"ეს თაღლითობა ფოთის ნავსადგურს სრულიად გააქრობს"

"ეს თაღლითობა ფოთის ნავსადგურს სრულიად გააქრობს"

1 მაისიდან ყველა იმპორტირებული ტვირთი მხოლოდ ფოთის ნავსადგურის მფლობელის, "აი პი ემ ტერმინალსის" ტერმინალში (რომელიც ამერიკული კომპანია "მაერსკის" ჰოლდინგში შედის) განბაჟდება, რასაც საქართველოში მოქმედი 40-ზე მეტი სატერმინალო, ლოგისტიკური კომპანია აპროტესტებს, რადგან ეს გადაწყვეტილება სარკინიგზო ტვირთების განბაჟების ტარიფს ზრდის, შესაბამისად, იმპორტირებული პროდუქტიც გაძვირდება, "აი პი ემ ტერმინალსი" კი ბაზრის მონოპოლისტად ჩამოყალიბდება.

ლოგისტიკური კომპანიების წარმომადგენლებმა წერილობით მიმართეს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს და პარლამენტის თავმჯდომარეს, დავით უსუფაშვილს.

ლოგისტიკური კომპანია "ისთგეით გრუპის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი იაშვილი "ვერსიასთან" საუბრისას დეტალურად შიფრავს იმ სქემას, რომლითაც "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების დროს, ფოთის ნავსადგურის მმართველი კომპანია (იმხანად, ფოთის ნავსადგურის მფლობელი არაბული "რაკია" იყო) მხოლოდ მსუბუქი ავტომობილების განბაჟების ნაწილში, მონოპოლისტურად იქცა და ყველაფერი "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში, "აი პი ემ ტერმინალსის" გადაწყვეტილებით, უარესი ტემპით გრძელდება. გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან.

ირაკლი იაშვილი: 2010 წელს, შემოსავლების სამსახურის უფროსად გოგა ცხაკაია დანიშნეს, რომელიც ნამდვილად მანიაკი იყო - კომპანიების ხელმძღვანელების წამება დიდ სიამოვნებას ანიჭებდა. იმხანად, ფოთის ნავსადგური მართვაში არაბულ "რაკია ჯგუფს" გადასცეს. შემოსავლების სამსახურისა და "რაკიას" ხელმძღვანელობას შორის მოლაპარაკება შედგა, რომლითაც არაბებს გეზი-ს (გაფორმების ეკონომიკური ზონა, _ ავტ.) შენობა უნდა აეშენებინათ, ხელისუფლება კი ტვირთების განბაჟების ექსკლუზივს დაპირდა. იმ დროს, საქართველოს ეკონომიკაში ჯართის ნაცვლად, პირველ ადგილზე, მსუბუქი ავტომობილები გადავიდა - აღმოაჩინეს, რომ საქართველოში მსუბუქი ავტომობილები დიდი რაოდენობით შემოდის და იმპორტისა და ექსპორტის ამ კომბინაციაში ძალიან დიდი ფული ტრიალებს, ამიტომ ამ ბიზნესის ხელში ჩაგდება და ფულის გაკონტროლება გადაწყვიტეს. სხვათა შორის, ეს დავით კეზერაშვილსაც სურდა, მაგრამ ნავთობის ბიზნესითა და სარკინიგზო გადაზიდვებით იმდენად იყო დაკავებული, ამისთვის ვეღარ მოიცალა. მას შემდეგ, რაც თბილისსა და ფოთში გაფორმების ეკონომიკური ზონები შეიქმნა, გოგა ცხაკაიამ მსუბუქი ავტომობილების განბაჟების კორუფციული სქემა შეიმუშავა, რომელმაც ფოთის პორტის მფლობელ "რაკიას", გეზ-ის შენობის გვერდით, საკონტეინერო ტერმინალიც ააშენებინა და სწორედ აქ უნდა განებაჟებინა ნებისმიერ გადამზიდავ კომპანიას თავის ტვირთი. "ისთგეით გრუპის" გარდა, მსოფლიოში სიდიდით მესამე საზღვაო კომპანია "სი ემ ეის" წარმომადგენელიც ვარ, კომპანიას საქართველოში მსუბუქი ავტომობილები შემოჰყავს. ეს ინდუსტრია ასე მუშაობს: გემი და კონტეინერები, რომლებიც გემზეა, ჩვენი საკუთრებაა, საკუთრებაში გვაქვს ტერმინალიც ფოთის ნავსადგურში, სადაც ეს ტვირთი უნდა განბაჟდეს. აბსოლუტურად უზრუნველყოფილი და კონკურენტებისგან გამიჯნულები ვართ, მაგრამ გოგა ცხაკაიამ, "რაკიინთან" მოლაპარაკების შემდეგ, ფოთში სხვა საკონტეინერო ტერმინალი ააშენა და ფინანსთა მინისტრის ზეპირი ბრძანების საფუძველზე, ყოველგვარი ნორმატიული აქტის გარეშე, საქართველოში შემოსული მსუბუქი ავტომობილების განბაჟება მხოლოდ "რაკიას" საკურთებაში არსებულ ტერმინალში დაიწყეს, თანაც ეს უფლება "რაკიას" ხუთი წლით, 2015 წლამდე გადასცეს...

ამასობაში, ფოთის ნავსადგურის მფლობელი შეიცვალა და არაბული "რაკია" დანიურმა "აი პი ემ ტერმინალსმა" ჩაანაცვლა, რომელიც გიგანტური ამერიკული კომპანია "მაერსკის" ჰოლდინგში შედის. "მაერსკი" და ჩემი პარტნიორი "სი ემ აი" ზღვაშიც და ხმელეთზეც კონკურენტები არიან. ახალი ხელისუფლების პირობებში, მეგონა, ამ უსამართლობას ბოლო მოეღებოდა – ჩვენ ხომ ქონების დაბრუნებას არ ვითხოვთ, მხოლოდ ზეპირად გაცემული ბრძანების გაუქმება გვინდა. ნორმატიული აქტი რომ არსებობდეს, გავასაჩივრებდი მაინც, მაგრამ ზეპირი ბრძანება როგორ გავასაჩივრო, რომლითაც მებაჟე არც ერთ სხვა ტერმინალში არ უნდა მივიდეს, "აი პი ემ ტერმინალსის" კუთვნილი ტერმინალის გარდა?! ახალი ხელისუფლების პირობებში რამდენიმე მაღალჩინოსანს შევხვდი და ამ პრობლემაზე ვესაუბრე. გავიდა თვეები, მაგრამ შედეგი ვერ ვნახე, ოფიციალური წერილებიც მივწერე ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრებს, ბიზნესომბუდსმენს, პარლამენტს... მაგრამ მხოლოდ ეკონომიკის სამინისტრო გამომეხმაურა. ფინანსთა სამინისტროშიც გაიმართა შეხვედრა, სადაც გვითხრეს, ასეთი რეჟიმი გვაწყობს, რადგან ადმინისტრირება ანუ ერთ ადგილზე ტვირთის დათვალიერება და განბაჟება მარტივიაო. ამ ლოგიკით, საბჭოთა კავშირიც აღვადგინეთ, რადგან მაშინაც ერთიანი სისტემა არსებობდა და ყველა პროცედურა მარტივი იყო...

სიზმარშიც კი ვერ წარმოვიდგენდი, ახალი ხელისუფლება "ნაციონალური მოძრაობის" მაღალჩინოსნების მიერ მიღებულ კორუფციულ, ვერაგულ და თაღლითურ გარიგებას თუ გააგრძელებდა.

იხილეთ სრულად

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა