აბაშიძე-კარასინის შეხვედრის დეტალები - "რუსეთი არ აპირებს, რაიმე სახის ზეწოლა განახორციელოს საქართველოზე"

აბაშიძე-კარასინის შეხვედრის დეტალები - "რუსეთი არ აპირებს, რაიმე სახის ზეწოლა განახორციელოს საქართველოზე"

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში, ზურაბ აბაშიძის ინფორმაციით, გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ რუსეთი არანაირად არ აპირებს რაიმე სახის ზეწოლა განახორციელოს საქართველოზე ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერასთან დაკავშირებით. ამის შესახებ ზურაბ აბაშიძემ პრაღაში, გრიგორი კარასინთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"ვისაუბრეთ მავთულხლართების თემაზე, რომელიც საოკუპაციო ხაზზე ივლება. კიდევ ერთხელ მოვისმინეთ ასეთი განცხადება, რომ ეს პროცესი დასრულებულია.

მნიშვნელოვანია ასევე ის, რაც მოვისმინე რუსეთის დამოკიდებულებაზე ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერასთან დაკავშირებით. სავსებით ცალსახად, ჩემმა კოლეგამ განაცხადა, რომ რუსეთი არანაირად არ აპირებს რაიმე სახის ზეწოლა განახორციელოს საქართველოზე მოსალოდნელ ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერასთან დაკავშირებით. ვნახოთ, დავაკვირდეთ. ივნისი შორს არ არის და ყველაფერი გამოჩნდება. ყოველ შემთხვევაში ვიმეორებ, თავისთავად ის განცხადება, რაც გრიგორი კარასინის ინიციატივით ითქვა, ვფიქრობ, რომ საინტერესოა", - აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ.

ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრის შემდეგ გრიგორი კარასინი "რია ნოვოსტის" ესაუბრა.

"დიპლომატიური ურთიერთობების არქონის პირობებში, რუსეთი საქართველოსთან სავიზო რეჟიმს ვერ გააუქმებს. ტრადიციულად, ვიზების საკითხი მწვავედ დგას, რადგან, როგორც ცნობილია, 2008 წლის აგვისტოში, მიხეილ სააკაშვილმა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა. დღეს კი ასეთი ვითარებაა - დიპლომატიური ურთიერთობების არქონის პირობებში, საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების სრული ლიბერალიზაცია ნაადრევია. თუმცა, ჩვენ ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში, მნიშვნელოვნად გავაფართოვეთ იმ პირთა კატეგორია, რომლებიც რუსულ ვიზებს იღებენ", - აღნიშნა კარასინმა.

მისი ინფორმაციით, 2013 წელს საქართველოს 25 ათას მოქალაქეს მისცეს რუსეთის ვიზა, რაც 40%-ით მეტია 2012 წლის მაჩვენებელზე.

ამასთან, როგორც გრიგორი კარასინმა აღნიშნა, რუსეთის საგარეო უწყება ჯერ ვერ შეძლებს გააუქმოს რეკომენდაციები საკუთარი მოქალაქეებისთვის, რომელიც გულისხმობს თავი შეიკავონ საქართველოში გამგზავრებისგან, რაც საქართველოს მიერ მიღებულ "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონს უკავშირდება.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თქმით, ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო ტურიზმის საკითხსაც. "ჩვენ იძულებულები ვიყავით აღგვენიშნა, რომ მიუხედავად საქართველოში რუსი ტურისტების რიცხვის გაზრდისა, რჩება დაბრკოლებები "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის" გამო. ამ კანონის გაუქმება, რა თქმა უნდა, ჩვენი ტურისტების რაოდენობას საქართველოში მნიშვნელოვნად გაზრდიდა", - განაცხადა კარასინმა.

გრიგორი კარასინისა და ზურაბ აბაშიძის შეხვედრის მომდევნო რაუნდი ივლისში  გაიმართება.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა