თინა ხიდაშელი - რუსეთი იპყრობს, მონიშნავს მორიგ შესრულებულ დავალებას და წინ მიიწევს, ეს არის პუტინის გზა

თინა ხიდაშელი - რუსეთი იპყრობს, მონიშნავს მორიგ შესრულებულ დავალებას და წინ მიიწევს, ეს არის პუტინის გზა

ერთსულოვნად უნდა ვუთხრათ უარი იმათ, ვინც ხმას აძლევს აგრესიას, ოკუპაციას და ანექსიას, - ამის შესახებ საქართველოს დელეგაციის წევრმა თინა ხიდაშელმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"დღეს ამ ასამბლეას მივმართავ, როგორც საქართველოს მოქალაქე, იმ ქვეყნის, რომელიც ოკუპირებული აქვს რუსეთს. კოლეგებო, ხშირად მომისმენია - ნუ გააღიზიანებთ. ფიქრობთ რომ ეს არის პასუხი? ნება მომეცით, მცირედი ისტორია გაგახსენოთ. ეს იყო სწორედ "ნუ გააღიზიანებთ" პოლიტიკა, რის გამოც 2008 წელს ბუქარესტში საქართველოს უარი უთხრეს სამოქმედო გეგმაზე. მაშინ მსოფლის ლიდერები თვლიდნენ, რომ რუსეთი დააფასებდა მათ დამოკიდებულებას, ანგარიშის გაწევას რუსეთის "ლეგიტიმური" შიშებისა და ინტერესებისათვის და რა ფასი გადავიხადეთ ყველამ ერთად ამ "დაფასებაში"? რუსეთი შემოიჭრა საქართველოში ციდან, მიწიდან, ზღვიდან, დაბომბა ჩვენი ქალაქები, ბულდოზერით გადაუარა ქართულ სოფლებს, მოაწყო ეთნიკური წმენდა. დღესაც იგივე გრძელდება ქვეყნის ბორდერიზაციით. ვიცი, თქვენი ნაწილი ახლა ფიქრობს, რომ ჩვენმა პრეზიდენტმა არ დაუტოვა არჩევანი. ნებს მომეცით, შეგახსენოთ, რომ იმის მიუხედავად, რუსულ პროვოკაციებს უპასუხებ, თუ თავს შეიკავებ, დღეს უკვე ფაქტია, რომ მსგავს შედეგებს იღებ. რუსეთი მოდის, რუსეთი იპყრობს, მონიშნავს მორიგ შესრულებულ დავალებას და წინ მიიწევს. ეს არის პუტინის გზა, ეს არის "კაგებეს" მეთოდი, ეს არის "მადლობა გაგებისათვის" ტიპის პასუხი რუსეთის მხრიდან, როდესაც თქვენს სისუსტეს ხედავს. ბატონი პუტინი სისტემატიურად ასრულებს თავის მიზანს, შექმნას ალტერნატიული, იმპერიული ცივილიზაცია, რომელიც ეფუძნება ძალას და ძალადობას. მისი ამბიციები ნათელია - აფართოებს იმპერიას, აფართოებს წინა და უკანა ეზოების ტერიტორიებს, ადგენს საერთაშორისო თამაშის ახალ წესებს, ქმნის ალტერნატიულ, მის საერთაშორისო სამართალს. მან იცის რას აკეთებს და კარგად აკეთებს. ჩვენ რას ვაკეთებს? რა მიზანი გვაქვს? რაზე ვკამათობთ დღეს? რას არ ვეთახმებით? არის თუ არა ოკუპაცია ცივილიზებული სახელმწიფოს წესების წინაღმდეგ? არის თუ არა ანექსია მსოფლიო წესრიგის საწინაღმდეგო? დავივიწყოთ უკრაინა და საქართველო. არის თუ არა ადგილი იმ სახელმწიფოსათვის ჩვენს გვერდით, რომელიც ყოველდღიურად არღვევს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ყველა მუხლს?", - იკითხა ხიდაშელმა PACE-ს ტრიბუნიდან.

მისივე თქმით, თუ პასუხი ამ კითხვებზე ცალსახაა, მაშინ დღეს კენჭისყრა ერთსულოვანი უნდა იყოს.

"ჩვენ ყველას გვაქვს ოცნება, რომ ერთ დღეს გავიღვიძებთ და რუსეთში დემოკრატია იქნება, მაგრამ მანამდე ერთსულოვნად უნდა ვუთხრათ უარი იმათ, ვინც ხმას აძლევს აგრესიას, ოკუპაციას და ანექსიას", -განაცხადა თინა ხიდაშელმა.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა