აბანოში თუ იუშჩენკოს ნაცვლად სხვა კაცმა იბანავა, უნდა გამოვიძიოთ - ირინე იმერლიშვილი ექს-პრეზიდენტის სკანდალად ქცეულ ბანაობაზე

აბანოში თუ იუშჩენკოს ნაცვლად სხვა კაცმა იბანავა, უნდა გამოვიძიოთ - ირინე იმერლიშვილი ექს-პრეზიდენტის სკანდალად ქცეულ ბანაობაზე

უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იუშჩენკოს პრესმდივანმა 2011 წელს, ექს-პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტისას გოგირდის აბანოში დახარჯულ 591 ლართან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა, რომელიც გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა დაფარა. პრეს-მდივნის თქმით, ვიქტორ იუშჩენკო 2011 წლის 6 აპრილს არ იმყოფებოდა საქართველოში და ის მთელი დღის განმავლობაში კიევში, საკუთარი პარტიის ოფისში მუშაობდა. გარდა ამისა პრეს-სპიკერი ამბობს, რომ იუშჩენკო მზადაა, რომ საქართველოს დახმარების სახით გადასცეს ის 400 დოლარი, რომელიც, სავარაუდოდ, მიხეილ სააკაშვილის დაცვამ გადაიხადა.

ამ განცხადების საპასუხოდ ირინე იმერლიშვილი, რომელიც პარლამენტში საპროცედურო და წესების კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას იკავებს, აცხადებს, რომ "საქმე ბოლომდეა მისაყვანი". მისი თქმით, გამოძიებით უნდა დადგინდეს თუ აბანოში არა იუშჩენკომ, არამედ სხვა კაცმა იბანავა.

"თუ საუბარია, რომ იმ დღეს აბანოში იუშჩენკო არ ყოფილა და სხვა კაცმა იბანავა, რაშიც სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ფულია გადახდილი, ესეც გამოსაძიებელია. მივადევნებ თვალყურს, რომ შესაბამისმა ორგანოებმა ბოლომდე მიიყვანონ საქმის გამოძიება არა მხოლოდ ამ ნაწილში, არამედ ბევრ ნაწილში", - აცხადებს იმერლიშვილი.

შეგახსენებთ, რომ ფაქტს იმის შესახებ, რომ N5 აბანოში უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკო იმყოფებოდა, შპს "ნარიყალაში" ადასტურებენ. გავრცელდა აბანოს დირექტორის, ლუიზა გოგოლაძის განცხადებაც, რომელშიც ამბობს, რომ იუშენკო გოგირდის აბანოში 2-3 წლის წინ ნამდვილად იმყოფებოდა.

"ნამდვილად იმყოფებოდა უკრაინის პრეზიდენტი ჩვენს აბანოში. ის ვიპ აბანოში იყო შესული. ეს დაახლოებით 2-3 წლის წინ მოხდა, ზუსტი თარიღი არ მახსოვს. უნდა ვთქვა, რომ ძალიან მოეწონა ჩვენი მომსახურება, მიირთვა ჩაი, ასევე გაუკეთდა მასაჟი და სხვადასხვა სახის პროცედურებიც. ძალიან კმაყოფილი წავიდა", - განაცხადა გოგოძემ.

ამასთან, როგორც ადმინისტრაციაში აცხადებენ, ის თანამშრომლები, რომლებიც იუშჩენკოს მოემსახურნენ, ამჟამად სხვაგან მუშაობენ.

გოგირდის აბანოში იუშჩენკოს სტუმრობის ფაქტი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ბიუჯეტის ხარჯების ამსახველი მასალებით დასტურდება. სამსახურის არამიზნობრივი ხარჯების შესახებ ინფორმაცია და დოკუმენტაცია დეპუტატმა ირინა იმერლიშვილმა გამოაქვეყნა. დეპუტატი აღნიშნავს, რომ ყველა ეს ხარჯი ფარულ ხარჯებშია გატარებული და მას დღემდე გრიფი "საიდუმლო"ედო.

გამოქვეყნებული სალაროს შემოსავლის ორდერის მიხედვით, იუშჩენკოს აბანოს მომსახურებაში სულ 591 ლარია დახარჯული. ორდერი 2011 წლის 6 აპრილს არის გაცემული.

ინვოისის მიხედვით, მომსახურება 7 ადამიანზე იყო გაწერილი და მასში შედიოდა თაფლის მასაჟი, სამი ჩაიდანი ჩაი მურაბით, 6 მინერალური და 6 სასმელი წყალი, 7 საპონი, 7 შამპუნი და 7 წყვილი ჩუსტი. ინვოისს ხელს აწერს შპს "ნარიყალას" დირექტორი.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა