წავა თუ არა ივანიშვილი ქართული პოლიტიკიდან

წავა თუ არა ივანიშვილი ქართული პოლიტიკიდან

"პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე "რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, რომ ივანიშვილის საქართველოდან წასვლა ხელისუფლებისთვის კარგი იქნება, რადგან ახლა თანამდებობის პირების ივანიშვილზე საკუთარი პასუხისმგებლობის ნაწილის დელეგირებას ახდენენ, ამ უკანასკნელის წასვლის შემთხვევაში კი თავად მიუწევთ გადაწყვეტილებების მიღება, რაც მათ პროფესიონალიზმს გაზრდის", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით წავა თუ არა ივანიშვილი ქართული პოლიტიკიდან.

"განხეთქილებაზე საუბარი შეიძლება მას მერე, რაც ცნობილი გახდება პრეტენზიები. მაგრამ რამდენადაც "ოცნება" არის ივანიშვილის ხელით შემოტანილი ქართულ პოლიტიკურ სივრცეში და ეს პარტია ივანიშვილის პარტიაა, ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ დანარჩენი პარტიების მხრიდან პრეტენზიებიც არ იქნება და არც კონფლიქტი მოხდება. დაპირისპირების შემთხვევაში, ანუ სხვადასხვა პოზიციაზე რომ იდგნენ ადამიანები, ისინი ამ განსხვავებას დაპირისპირებად გადააქცევენ თუ არა, ბევრ რამეზეა დამოკიდებული. ადამიანი, შესაძლოა, განსხვავებულად ფიქრობდეს, მაგრამ კონფლიქტში არ გადაზარდოს იმიტომ, რომ ეს კონფლიქტი უფრო ძვირად დაუჯდეს თითოეულ მხარეს, ვიდრე აზრთა სხვაობა. აზრთა სხვაობა კი რომ იყოს, ეს ძალიან ბუნებრივია და ამაში საგანგაშო არაფერი არ არის", - აცხადებს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე.

"მე არ მიმაჩნია ბუნებრივად, ეს დაპირისპირება რომ არ იყოს. ნამდვილად უნდა იყოს. ნებისმიერი მეფის კარზე, ნებისმიერ მთავრობაში, ნებისმიერ ხელისუფლებაში ეს დაპირისპირებები არის. მაგრამ მთავარი ისაა, ამ დაპირისპირებას როგორ უმკლავდებიან. ამ დაპირისპირების ლამის სამოქალაქო ომად წარმოჩენა ნორმალური არ მგონია", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.

"ივანიშვილის საქართველოდან წასვლაზე რაიმე კონკრეტული ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ პრინციპში, რომც წავიდეს, არც ეს არ გამიკვირდება. მის ცხოვრებაში ბოლო პერიოდში ბევრი რამ მოხდა, პოლიტიკაში მოსვლის ჩათვლით და ამიტომ, წესით, ადამიანს უნდა ჰქონდეს საშუალება, რომ თავის ადრინდელ ცხოვრების წესს გადახედოს. შეიძლება ახალი გრაფიკის შემუშავება დასჭირდეს და ამის საშუალება უნდა ჰქონდეს. ივანიშვილს აქვს იმის საშუალება, რომ დისტანციაზე გავიდეს, რათა განსაზღვროს, როგორ გააგრძელოს ცხოვრება. იყოს ისევ ქველმოქმედი თუ კიდევ სხვა რამე გააკეთოს. საქართველოში რომ იქნება, წუთში ერთხელ ვიღაცა მიადგება კითხვით, რა როგორ გააკეთოს. ამიტომ მისთვის წასვლა ბუნებრივი იქნება. მინიმუმ დისტანცირება საჭიროა და მერე რას იზამს, ჩამოშორდება თუ არა, მისი გადასაწყვეტი იქნება", - განაგრძობს რესპონდენტი.

"მის წასვლას საქართველოს შიდა პოლიტიკაზე ძალიან დიდი გავლენა ექნება იმიტომ, რომ თითოეული პასუხისმგებელი პირი თავისი პასუხისმგებლობის ნაწილის დელეგირებას ივანიშვილზე ახდენს და მისი წასვლით საკუთარ გადაწყვეტილებებში იქნებიან დამოუკიდებელნი - ეს მათ პროფესიონალიზმს გაზრდის", - დასძენს რამაზ საყვარელიძე.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა