ღარიბაშვილის მთავრობის სკანდალური კულუარები - ოთხი მინისტრი პროტესტის ნიშნად გადადგომას აპირებს?!

ღარიბაშვილის მთავრობის სკანდალური კულუარები - ოთხი მინისტრი პროტესტის ნიშნად გადადგომას აპირებს?!

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გარემოცვაში ღალატია. ამას ადასტურებს ისიც, რომ 15 აპრილს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსმა, ზვიად ჯანყარაშვილმა თანამდებობა დატოვა. მართალია, ჯანყარაშვილი განცხადებას თავად ავრცელებს და საკუთარი გადაწყვეტილების მიზეზსაც განმარტავს: "ქართული ოცნების" ჩამოყალიბების პირველივე დღეებიდან ჩემს მოქალაქეობრივ ვალად მიმაჩნდა, გვერდში დავდგომოდი კოალიციას, ამის შემდეგ ერთგულად ვემსახურე საერთო საქმეს, ახლა კი ვტოვებ თანამდებობას, რადგან ირაკლი ღარიბაშვილის ნათესავი გახლავართ და არ მინდა, ამან უხერხულობა გამოიწვიოსო, მაგრამ ეს ლამაზი "სადღეგრძელო" უფროა, ვიდრე რეალობა. დღეს ზვიად ჯანყარაშვილს ადანაშაულებენ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარესთან, ირაკლი შიხიაშვილთან ალიანსში და "ნაცზონდერებთან" მეგობრობაში, ასევე სააკაშვილის "ზონდერ" გია უდესიანის ლობირებაში. თითქოს ის ამის გამო დაეჯახა კახი კალაძეს, რომელიც "ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში შიხიაშვილის ჩასმას ეწინააღმდეგება. ჯანყარაშვილს უხსენებენ "ჯო-ენ"-ის კლინიკაში მომხდარ ინციდენტსაც: რამდენიმე დღის წინ იქ თამაზ თამაზაშვილი მიიყვანეს, ადგილი არ იყო, მისი დისშვილი, ზვიად ჯანყარაშვილი მივარდა და ექიმებს გინება დაუწყო, რას ჰქვია, ადგილი არ გაქვთო?!

როგორც "ალიას" ინკოგნიტო წყარო უყვება, მისი გათავისუფლების მიზეზი კი არის ნაწილობრივ ზემოჩამოთვლილი ფაქტები, მაგრამ სინამდვილეში საქმე იმაზე რთულადაა, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია: "რაკი ახლა ამდენი ითქვა, აუცილებელია, საგამოძიებო ორგანოები დაინტერესდნენ, თუ ვინ იდგა ლაითურის ციხის მშენებლობის უკან თავისი შპს-ებით და ინტერესებით? (ინტერნეტში ლაითურის ციხესთან დაკავშირებით, მხოლოდ მუშების გაფიცვა იძებნება, რომლებიც კომპანია "მშენებელი 2011"-სგან რამდენიმეთვიანი სახელფასო დავალიანების ანაზღაურებას ითხოვენ. - რედ.). თუ კარგად გამოიძიებენ, კვალი "ჩერეზ" ჯანყარაშვილი, მიგვიყვანს სასჯელაღსრულების სამინისტროს მაღალჩინოსნებთან. როგორც ჩანს, ეს ამბავი შიგნითვე გასკდა. მეორე მძიმე თემაა წამლის, "ექსტაზის" საბურთალოელი და ვაკელი "ბარიგები" (ამ საკითხზე მეტი კონკრეტიკისგან წყარომ თავი შეიკავა. - რედ.). ეს ადამიანები პირდაპირ კავშირში არიან ამ საქმესთან. მესამე – თითქმის ყველა სამინისტროში შესულები არიან სააკაშვილის "ზონდერები", რომლებიც პროვოკაციების მოწყობას გეგმავენ არჩევნების წინ. განსაკუთრებით გადასამოწმებელია ფინანსური პოლიციის რიგები. ირაკლი ღარიბაშვილს არა მხოლოდ გარეულები, შინაურებიც ღალატობენ და იყიდებიან "ნაციონალების" ფულზე. მე მესმის, რომ ეს ძალიან დიდი ბრალდებაა, მაგრამ ეს არის 100-პროცენტიანი ინფორმაცია. თქვენ გჯერათ, რომ ჯანყარაშვილი თავისი ნებით გადადგა? ასე იმიტომ იქცევა, რომ ხალხმა არ იჭორაოს. მე ერთი რამე ვერ გამიგია, რატომ ღალატობენ ასე ირაკლი ღარიბაშვილს? ახლა უკვე პრემიერ-მინისტრის გადარჩენაზეა ლაპარკი. ეს ყველაფერი არის მის წინააღმდეგ მიმართული საბოტაჟი, ოთხი მინისტრი ჩასაფრებული ელოდება მოვლენების განვითარებას, ცოტა ხანში აპირებენ ჯანყარაშვილის თემის წამოწევას, სხვა რაღაცებზე სკანდალის ატეხას და მერე გადადგომას. კანონის მიხედვით, ამის შემდეგ მთელი მთავრობა უნდა გადადგეს პრემიერის ჩათვლით, რომელიც ხელახლა უნდა დანიშნოს პრეზიდენტმა. გიორგი მარგველაშვილი ღარიბაშვილს აღარ დანიშნავს პრემიერ-მინისტრად, მას გამზადებული ჰყავს ირაკლი ალასანია. დაუკვირდით, უკვე დაიწყო ალასანიას გაპიარება, უკვე გამოფინეს ფოტოები, როგორ ვარჯიშობს ის ჯართან ერთად. იგივე ჯანყარაშვილს რომ შეჰყავდა სახელმწიფო უწყებებში "ზონდერები", ისინი ირაკლის წინააღმდეგ გამოვლენ, ძირს უთხრიან. ამ დღეებში ღარიბაშვილთან ერთი მაღალჩინოსანი შევიდა და პირდაპირ უთხრა ჯანყარაშვილის შესახებ, პრემიერი გაოცებული დარჩენილა, თურმე ვერ იჯერებდა. დღეს ასევე დიდ საშიშროებას წარმოადგენს სასჯელაღსრულების სისტემა, ციხეები ბუნტის პირასაა, ჯანყარაშვილის მიერ მიყვანილმა დიმიტრი დარბაისელმა დაანგრია ყველაფერი, მოსპო და გაანადგურა.

კიდევ ერთი ფაქტი, 15 აპრილს მარგველაშვილი შეხვდა ექსპერტებს, მიდის მათი გადაბირება. ეს ის ექსპერტები არიან, რომლებიც ბიძინა ივანიშვილისგან ფულს იღებდნენ და ახლა ნაწყენები არიან ცნობილი შეხვედრის, ანუ მიჭირხვნის გამო. გარდა ამისა, ფულს აღარ აძლევს და გამწარდნენ. მარგველაშვილი გარშემო იკრებს განაწყენებულ ტიპებს, 15-ში უკვე კარგად ჩაჭუკჭუკდნენ, ირაკლი ღარიბაშვილი უნდა დატოვონ მარტო. მის წინააღმდეგ ერთიანდებიან "ლიბერასტები", "ნაცები" და მარგველაშვილის "სასტავი". მას დღეს რამდენიმე ადამიანი ჰყავს ერთგული, მაგრამ ასეთები თითებზე ჩამოსათვლელები არიან".

ბოლო დღეებში მიდის სპეკულირება, თითქოს ბიძინა ივანიშვილი საქართველოდან გაქცევას აპირებს, არადა, როგორც კულუარებში ამბობენ, გაქცევას კი არა, ის პოლიტიკაში დაბრუნებაზე ფიქრობს.

რედაქციისგან: მივყვეთ წყაროს ინფორმაციას და რამდენიმე საკითხი განვიხილოთ.

1. ვინ არის ჯანყარაშვილი? ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრის, გენერალ თამაზ თამაზაშვილის დისშვილი. რატომ შეიძლება ჯანყარაშვილს ერქვას მოღალატე? თუ ის ღარიბაშვილის ზურგსუკან "ნაციონალების" "ზონდერებს" ლობირებდა და ციხის მშენებლობაში რაიმე ფინანსური დაინტერესება, მართლაც შეიძლება მოღალატედ ჩაითვალოს.

გარდა ამისა, როგორც თავად ჯანყარაშვილი ამბობს, "ქართული ოცნების" ჩამოყალიბების პირველივე დღეებიდან კოალიციას, ანუ ღარიბაშვილს გვერდით ედგა და იმიტომ მივდივარ, არ მინდა არჩევნების წინ ჩვენი ნათესაობა სალაპარაკო გახდესო. ამ ლოგიკით, როდესაც არჩევნები ახლოვდება, ღარიბაშვილს არაერთი მტერი გამოუჩნდა და ერთგული ადამიანების გვერდში დგომა სჭირდება, მხოლოდ ნათესაობის მომიზეზებით სამსახურის დატოვება მართლაც შეიძლება ღალატად ჩაითვალოს, რადგან მისი და ირაკლის ნათესაობაზე დიდი ხანია საუბრობენ და თუ ირაკლის პრესტიჟი ადარდებდა, ადრევე გადადგებოდა. ახლა რა გამოდის, "ბრძოლის" წინ მიატოვა თუ თანამდებობის გარეშე აპირებს მის გვერდში დგომას?

მსგავსი მსჯელობით, ასე თამაზაშვილსაც მივადგებით. თუ მისი დისშვილი მართლაც საშინელებებს სჩადიოდა, ამის შესახებ გამოცდილ ოპერატიულ მუშაკს, გენერალ კაცს რამე რომ არ სცოდნოდა დაუჯერებელია. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის არც ისეით ძლიერი პროფესიონალი ყოფილა, როგორადაც ასახელებენ. რა გამოდის, სიმამრი სიძეს დისშვილის შესახებ ინფორმცაიებს უმალავდა? არა და, თუ წყარო მართალს ამბობს და მაღალჩინოსნის ნათქვამზე პრემიერი მართლაც გაოცდა, ასე გამოდის.

2. წყარო ამბობს, რომ სამინისტროებში ჩანერგილი "ზონდერები" საარჩევნოდ პროვოკაციებს გეგმავენ, მაგრამ ღარიბაშვილს უკვე ახლობლებიც ღალატობენ და ამის შესახებ შეიძლება არ იცოდესო. ღარიბაშვილი პრემიერობამდე შს მინისტრი იყო და როგორც მაშინ ამბობდნენ, ამ უწყების ყველა სამსახურის ხელმძღვანელად თავისი ერთგული კადრები ჰყავდა დანიშნული. ირაკლის წინააღმდეგ თუ ვინმე მოქმედებს, ეს უნდა იცოდეს მინიმუმ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, მოსმენების სამსახურმა და ა.შ. თუკი ღარიბაშვილს ამ ინფორმაციებს არ აწვდიან, რა გამოდის, შსს-ს მაღალჩინოსნებიც, რომლებიც ერთეულები არ იქნებიან, მოსყიდული არიან? და მაშინ რას აკეთებს პრემიერის კადრი, შს მინისტრი ჭიკაიძე? ორი ვარიანტია - ან ისიც უმალავს ინფორმაციებს, ან სამინისტროში სიტუაციას ვერ მართავს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ მაღალჩინოსნებს სამსახურიდან დაითხოვდა და ეს უხმაუროდ არ ჩაივლიდა, როგორც ჯანყარაშვილის შემთხვევაში მოხდა.

3. დავუშვათ, წყარო აბსოლუტურ სიმართლეს ამბობს, "ხავერდოვანი გადატრიალება" მართლაც მზადდება და როგორც წყარო ამბობს, ღარიბაშვილი ამის შესახებ ინფორმირებულია, რა შეიძლება ამას პრემიერმა დაუპირისპიროს? ალბათ, ხმაურიან განცხადებებს და მძაფრ რეაქციებს მოერიდება, ქვეყანაში სიტუაციის შესაძლო დაძაბვის თავიდან ასაცილებლად, ამიტომ ყველაზე იოლი გზაა, იმ ოთხიდან მინიმუმ ორი მაინც გადააყენოს, საამისო მიზეზს დღევანდელ სიტუაციაში ნებისმიერს მოუძებნის. ამით ღარიბაშვილი მინისტრთა კაბინეტის ხელახალი დაკომპლექტების აუცილებლობას აიცილებს თავიდან და მისი მოწინააღმდეგეების გეგმაც ჩავარდება.

3. რაც შეეხება ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას. თუ ის მართლაც აპირებს ამას, ძნელი დასაჯერებელია 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებს დაელოდოს და თავისივე "ქართული ოცნების" მეშვეობით მოვიდეს პოლიტიკაში. ისიც ნაკლებ სავარაუდოა, რომ პარლამენტის უმრავლესობამ თავისით დანიშნოს ვადამდელი არჩევნები. ჯერ ერთი, კოალიციის პარტიები თავის თამაშს თამაშობენ, იციან, რომ ბიძინა ახალ პარლამენტში მათ აღარ შეიყვანს თავისით კი ვერ მოხვდებიან. და მეორეც - ამისთვის კანონით განსაზღვრული წინაპირობები უნდა არსებობდეს, თუნდაც სახელისუფლებო კრიზისი. ამიტომ, არსებობს მოკლე გზაც. იმის გათვალისწინებით, რომ მოსახლეობა ივანიშვილზე მეტად აგრესიას მთავრობისა და პარლამენტის მიმართ გამოხატავს, მას შეუძლია ხალხს მიმართოს, არჩევნებამდე რასაც დაგპირდით, არც ეს პარლამენტი და არც ჩემი დატოვებული მთავრობა არ ასრულებს, ცხოვრება გაუარესდა, ქვეყანა წინ არ მიიწევს, სამართლიანობის აღდგენა შეჩერდა, გავერთიანდეთ და ერთობლივად მოვითხოვოთ ვადამდელი არჩევნები და ერთად მივხედოთ ქვეყანასო. ამ გზამ ერთხელ უკვე გაუმართლა და ხალხის ყოფიდან გამომდინარე, ალბათ, მეორედაც გაამართლებს. ივანიშვილისთანა ლიდერის გამოჩენის შემთხვევაში დიდი ალბათობით, არა მხოლოდ მოსახლეობის უდიდესი მასა გამოვა ქუჩაში, არამედ, ალბათ, არასაპარლამენტო პარტიებიც შეუერთდებიან მას. პროტესტის მასობრიობის, ამ ხელისუფლების მხრიდან დასავლეთის წინაშე აღებული ვალდებულებებიდან და ღარიბაშვილის ფაქტორიდან გამომდინარე, ხელისუფლება რადიკალურ ზომებზე არ წავა და დიდი ალბათობით, ახალ არჩევნებს დანიშნავს, სადაც ივანიშვილს არათუ "ოცნების" ნებისმიერი პარტიის სახელით გამარჯვებაც არ გაუჭირდება და პირველი, რითაც ის იამაყებს, იქნება ის, რომ "ნაციონალები" პარლამენტს ჩამოაშორა.

თუმცა ეს მხოლოდ ვარაუდებია და ცხოვრებაში ყველაფერი სხვაგვარად ხდება ხოლმე. დაველოდოთ და მომავალში გამოჩნდება, რა როგორ მოხდება.

გელა ზედელაშვილი

გაზეთი "ალია"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა