ევრომაიდანზე ხალხს ქართველი სნაიპერები ესროდნენ? - ყარყარაშვილი და კობალაძე ტრისტან წითელაშვილის განცხადებას პასუხობენ

ევრომაიდანზე ხალხს ქართველი სნაიპერები ესროდნენ? - ყარყარაშვილი და კობალაძე ტრისტან წითელაშვილის განცხადებას პასუხობენ

"სნაიპერები, რომლებიც კიევის მაიდანზე ადამიანებს ესროდნენ, საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ყოფილი დაქვემდებარებული პირები იყვნენ", - ამის შესახებ ბატალიონ "ავაზას" ყოფილმა მეთაურმა ტრისტან წითელაშვილმა რუსული მედიისთვის მიცემულ კომენტარებში განაცხადა. რუსული მედია მას ქართული არმიის გენერლად მოიხსენიებდა. წითელაშვილის თქმით, აქციებში ოთხი ქართველი სნაიპერი მონაწილეობდა, რომლებიც იქ "ნაციონალების" უშუალო მითითებით იმყოფებოდნენ. "იმ ოთხი ადამიანის ვინაობა ჩემთვის ზუსტად არის ცნობილი, რომლებიც იქ იმყოფებოდნენ, როგორც სნაიპერები, მაგრამ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, მათი დასახელება არ შემიძლია. ძიების მასალები ორი კვირის შემდეგ გადაიგზავნება პროკურატურაში. გეტყვით იმას, რომ ეს ადამიანები იყვნენ სააკაშვილის მიერ კონტროლირებადი ძალოვანი სტრუქტურის ყოფილი თანამშრომლები. წინა ხელისუფლება მათ სწორედ ასეთი საქმეებისთვის წვრთნიდა. მათ ჯგუფს კიევში გივი თარგამაძე და გია ბარამიძე ხელმძღვანელობდა", – აღნიშნა წითელაშვილმა.

არის თუ არა ტრისტან წერეთელი გენერალი და რამდენად სანდოა მის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, ამ საკითხზე კომენტარი თავდაცვის ყოფილ მინისტრს, გენერალ გიორგი ყარყარაშვილს, გენერალთა კლუბის თავმჯდომარეს, გენერალ-მაიორ კობა კობალაძეს და სამხედრო ექსპერტ გიორგი თავდგირიძეს ვთხოვეთ:

გია ყარყარაშვილი – საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი, გენერალი:

- მე ტრისტან წითელაშვილის ეს განცხადება და ცოტა არ იყოს, სისულელედ მეჩვენება. რაც შეეხება მის გენერლობას, ის გენერალი არ არის. ყოველ შემთხვევაში ჩემს დროს ის გენერალი ნამდვილად არ ყოფილა, თუმცა აფხაზეთში ის ნამდვილად იბრძოდა.

კობა კობალაძე - გენერალთა კლუბის თავმჯდომარე, გენერალ-მაიორი:

- ტრისტან წითელაშვილი გენერალი არ არის. საიდან მოგაქვთ ასეთი ინფორმაცია?

- ის თვითონ ავრცელებს წერილებს, სადაც ხელს აწერს როგორც გენერალი..

- თვითმარქვიაა. შეგიძლიათ გადაამოწმოთ თავდაცვის სამინისტროში, თუ რა წოდებითაა დათხოვნილი თავდაცვის რიგებიდან და გაიგებთ რა წოდება აქვს.

- რატომ იბრალებს გენერლობას?

- ეგ ჰკითხეთ მას. მე რამდენადაც ვიცი, ის დაითხოვეს პოლკოვნიკის წოდებით. აფხაზეთში ნამდვილად იბრძოდა. ბატალიონ "ავაზას" მეთაური იყო.

- თქვენი აზრით, მის მიერ გავრცელებული ინფორმაცია რამდენად შეიძლება, რომ სიმართლეს შეესაბამებოდეს?

- კარგით რა, ამ სიბრიყვეზე მე ნუ მალაპარაკებთ. ამოწიეთ მისი ბეგრაუნდი და მიხვდებით, რაზე უნდა გაამახვილოთ ყურადღება.

- რა ბეგრაუნდზე საუბრობთ?

- დაურეკეთ მას და ჰკითხეთ რაზე დაყრდნობით გააკეთა ეს განცხადება

გიორგი თავდგირიძე - სამხედრო ექსპერტი:

- მე არ მიყვარს პიროვნული შეფასებების გაკეთება, მაგრამ ის საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალი არ არის. . რაც შეეხება მის განცხადებას, შემიძლია გითხრათ რომ ეს არის აბსურდი. წითელაშვილს არ შეიძლება ჰქონდეს ასეთი ინფორმაცია და რომც ჰქონდეს, მხოლოდ გამოძიების შემდეგ უნდა გაავრცელოს, რადგან ეს საქართველოს იმიჯის სერიოზული შელახვა.

ლადო გოგოლაძე, Ambebi.ge

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა