"23 წლის შემდეგ" - პატიაშვილის მოგონებები 9 აპრილთან დაკავშირებით

"23 წლის შემდეგ" - პატიაშვილის მოგონებები 9 აპრილთან დაკავშირებით

"საზოგადოება მეტწილად შედეგს განსჯის, მაგრამ ცოტა თუ ფიქრობს მიზეზ-შედეგობრივ კავშირზე. ცოტას თუ აქვს გააზრებული ყველა ის წინაპირობა, რასაც კონკრეტულ თარიღამდე, კონკრეტულ ტრაგედიამდე მივყავართ... ასე იყო 9 აპრილის შემთხვევაში... ამ პროცესში ყველას თავისი წილი პასუხისმგებლობა აკისრია, როგორც მე - ცენტრალური კომიტეტის პირველ მდივანს, ასევე მათ, ვინც გმირობის გვირგვინებით შეიმოსა" - ეს სიტყვები ეკუთვნის ჯუმბერ პატიაშვილს, რომელმაც ოცდასამწლიანი დუმილის შემდეგ თავის წიგნში ახსნა ყველა ის წინაპირობა, რაც წინ უძღოდა 9 აპრილის ტრაგედიას.

ამონარიდი წიგნიდან "ოცდასამი წლის შემდეგ"

ჯუმბერ პატიაშვილი: როგორც საქართველოს რესპუბლიკის კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი, კრემლში უკანასკნელად 1989 წლის 16 მარტს ვიყავი. გორბაჩოვთან პირისპირ შეხვედრისას ორი მნიშვნელოვანი საკითხი განვიხილეთ. პირველი და უმთავრესი აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში განვითარებულ მოვლენებს შეეხებოდა.

ლიხნის შეკრება ჯერ კიდევ არ იყო ჩატარებული, მაგრამ სეპარატისტული ზრახვებისა და შეკრების სამზადისის შესახებ უკვე ინფორმირებული ვიყავი. გორბაჩოვს ადლეიბასთან გამოკვეთილად კარგი ურთიერთობა ჰქონდა და ვფიქრობდი, რომ მისი დაყოლიება გამიჭირდებოდა, მან გულდასმით მომისმინა და მოკლედ, მაგრამ გასაგებად მითხრა: - იმოქმედეთ ისე, როგორც ამას თქვენი რესპუბლიკის ინტერესები მოითხოვს.

კმაყოფილმა დავტოვე კრემლი და მეორე დღესვე საქართველოში დავბრუნდი. საქართველოში კი მოვლენები დრამატულად განვითარდა. 18 მარტს ლიხნის ცნობილი შეკრება გაიმართა და სეპარატისტულ დოკუმენტს ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელმა ადლეიბამაც მოაწერა ხელი. ამის შემდეგ ადლეიბასთან დაკავშირება შეუძლებელი გახდა. სატელეფონო ზარებს არ პასუხობდა, ავადმყოფობა მოიმიზეზა და შემოგვითვალა - როგორც კი გამოვჯანმრთელდები, მე თვითონ ჩამოვალ თბილისშიო.

აღელვებული საზოგადოების დაშოშმინება შეუძლებელი გახდა. პირადად მე, არა მხოლოდ როგორც რესპუბლიკის ხელმძღვანელი, არამედ როგორც ერთი რიგითი ქართველი და მოქალაქე არანაკლებ აღშფოთებული ვიყავი და მიმაჩნდა, რომ სეპარატისტები, პირველ რიგში კი ადლეიბა, საკადრის პასუხს იმსახურებდნენ.

მარტის ბოლოსკენ პროცესები კიდევ უფრო უმართავი გახდა. თბილისიდან ჩასულ არაფორმალებსა და სეპარატისტებს შორის ბზიფში შეხვედრა დაპირისპირებითა და ფიზიკური შეხლაშემოხლით დამთავრდა.

მეტის მოთმენა შეუძლებელი იყო. პირველ აპრილს სოუხმში ჩავფრინდი. შევხვდი აფხაზ ინტელიგენციას, უხუცესებს და სტუდენტებს; არასდროს დამავიწყდება ერთი უხუცესი აფხაზის სიტყვები, რომელმაც მორიდებით გამიხმო გვერდით და მითხრა: - როდესაც ქართველები საკუთარი ქართველობის ხაზგასმას იწყებენ და ეროვნულ დროშას აფრიალებენ, იქ, ბუნებრივია, აფხაზებსაც ახსენდებათ საკუთარი ეთნიკური წარმომავლობა და აფხაზური დროშა.

აუხსენით თქვენს არაფორმალებს, რომ ამ სამფეროვანი დროშებით სოხუმის ქუჩებში სიარულს უთუოდ მოჰყვება აფხაზეთის მხრიდან სეპარატიზმის გაღვივება და გაღიზიანება. ეს კი არც ქართველ და არც აფხაზ ხალხს არ მოუტანს სიკეთეს.

სიტუაცია მეტ-ნაკლებად დავაშოშმინეთ. შინაგან საქმეთა მინისტრი გორგოძე და ქართული მილიციის თითქმის მთელი შემდაგენლობა აფხაზეთში დავტოვეთ და დედაქალაქში დავბრუნდი.

არაფორმალების ლიდერებს უნდა შევხვედროდი და მეთხოვა, გარკვეული პერიოდი მაინც შეეკავებინათ თავი აქციებისა და დემონსტრაციების ჩატარებისგან. 1989 წლის 3 აპრილს, ღამის ათ საათზე, ჩემთან მოვიდნენ ზვიად გამსახურდია, მერაბ კოსტავა და ნიკო ჭავჭავაძე. ეს ჩვენი უკანასკნელი შეხვედრა იყო, რომელიც ცენტრალურ კომიტეტში, ჩემს კაბინეტში შედგა.

ჩვენ ბავშვობიდან ვიცნობდით ერთმანეთს და მიუხედავად იმისა, რომ იმ პერიოდისათვის მოვლენები დრამატულად ვითრადებოდა და საზოგადოების თვალში ალბათ დაპირისპირებულ ძალებსაც წარმოვადგენდით, შეხვედრამ ადამიანურ, გულთბილ ვითარებაში ჩაიარა. როგორი განსხვავებული პოზიციები და ხედვებიც უნდა გვქონოდა, ერთი რამ ცხადი იყო - ჩვენ საერთო სამშობლო გვქონდა, რომლის მთლიანობასაც აფხაზური სეპარატიზმი უქმნიდა საფრთხეს.

- შეწყვიტეთ დემონსტრაციები და მიტინგები, მომეცით ორი კვირა, თუ ამ დროის განმავლობაში მე, როგორც რესპუბლიკის ხელმძღვანელი, ვერ შევძლებ აფხაზეთის პრობლემის მოგვარებას, პირობას გაძლევთ, რომ თანამდებობიდან გადავდგები და როგორც ამ ქვეყნის ერთი რიგითი მოქალაქე და რიგითი ქართველი, თქვენ გვერდით დავდგები! ამ სიტყვებით დავიწყე და ამ სიტყვებით დავამთავრე შეხვედრა.

პირველი ზვიად გამსახურდია წამოდგა სკამიდან და თქვა: - მართალია ეს კაცი, უნდა ვაცადოთ, მით უფრო, რომ არც ორი დღე და არც ორი კვირა არაფერს წყვეტს. თუ დათქმულ დროში არაფერი გამოვიდა, აქციების გამართვა სოხუმში ზაფხულშიც შეიძლება და გაცილებით მეტი ხალხის მობილიზაციასაც შევძლებთ, ვიდრე ეს დღესაა თბილისში შესაძლებელი... დანარჩენებიც დაეთანხმნენ. შეთანხმების ნიშნად ერთმანეთს ხელი ჩამოვართვით და როდესაც სტუმრები კარამდე მივაცილე, აზრადაც არ მომსვლია, რომ ერთმანეთს უკანასკნელად ვხედავდით...

ამის შემდეგ გათენდა 4 აპრილი. ბაკურიანში ვარ ოლიმპიადის ჩატარების თაობაზე, ამ დროს მიკავშირდებიან თბილისიდან და მეუბნებიან, რომ არაფორმალების ლიდერები მომიტინგეებთან ერთად და ინტელიგენციის გარკვეულ ნაწილთან ერთად "დინამოს" სტადიონზე გამართული ფეხბურთის მატჩის შემდეგ დაიძრნენ და მთავრობის სახლთან აქციას ატარებენ. ყურებს არ დავუჯერე.

ჩვენი შეთანხმებიდან ორი კვირა კი არა, ოცდაოთხი საათიც არ იყო გასული. სასწრაფოდ დავბრუნდი თბილისში და იმავე საღამოს ადლეიბას შემცვლელი კანდიდატის შერჩევას შევუდექით. გადაწყდა, რომ ადლეიბას ვლადიმერ ხიშბა შეცვლიდა, რომელიც სატყეო მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე იყო და რომლის დასაყოლიებლად პირადად მე რამდენიმე საათიანი მოლაპარაკება დამჭირდა.

სოხუმისათვის არაფერი შეგვიტყობინებია. გათენდა 6 აპრილის დილა, 6 საათზე ვლადიმერ ხიშბა საფოსტო რეისით, მე კი მომდევნო რეისით აფხაზეთში ჩავფრინდით. ჩავატარეთ ბიუროს სხდომა. დავსვით ადლეიბას თანამდებობიდან გადაყენების საკითხი და მის ადგილზე რეკომენდაცია ხიშბას გავუწიეთ.

არავინ მოელოდა ასეთ რადიკალურ ზომებს... ბიუროს ყველა წევრი, მათ შორის თავად ადლეიბა, გაოგნებას ვერ ფარავდა. ბაგრატ შინკუბა, აფხაზი მწერალი და საზოგადო მოღვაწე, რომელიც ერთგვარ იდეოლოგად ითვლებოდა აფხაზურ საზოგადოებაში და რომელიც ჯერ კიდევ 1947 წელს ითხოვდა კრემლისგან აფხაზეთის დამოუკიდებლობას, წამოდგა და განაცხადა: - ჯუმბერ პატიაშვილი მართალია და დღეს ჩვენ მის სამართლიან გადაწყვეტილებას მხარი უნდა დავუჭიროთ!

თანამდებობიდან მხოლოდ ადლეიბა არ გაგვითავისუფლებია. მისი ბედი გაიზიარა ლიხნის შეკრებაში მონაწილე რამდენიმე პარტიულმა და პასუხისმგებელმა მუშაკმაც. რამდენიმე ემოციური შეხვედრაც გაიმართა, დავგმეთ სეპარატიზმი და ქართულ პოლიციას სიტუაციის სრული კონტროლი დავავალეთ.

სოხუმიდან გამომგზავრებამდე თბილისს გადავეცით ინფორმაცია და ვთხოვეთ, მომიტინგეებისათვის ეცნობებინათ, რომ აფხაზეთში სიტუაცია კონტროლს ექვემდებარებოდა, სეპარატისტები საკადრისად დაისაჯნენ და მთავრობის სახლის წინ გამართული აქციაც, მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაბამისად, უნდა დაეშალათ.

7 აპრილს თბილისში გამოვფრინდი. სამწუხაროდ, სანამ თბილისში დავბრუნდი, ორგანიზატორებმა აქციის დაშლის ნაცვლად, მოთხოვნა შეცვალეს - საქართველოს გამოსვლა საბჭოთა კავშირის შემადგენლობიდან(!).

აეროპორტში ცენტრალური კომიტეტის მეორე მდივანი ნიკოლსკი დამხვდა და დეტალური ინფორმაცია მომაწოდა. დღის 12 საათზე პარტიული აქტივის კრებაა დანიშნული, შემუშავებულია გეგმა, რა ქმედითი ღონისძიებები უნდა გავატაროთ ვითარების სტაბილიზაციისთვის.

თორმეტის ნახევარზე მოსკოვიდან ტელეფონით დამიკავშირდა თავდაცვის მინისტრი იაზოვი, რომელთანაც გარეჯის კომპლექსთან დაკავშირებით მანამდეც დაძაბული ურთიერთობა მქონდა და მხოლოდ ერთი წინადადება მითხრა: თხუთმეტ წუთში თქვენთან იქნება ჩემი პირველი მოადგილე კოჩეტოვი. თხუთმეტ წუთში მართლაც იღება ჩემი კაბინეტის კარი და კოჩეტოვი და როდიონოვი ერთად შემოდიან. გამიკვირდა, ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, როდიონოვი თბილისში არ იმყოფებოდა. მივხვდი იმასაც, რომ ვერც კოჩეტოვი ჩამოფრინდებოდა თხუთმეტ წუთში მოსკოვიდან პირდაპირ ჩემს კაბინეტში...

დღეს ამ ამბებით შემოვიფარგლებით, თუმცა შედმგომ სტატიებში შევეცდებით, შემოგთავაზოთ კიდევ რამდენიმე ფრაგმენტი იმ დღეების ქრონიკიდან.

ია აბულაშვილი

გაზეთი "რეზონანსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა