რაზე ესაუბრა ღარიბაშვილი "ოცნების" დეპუტატებს დახურულ შეხვედრაზე?

რაზე ესაუბრა ღარიბაშვილი "ოცნების" დეპუტატებს დახურულ შეხვედრაზე?

"13 აპრილს, საქართელოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს შეხვდა. თუ რაზე იყო საუბარი და რა სამომავლო გეგმები დაისახა, ამაზე "ალიას" "ქართული ოცნების" დეპუტატი დათო ლორთქიფანიძე ესაუბრება", - წერს გაზეთი "ალია" სტატიაში სათაურით რაზე ესაუბრა ღარიბაშვილი "ოცნების" დეპუტატებს დახურულ შეხვედრაზე?

"წინა პლენარულ სხდომაზე, საარჩევნო კოდექსის ერთი საკითხი ჩაგვივარდა, კვორუმი ვერ მოგროვდა. მე თვითონაც არ ვესწრებოდი იმ სხდომას და მოხდა გაუთვალისწინებელი შემთხვევა. ეს საკითხი არც დროში იწვოდა და არც კანონქვემდებარე აქტების შეცვლას არ საჭიროებს. აი, ამ საკითხზე იყო საუბარი, შემდეგ განვიხილეთ ანტიდისკრიმინაციული კანონი, პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით თქვა, რომ ჩვენ ევროპიდან არავინ არ გვავალდებულებს ერთსქესიანთა ქორწინებას და ზოგიერთი თითიდან გამოწოვილ სკანდალებს აგორებსო. შემდეგ შევეხეთ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებსაც ერთი ამბავი აქვთ ატეხილი, გვისმენენო. პრემიერმა თქვა, რომ ამჟამად კანონპროექტზე მიმდინარეობს მუშაობა, მაგრამ სიჩქარით შესაძლოა, უფრო მეტი დავაზიანოთ, ვიდრე გავაკეთოთო. აქ საუბარია იმაზე, რომ ჩვენთან მობილური ოპერატორები არ არიან ადგილობრივები და არც ვიცით, ვინ დგანან მათ უკან. როგორც შალვა შავგულიძემ თქვა, ეს კანონპროექტი იმ დონემდე უნდა მივიდეს, რომ არავითარი კითხვის ნიშნები არ დარჩეს. შემდეგ იყო საუბარი ასევე მოახლოებულ არჩევნებთან დაკავშირებით, მორატორიუმზე საერთოდ არ ყოფილა ლაპარაკი, პრემიერ-მინისტრის განცხადება ჩვენთვისაც სიახლე იყო", - აცხადებს "ქართული ოცნების" დეპუტატი დათო ლორთქიფანიძე.

"მორატორიუმის გამოცხადება, ეს არის ევროპული სტილი წინასაარჩევნოდ, მაგრამ ეს არ გამორიცხავს გადაუდებელი საქმეების გამოძიებას და არც სასამართლოში შეჩერდება წარმოება. არავითარი საგამოძიებო საქმეები არ შეჩერდება, უბრალოდ, თუ გუშინ შეიძლებოდა, რომ აღმკვეთი ღონისძიება მიღებულიყო მავანთა მიმართ, შეიძლება არჩევნებამდე ამაზე თავი შეიკავონ, ან გირაოთი შეიცვალოს. აქ შეიძლება საქმე ეხებოდეს დაკავებას, რათა "ნაციონალებს" არ მიეცეთ სალაპარაკო, რომ მათ პოლიტიკური ნიშნით დევნიან, თუმცა უკვე გამოცხადებიდან რამდენიმე საათში "ნაციონალებმა" თავხედობა დაიწყეს. თურმე ეს ყოფილა მათი პოლიტიკური გამჭრიახობა, მორატორიუმი კარგია, მაგრამ ჩვენი აქტივისტები რომ არიან დაკავებული, ისინიც გამოუშვითო", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დათო ლორთქიფანიძე.

"კოალიციის როლი მდგომარეობს იმაში, რომ აქტიურად ვიმუშავოთ ამომრჩეველთან, ქალაქშიც, სოფელშიც და უბანშიც. ვინც ამას მოახერხებს, იმას დაუჯერებენ. თუ "ნაციონალები" ამ საქმეში გვაჯობებენ, ჩვენ უფრო მეტი ადამიანი გაგვინაწყენდება. "ნაციონალები" რომ დამნაშავეები და კრიმინალები არიან, ეს ათასჯერ ვთქვი და ყველამ იცის. მე რაც შემიძლია ვიბრძვი, ვთხოვ, როლანდ ახალაიას ჩამოერთვას კომპანია "სანი", რომლის მეშვეობითაც უამრავი უბედურება აქვს ჩადენილი. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ბიუჯეტიდან 12 მილიონი ლარი აქვს წაღებული, აღარაფერს ვამბობ ე.წ. შემოწირულობებზე. როლანდ ახალაია ადამიანებს აძლევდა ანგარიშის ნომერს და იქ არიცხვინებდა ფულს. ახლა ამას მორატორიუმი ვეღარ უშველის. მას ბრალი უკვე წაუყენეს და მიმდინარეობს გამოძიება, ამას ვერავითარი არჩევნები ვერ შეაჩერებს", - განაგრძობს რესპონდენტი.

"ცხადია, თუ დღევანდელი ხელისუფლება ამათ საარჩევნო პერიოდში ძალიან დააწვება, ესენი აყვირდებიან და ევროსტრუქტურებში დაიწყებენ ჩივილს, - არიქა, გვჩაგრავენო! ჩვენ უკვე მივიღეთ კანონი იმუნიტეტის გაუქმების თაობაზე და კიდევ ვიმეორებ, ახალაიასა და მის მსგავს ადამიანებზე ვერავითარი მორატორიუმი ვერ გავრცელდება. პრემიერმა გამოაცხადა მორატორიუმი, მაგრამ ის ვერ ჩაერევა პროკურატურის საქმიანობაში და ვერ ეტყვის, მავანი დაიჭირეთ, მავანი არ დაიჭიროთო. როგორც პროკურატურა გადაწყვეტს, ისე წარიმართება საქმეები", - დასძენს დათო ლორთქიფანიძე.

იხილეთ დღევანდელი 15 აპრილის პრესის სრული მიმოხილვა "ინტერპრესნიუსზე"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა