"შს მინისტრები ასეთ განცხადებებს არ აკეთებენ" - რის გამო აკრიტიკებს თინა ხიდაშელი ჭიკაიძეს

"შს მინისტრები ასეთ განცხადებებს არ აკეთებენ" - რის გამო აკრიტიკებს თინა ხიდაშელი ჭიკაიძეს

ხელისუფლების სისუსტეს აჩვენებს, როდესაც შინაგან საქმეთა მინისტრი ასეთი ტიპის განცხადებას აკეთებს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, თინა ხიდაშელმა "რუსთავი 2"-ის გადაცემა "არჩევანში" სტრასბურგიდან ჩართვისას განაცხადა.

ხიდაშელი შინაგან საქმეთა მინისტრის, ალექსანდრე ჭიკაიძის ინტერვიუს იმ ნაწილს გამოეხმაურა, სადაც მინისტრი ამბობს, რომ ქვეყანაში "ნაციონალური მოძრაობა" ევრომაიდნის სცენარის განმეორებას გეგმავს და აღნიშნა, რომ ეს შესაძლებლობა არასერიოზულად მიაჩნია.

"მე არ მიმაჩნია სერიოზულად, ვერანაირ საფრთხეს ვერ ვხედავ. 40 წლის ვარ და ასე ვიცი, რომ მკვდრები არ ცოცხლდებიან და ჩემთვის "ნაციონალური მოძრაობა" პოლიტიკურად გარდაცვლილია, ამიტომ, მიცვალებულების არ მეშინია. ბავშვობაშიც არ მეშინოდა, არც ახლა მეშინია და არ ველოდები მათი მხრიდან რაიმე განსაკუთრებულ გააქტიურებას", - განაცხადა ხიდაშელმა.

კითხვაზე, რატომ გააკეთა შინაგან საქმეთა მინისტრმა ასეთი განცხადება, თინა ხიდაშელმა განაცხადა, რომ გაუჭირდება იმის განსაზღვრა, რატომ გააკეთა ჭიკაიძემ ეს განცხადება და ეს თავად მინისტრს უნდა ჰკითხონ.

"აბსოლუტურად არასერიოზულად ვუყურებ ამას. აბსოლუტურად არ მიმაჩნია სწორად, დღეს იმაზე ვისაუბროთ, რომ რაიმე, ასეთი ტიპის დესტაბილიზაციის მოწყობა ვინმეს შეუძლია საერთოდ რომელიმე პოლიტიკურ ძალას, "ნაციონალური მოძრაობა" რომ გვერდით გადავდოთ. ჯერ ეს ერთი, საქართველოში ამის რესურსი არ არსებობს, ევროპა არის ჩვენი ოჯახი. ევრომაიდანს სჭირდება ადამიანური რესურსი. ასეთი ადამიანური რესურსი საქართველოში არ არსებობს. მეორეც, თუ პირდაპირი მნიშვნელობით ევრომაიდანზე ვისაუბრებთ, ევრომაიდანი გამოიწვია იმან, რომ ხელისფულებამ, რომელიც აირჩია უკრაინელმა ხალხმა და, რომელიც მთელი წინასაარჩევნო კამპანიის დროს სწორედ ევროპაზე დაპირებით მოვიდა, ერთ დილას გამოაცხადა, რომ ევროკავშირის ნაცვლად ევრაზიულ კავშირში მიდიოდა. ამას ქართული ხელისუფლება არ გეგმავს, არ აპირებს, ამაზე არავინ ფიქრობს. მესამე, ეს კონკრეტულად მინისტრს ეხება, ვინც ეს განცხადება გააკეთა - შს მინისტრს უბრალოდ მინდა ვურჩიო, როდესაც თუკი თუნდაც თეორიულად, რაიმე ინფორმაცია აქვთ, რაიმე ნიშნებს ხედავენ მის უწყებაში, ამაზე არ ლაპარაკობენ ხოლმე, იმიტომ რომ ეს ხელისუფლების სისუსტეს აჩვენებს, როდესაც ასეთი ტიპის განცხადებას აკეთებს შინაგან საქმეთა მინისტრი. სუპერთეორიულ შემთხვევებშიც კი შინაგან საქმეთა მინისტრები ასეთ განცხადებებს არ აკეთებენ, ასეთ დროს მოქმედებენ ხოლმე და საბურავების თემაზე კითხვას იმედია, არ დამისვამთ, იმიტომ რომ ეს ძალიან სასაცილო იყო და მე ვფიქრობ, რომ მან უბრალოდ იხუმრა", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა