყნების სამხედრო პოტენციალის გაზრდას, გვაქვს უფლება ვიფიქროთ, რომ დასავლეთს უფრო შორს მიმავალი გეგმები აქვს...

- თქვენი არგუმენტები, ძირითადად, შტატების ინიციატივებს ეყრდნობა. ევროპაზე რას იტყოდით? ევროპულ პრესაში მომრავლდა მინიშნება, რომ რუსეთმა სამართალდარღვევით, მაგრამ მაინც ისტორიული სამართლიანობა აღადგინა. რამდენად ლოგიკურია ამაზე საუბარი, როდესაც ყირიმის ნახევარკუნძული ოსმალებს, ბერძნებსა და იტალიელებსაც კი კარგა ხნის განმავლობაში ეკუთვნოდათ? და ბოლოს, რამდენად შესაძლებელია, ე.წ. "ისტორიული სამართლიანობის" არგუმენტი გამოყენებულ იქნეს ჩვენს წინააღმდეგაც?

- ეს ძალიან საფრთხილო თემაა. ეს იდეა, შესაძლოა, მაცდუნებელი აღმოჩნდეს სხვა სახელმწიფოებისთვისაც, განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ შეიქმნა პრეცედენტი - ვისაც მეტი ძალა აქვს და ვინც სხვებზე თავზე ხელაღებულია, შეუძლია მისივე სამეზობლოში აკეთოს ყველაფერი, რაც მოეპრიანება. ავტორიტეტული გამოცემების უმრავლესობა წერს, რომ ეს სხვა არაფერია, თუ არა მოკლევადიანი ნაბიჯი რუსეთისა და პუტინის იმიჯის გასამყარებლად. მიუხედავად იმისა, რომ დღეს, როგორც არასდროს, რუსეთის პრეზიდენტის პოპულარობა პიკს აღწევს, 80%-ს გადასცდა, ისიც ფაქტია, რომ პუტინის მიერ ე.წ. რუსეთის ძველი ისტორიული მიწების შეგროვება რუსეთს ეკონომიკურ კეთილდღეობას არ უქადის. დარწმუნებული ვარ, აფხაზეთივით ყირიმიც განწირულია ეკონომიკური გაუდაბურებისთვის. ახლახან წავიკითხე, რომ ნარკომანიით დაავადებული ყირიმელების მკურნალობის ხარჯებს რუსეთის ფედერაციის საპენსიო ფონდი გაიღებს. ალბათ, ეს არის უკანასკნელი რამ, რაც შეიძლება ქვეყნის მმართველმა გააკეთოს - საკუთარი პენსიონერების ჯიბიდან თანხების გამოძრობით ავტორიტეტის შენარჩუნება.

- უკრაინის ხელისუფლების შეცდომას თუ ხედავთ იმაში, რომ 20 წლის განმავლობაში ვერ მოახერხა, ყირიმელ რუსებს თავი სრულუფლებიან მოქალაქეებად ეგრძნოთ და რუსეთთან შეერთების სურვილი არ გასჩენოდათ. ყირიმის რეფერენდუმი ამ კრიზისის გარეშეც რომ ჩატარებულიყო, ალბათ, იმავე შედეგს მივიღებდით...

- სხვა სხვის ომში ბრძენიაო, ნათქვამია, მაგრამ რეალურად, უკრაინაში კორუფციის კოლოსალურმა მასშტაბმა განაპირობა ეს დრამატული მოვლენები. თუ ერის თვითგამორკვევაზე ვლაპარაკობთ, ყირიმელი თათრებიც არ უნდა დაგვავიწყდეს. ისინიც აპირებენ რეფერენდუმის ჩატარებას და რუსეთს შესაძლოა, მის მიერვე გახსნილი პანდორას ყუთი შერჩეს ხელში. განსაკუთრებით მაშინ, თუ ეს იდეა რუსეთის ფედერაციაში ნებით თუ ძალდატანებით შეყვანილ ავტონომიურ რესპუბლიკებსაც დაუჯდებათ ჭკუაში. ასეთ შემთხვევაში რუსეთს გაუჭირდება ახალ-ახალი რამზან კადიროვების პოვნა.

- და მაინც, ანალოგიური "ეპიდემია" შეიძლება ჩვენც გადმოგვედოს. მაგალითად, დნესტრისპირეთის პარლამენტში უკვე გაისმა მოწოდება იმის შესახებ, რომ რეგიონმა ყირიმის მაგალითს მიჰბაძოს. დაძაბულობაა გაგაუზებით დასახლებულ რეგიონშიც. ჩვენ, საუბედუროდ თუ საბედნიეროდ, აღარ შეგვრჩა რეგიონები, სადაც რუსეთი თავისი მოქალაქეების დაცვას მოინდომებს. თუმცა, პოტენციურ საფრთხეებზე საუბრისას ხშირად ახსენებენ ჯავახეთისა და პანკისის რეგიონებს. რა პრევენციული ზომები შეიძლება მივიღოთ ამ მხრივ?

- ძალიან სწორი შეკითხვაა. ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა სხვა ეროვნული უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში, მოსახლეობას (სომეხს, აზერბაიჯანელს, ქისტს...) გაუჩნდეს განცდა, რომ ისეთივე სრულფასოვანი მოქალაქეა, როგორიც მეგრელი, გურული, კახელი...

- ამ საკითხის გადაჭრა უახლოეს მომავალში, ალბათ, ძნელია. არადა, სწორედ უახლოეს მომავალში გვიწევს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა. რამდენად შეიძლება ეს ბერკეტები გამოიყენოს რუსეთმა, რომ ხელი არ მოვაწეროთ ხელშეკრულებას?

- თუ რუსეთს ასეთი, თითიდან გამოწოვილი საბაბის მოძებნა სურს, გონების დიდი დაძაბვა და ბევრი წვალება არ დასჭირდება, ისედაც მონახავს. თუ ხელშეკრულებას ხელს მოვაწერთ, ეს იქნება ერთიანი საქართველოს გამარჯვება, მათ შორის ზემოხსენებული ეთნიკური უმცირესობისთვისაც. მიხარია, რომ პარლამენტში არის სრული კონსენსუსი, რომ საქართველომ ურყევად უნდა იაროს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის გზით.

- ვაიმარის სამკუთხედის განცხადებაზეც გკითხავთ. ბევრი გააოცა თქვენ მიერ ამ განცხადების დადებითად შეფასებამ. არ ფიქრობთ, რომ საფრანგეთის, პოლონეთის და გერმანიის საგარეო მინისტრების განცხადებით - რუსეთის პოლიტიკა უკრაინის საკითხში ჯეროვნად ვერ შევაფასეთ და ამიერიდან რეგიონის ქვეყნებს არჩევნის წინაშე ნუ დავაყენებთო, დასავლეთი ირიბად აღიარებს რუსეთის ე. წ. "უკანა კარის" პოლიტიკას, რომ რუსეთი გააკეთებს იმას, რაც სურს საკუთარ გავლენის სფეროში?

- მინდა გითხრათ, რომ კარგა ხნით ადრე, სანამ ვაიმარის სამკუთხედის წევრები ამ განცხადებას გააკეთებდნენ, იგივე განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და გადაიდგა პრაქტიკული და შედეგიანი ნაბიჯებიც. ასე რომ ვაიმარის სამკუთხედის განცხადებაში ახალი არაფერი ყოფილა.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა