მინისტრები, რომლებიც შესაძლოა, არჩევნების შემდეგ შეცვალონ

მინისტრები, რომლებიც შესაძლოა, არჩევნების შემდეგ შეცვალონ

თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ მთავრობაში შესაძლოა, საკადრო ცვლილებები განხორციელდეს და რამდენიმე მინისტრს თანამდებობის დატოვება მოუწიოს. პრემიერ-მინისტრმა ამაზე რამდენჯერმე უკვე გააკეთა მინიშნება, თუმცა არაფერი დაუკონკრეტებია.

ზუსტად ცნობილია მხოლოდ ის, რომ არჩევნებამდე თანამდებობას დატოვებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, რადგანაც დავით ნარმანია "ქართული ოცნების" მხრიდან თბილისის მერობაზე იყრის კენჭს. მისი შემცვლელის ვინაობა კი ამ დრომდე უცნობია.

"რაც შეეხება მინისტრთა კაბინეტს და მინისტრებს, რა თქმა უნდა, არ ვარ აღფრთოვანებული ყველა მინისტრის მუშაობით. მე მათგან და, უპირველესად, საკუთარი თავისგან მაქსიმუმს მოვითხოვ. მაქვს შენიშნები რამდენიმე მინისტრის მუშაობასთან დაკავშირებით, თუმცა ჯერ ამაზე საუბრისგან თავს შევიკავებ", - განაცხადა ცოტა ხნის წინ ღარიბაშვილმა.

მისივე განმარტებით, ჯერ დაკვირვების პროცესშია, ელის, რომ ისინი მენეჯმენტში ხარვეზებს გამოასწორებენ, მოგვიანებით კი შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს.

"არაერთხელ მითქვამს, რომ ჩვენს მთავრობაში არავინაა შეუცვლელი და თუ ვინმეს თავი შეუცვლელი ჰგონია, სწორედ ის შეიცვლება ყველაზე სწრაფად", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

პოლიტიკურ კულუარებში კი ამასთან დაკავშირებით სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება.

მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილის ახალ მინისტრთა კაბინეტში ვერ მოხვდებიან მაია ფანჯიკიძე და გურამ ოდიშარია, რომელიც შვებულებაში იმყოფება და, წესით, სამუშაოს ორშაბათიდან უნდა დაუბრუნდეს.

დაუზუსტებელი ინფორმაციით, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ქვეყნის პირველი დიპლომატის პოსტს დაიკავებს, ფანჯიკიძე კი კვლავ ელჩის თანამდებობას დაუბრუნდება.

ასევე შეიცვლება განათლების მინისტრი, რომელიც პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის გუნდს მიეკუთვნება.

ასევე ცნობილია, რომ ღარიბაშვილმა საჯარო გაფრთხილება მისცა დევნილთა მინისტრს, რომელსაც პრობლემის მოგვარებისთვის ერთთვიანი ვადა მისცა. დავით დარახველიძე ერთადერთი მინისტრია, რომლის მიმართ უკმაყოფილება ღარიბაშვილმა საჯაროდ, სამეგრელოში დევნილებთან გამართული შეხვედრის შემდეგ გამოთქვა.

პოლიტოლოგების ვარაუდი ამასთან დაკავშირებით ორაზროვანია. ნაწილი ფიქრობს, რომ შესაძლოა, ღარიბაშვილი მხოლოდ მთავრობის წევრების გადაადგილებით შემოიფარგლოს, ნაწილი კი ცვლილებებს მთავრობის ეკონომიკურ გუნდში ვარაუდობს.

პოლიტოლოგ გია ხუხაშვილის ვარაუდით, ღარიბაშვილმა შესაძლოა, არცერთი მინისტრი არ გაუშვას, უბრალოდ, გარკვეული მინისტრების გადაჯგუფება მოაწყოს.

"ის, რომ არცერთი მინისტრი იდეალური არ არის, ფაქტია. ჩემი აზრით, მთავრობას ეფექტურობა და პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილების მიღება აკლია. ასე რომ, იშვიათი გამონაკლისის გარდა, ნებისმიერი ცვლილება შესაძლებელია. პრობლემა ერთ და ორ მინისტრში არ არის, ზოგადად მთავრობას აკლია ეფექტურობა.

"შეიძლება არც არავინ გაუშვას და გარკვეული გადაჯგუფება მოახდინოს. ასე რომ, წინასწარ პორგნოზის გაკეთება ძნელია, დაველოდოთ პრემიერის გადაწყვეტილებას. მინდა, რომ მთლიანობაში ეფექტური მთავრობა ვიხილო", - უთხრა "მთელ კვირას" ხუხაშვილმა.

პოლიტოლოგ გია ნოდიას თქმით კი, ეს ცვლილებები ბიძინა ივანიშვილის სურვილზე იქნება დამოკიდებული.

"სავარაუდოდ, ეს შეიძლება მოდიოდეს ბიძინა ივანიშვილის სურვილიდან _ ვინ მოეწონება და ვინ არა. ასე რომ, რას ფიქრობს მინისტრებზე ახლა ივანიშვილი - არ ვიცი. მხოლოდ ის ვიცი, რომ ოდიშარიათია უკმაყოფილო. თუმცა, დაველოდოთ, ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ღარიბაშვილი. შეიძლება ეს ცვლილება ყველა მინისტრსაც შეეხოს, გამორიცხული არაფერია", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას ნოდია.

მთავრობაში ეკონომიკური გუნდის ცვლილებას ვარაუდობს ექსპერტი ნიკა ჩიტიძე. ამბობს, რომ თუ ამ მიმართულებით რაღაც მიღწევები არ იქნა, ღარიბაშვილის "რისხვა" ხადურს და კვირიკაშვილს დაატყდებათ.

"ჩემი აზრით, ეს შესაძლოა, ეკონომიკური გუნდის წევრებს შეეხოთ, თუ ამ ხნის განმავლობაში რაღაც ეფექტური ნაბიჯები არ გადაიდგა. თუმცა, მაინც დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. ამ ეტაპზე გარკვეული პროგნოზების გაკეთება რთულია. შესაძლოა, არც არავინ გაუშვას და უბრალოდ, რაღაც გადაადგილება მოხდეს.

"ვფიქრობ, ეს განცხადება ღარიბაშვილმა მინისტრების მობილიზებისთვის გააკეთა. ამასთან, შესაძლოა, ეს ცვლილება შს მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძეს შეეხოს, რადგან მისი ბოლო განცხადების გამო "ქართული ოცნება" უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდა და პარლამენტის ზოგიერთმა წევრმა იგი ღიადაც კი გააკრიტიკა," - გვითხრა ჩიტიძემ.

მისივე თქმით, ეს ცვლილება ყველაზე ნაკლებად ალასანიას და ფანჯიკიძეს შეეხებათ.

"ფანჯიკიძეზე მეეჭვება, იმიტომ, რომ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით ასე თუ ისე მიღწევები აქვს. ღარიბაშვილის ვიზიტი შედგა აშშ-ში და როგორც ცნობილია, პრემიერი გერმანიაშიც არის მიწვეული. თანაც ახლა მალე ასოცირების ხელშეკრულებასაც მოეწერება ხელი. ასე რომ, არ მგონია, ფანჯიკიძე სადმე გაუშვას. ამასთან, თუ მას სადმე გაუშვებს, ეს ნიშნავს, რომ ალასანიას და ღარიბაშვილის გუნდს შორის დაპირისპირებაა, რადგან ფანჯიკიძე ალასანიას გუნდში მოიაზრება.

"ქართულ ოცნებაში" ყველაზე გავლენიანი ძალები "თავისუფალი დემოკრატები" და "რესპუბლიკელები" არიან. ასე რომ, არა მგონია, ღარიბაშვილს რამეში აწყობდეს ამ გუნდთან დაპირისპირება. ვფიქრობ, ალასანია მისი გუნდის ყველაზე უფრო პროგრესული ძალაა და ის არ უნდა შეიცვალოს", _ განაცხადა ჩიტიძემ.

თიკო ოსმანოვა

გაზეთი "რეზონანსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა