"როცა ხელისუფლებაში მიდიხარ, მარტოობა გარანტირებული გაქვს" - თინა კანდელაკი პირად ცხოვრებაზე, მიშასა და პუტინზე

"როცა ხელისუფლებაში მიდიხარ, მარტოობა გარანტირებული გაქვს" - თინა კანდელაკი პირად ცხოვრებაზე, მიშასა და პუტინზე

წარმატებული ბიზნესლედი სკანდალური იმიჯით" - ასე მოიხსენიებს რუსული ისტებლიშმენტი მოსკოვში მცხოვრებ ქართველ ტელეწამყვან თიკა კანდელაკს, რომელიც ბიზნესის პარალელურად რუსეთის ყველაზე რეიტინგული არხებისთვის გადაცემებს ამზადებს. ის კომპანია "აპოსტოლმედიას" მფლობელი და ორი შოუს "- "ყველაზე ჭკვიანისა" და "არარეალური პოლიტიკის" წამყვანია. მოსკოვში საკუთარი რესტორანი აქვს და რუსული "ვიატკა ბანკის" დირექტორთა საბჭოს წევრიც გახლავთ. თიკამ პოლიტიკაშიც სცადა ბედი. როგორც ამბობენ, სწორედ ეს გახდა მისი უზრუნველი და წარმატებული მომავლის გარანტია. "კვირის პალიტრა" თიკა კანდელაკს მოსკოვში დაუკავშირდა:

- თიკა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ პირველ ქმართან, თემურ დოლიძესთან ერთად საქართველოშიც გაქვთ ბიზნესი.

- რა ჩემი ქმარი? თემიკო ჩემი ბავშვობის საყვარელი მეგობარია. არანაირი ბიზნესი არა გვაქვს. მხოლოდ ერთხელ გავთხოვდი, ამჟამად ქმარს გაშორებული ვარ. ანდრეი კონდრახინი ჩემი პირველი და უკანასკნელი ქმარი იყო.

- უკანასკნელი? გამოდის, გათხოვებას აღარ აპირებთ...

- ამ შეკითხვას ჟურნალისტები ხშირად მისვამენ. გეტყვით მარტივად: Дорога во власти, это дорога одиночества, ანუ როცა ხელისუფლებაში მიდიხარ, მარტოობა გარანტირებული გაქვს. არ ვგულისხმობ იმას, რომ ასეთ შემთხვევაში ოჯახი აუცილებლად ინგრევა, ან არავინ ქორწინდება, უბრალოდ, შენ უკვე გააკეთე არჩევანი, იღებ უდიდეს პასუხისმგებლობას და იმ მიზანს უნდა ემსახურო, რომელიც დაისახე. აქედან გამომდინარე, უკვე 7 წელია "თავისუფალი" ვარ. ვერ გეტყვით, რომ არავის მოვწონვარ ან მე არავინ მომწონს, მაგრამ ბოლო 7 წელია, არც ერთი მამაკაცი ჩემი შვილებისთვის ისე არ წარმიდგენია, როგორც ადამიანი, რომელთანაც ვაპირებ ცხოვრებას... თუ ასეთი გადაწყვეტილება მივიღე, მაშინ უნდა გავთხოვდე. არა იმიტომ, რომ ქართველი ქალი ვარ და გათხოვებას დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ, უბრალოდ, ძალიან დაკავებული ვარ, პირადი ცხოვრებისა და სერიოზული ურთიერთობის დრო ჩემს გრაფიკში არ მოიაზრება. თავისუფალ დროს შვილებსა და დედას ვუთმობ. ჩათვალეთ, რომ პირადი ცხოვრება არა მაქვს.

- ბოლოს როდის იყავით საქართველოში?

- წელს, 9 ნოემბერს ჩამოვედი თბილისში და 10-ში უკან დავბრუნდი. სამწუხაროდ, ვერაფრის ნახვა ვერ მოვასწარი.

- მუდმივად აკრიტიკებდით მიხეილ სააკაშვილს, შუა საუკუნეების ტირანს უწოდებდით და პოლიტიკურ კურსს უწუნებდით. ახალ ხელისუფლებაზე რა აზრის ხართ?

- როგორც ქართველი, ვალდებული ვარ, თვალყური ვადევნო ქართულ პოლიტიკას, მაგრამ დღეს, სამწუხაროდ, ამას ვერ ვახერხებ. როდესაც მარგველაშვილი პრეზიდენტი გახდა და ინტერვიუ მისცა "ვრემიას", მხოლოდ მაშინ მოვკარი მის გამოსვლას თვალი... დრო არა მაქვს, რომ საფუძვლიანად გავერკვე, რა ხდება საქართველოში, როგორ შეიცვალა შიდა პოლიტიკა, ან როგორ ავითარებს ხელისუფლება საგარეო კურსს. მხოლოდ ის ვიცი, რომ ახალგაზრდა პრემიერი და პრეზიდენტი, რომელთაც არა აქვთ საკუთარი ბიზნესი, ქვეყანას აძლევენ შანსს, სხვა გზით წავიდეს. სამწუხაროდ, კახი კალაძის გარდა, ახალი მთავრობის წევრებიდან არავის ვიცნობ. კახიც წლებია, არ მინახავს. რაც შეეხება საგარეო კურსს, დღევანდელი გეოპოლიტიკა, გარკვეულწილად, ერთპოლუსიანი გახდა, მაგრამ ეს დროებითია - მსოფლიოს მთავარ პოლიტიკურ მოთამაშეს, ამერიკას კარგად ესმის, რომ მეორე ძლიერი მოთამაშე რუსეთია... ყოველთვის ვამბობდი, რომ საქართველოს მომავალი, გვინდა თუ არა ქართველებს, რუსეთთან არის დაკავშირებული. რუსეთი საქართველოს მეზობელია და მეტი საშუალების მომცემია, ვიდრე ამერიკა.

- რას გულისხმობთ საშუალებებში?

- მაგალითად, საქართველოს შეუძლია რუსეთთან ისეთი ურთიერთობა ჩამოაყალიბოს, რომ რუსული კაპიტალით ქვეყანაში უამრავი სამუშაო ადგილი შექმნას.

- ხშირად აკრიტიკებდით სააკაშვილს, მაგრამ ცუდი არაფერი გითქვამთ პუტინზე, ასეთი უნაკლოა?

- უკრაინაში ბევრი ახლობელი მყავს. ხშირად ვეუბნები, რომ დღეს ცუდად ცხოვრობენ. უკრაინაში როგორი ხელისუფლებაც უნდა მოვიდეს, მთავარია, ხალხი როგორ იცხოვრებს - უკეთესად თუ უარესად. დღეს უარესად ცხოვრობენ და უფრო უარესად იქნებიან, თუ ყველაზე მთავარს - ეკონომიკურ ურთიერთობას გაწყვეტენ რუსეთთან. პუტინმა მიაღწია იმას, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში რუსეთში ცხოვრების დონე ძალიან ამაღლდა, შეიქმნა სამუშაო ადგილები და ხალხი დასაქმებულია. ერთმა ამერიკელმა დიპლომატმა და გავლენიანმა პირმა მითხრა: ამას ვერასოდეს ვიტყვი ამერიკაში ხმამაღლა, მაგრამ რუსეთის ნახვის შემდეგ დავრწმუნდი, რომ ეს ქვეყანა დაჩოქილი აღარ არის და ბევრ ევროპულ ქვეყანას მოიტოვებს უკანო. აქედან გამომდინარე, როგორ არ დავუჭირო მხარი პუტინს?!

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა