ირაკლი ღარიბაშვილი - საქართველო ინვესტორებისთვის სულ უფრო მიმზიდველი ხდება

ირაკლი ღარიბაშვილი - საქართველო ინვესტორებისთვის სულ უფრო მიმზიდველი ხდება

საქართველო ინვესტორებისთვის სულ უფრო მიმზიდველი ხდება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სასტუმრო "რედისონში" "ლიდერ ცემენტის" პროექტის პრეზენტაციაზე განაცხადა. მისივე განმარტებით, ქარხანამ უნდა აწარმოოს განსაკუთრებული ტექნიკური მახასიათებლების ისეთი კლასის ცემენტი, რომელიც შეესაბამება საშუალო და დიდი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის ევროპულ სტანდარტებს.

"საქართველოში მსოფლიოს ლიდერი კომპანიების შემოსვლა, მათი დაინტერესება მიუთითებს იმაზე, რომ ქვეყანა ინვესტორებისთვის სულ უფრო მიმზიდველი ხდება და ჩვენთან ბიზნესისათვის ხელსაყრელი და ჯანსაღი გარემოა. ამ მასშტაბის პროექტის განხორციელება საქართველოს ეკონომიკური განვითარებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია. მისასალმებელია, რომ ქართულმა კომპანიამ "ლიდერ ცემენტმა" შეძლო პარტნიორული ურთიერთობების დამყარება გიგანტკომპანია "ლაფერჟთან", კომპანიასთან, რომელსაც სამშენებლო მასალების წარმოების მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, ფლობს უნიკალურ ცოდნასა და გამოცდილებას და ცნობილია ბიზნესის მდგრადი განვითარებით, ინოვაციური პროდუქტების შექმნითა და უმაღლესი სტანდარტის ცემენტის წარმოებით. სწორედ ასეთი კომპანიების შემოსვლა და მათი პარტნიორობით განხორციელებული პროექტები ხელს შეუწყობს და სტიმულს მისცემს საქართველოში წარმოების განვითარებას და ზოგადად ქვეყნის ეკონომიკის აღმავლობას. მინდა გითხრათ, რომ წელს დავოსში, ეკონომიკურ ფორუმზე მე შევხვდი "ლაფერჟის" აღმასრულებელ დირექტორ ბრუნო ლაფონტს და კიდევ ერთხელ დავუდასტურე, რომ ჩვენ მზად ვართ ყოველმხრივ შევუწყოთ ხელი ამ პროექტის განხორციელებას. ჩვენი ქვეყნისთვის, კერძოდ კი, დასავლეთ საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ფოთში აშენდება ცემენტის ქარხანა, რომელიც აღჭურვილი იქნება უახლესი ტექნოლოგიებით და აწარმოებს ევროპული სტანდარტების შესაბამის პროდუქტს.

საქართველოში ცემენტის ინდუსტრიის განვითარება და ხარისხის ამაღლება საგრძნობლად გააუმჯობესებს ქვეყანაში მშენებლობის ხარისხს. ეს სასიცოცხლოდ აუცილებელია ისეთი ამბიციური პროექტების განხორციელებისთვის, რომლებიც ჩვენს მთავრობას აქვს დაგეგმილი. როგორც ვიცით, ქარხანამ უნდა აწარმოოს განსაკუთრებული ტექნიკური მახასიათებლების ისეთი კლასის ცემენტი, რომელიც შეესაბამება საშუალო და დიდი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის ევროპულ სტანდარტებს. ეს იქნება საიმედო ევროპული ხარისხის პროდუქტი, რომელიც გამოიყენება როგორც გზების მშენებლობისთვის, ისე ინფრასტრუქტურული პროექტებისა და თანამედროვე შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ამასთან, პრემიერის თქმით, ადგილობრივი წარმოების მაღალი ხარისხის ცემენტის გამოყენება ქართულ სამშენებლო კომპანიებს საშუალებას მისცემს ნაკლებად იყვნენ დამოკიდებული იმპორტზე.

"იმპორტული ცემენტის ჩანაცვლება ადგილობრივი პროდუქტით და ცემენტის ბაზარზე საქართველოში ნაწარმოები პროდუქციის გამოჩენა გაზრდის ბაზრის კონკურენტუნარიანობას და ამავდროულად ხელს შეუწყობს ეკონომიკის სტიმულირებას. როგორც გვპირდებიან, ქარხანა 2015 წლის ზაფხულისთვის სრული სიმძლავრით უნდა ამოქმედდეს და დაიწყოს ქართული ცემენტის გამოშვება და რეალიზაცია. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ქარხანაში ძირითადად დასაქმდება ადგილობრივი მუშახელი. ამჟამად მშენებლობაზე დასაქმებულთა რიცხვი დღითი დღე იზრდება. მისასალმებელია ისიც, რომ ქარხნის მშენებლობის პროცესში აქტიურად არიან ჩართული ადგილობრივი სამშენებლო და საგზაო კომპანიები. ქარხნის მშენებლობა და მისი ექსპლუატაცია მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს რეგიონის ეკონომიკურ განვითარებას. ასეთი მაღალი კლასის საერთაშორისო საინჟინრო კომპანიის მონაწილეობა პროექტში იქნება იმის გარანტია, რომ ქართველი ინჟინრები გაიზიარებენ საერთაშორისო გამოცდილებას, გაიზრდება მაღალკვალიფიციური კადრები, ყოველივე ეს კი ხელს შეუწყობს ქვეყანაში მშენებლობაში ევროპული სტანდარტებისა და ხარისხის დამკვიდრებას", - აღნიშნა პრემიერმა.

გარდა ამისა, ღარიბაშვილმა აქცენტი ამ ტიპის პროექტის განხორციელების პროცესში გარემოს დაცვის ზრუნვაზეც გააკეთა და განმარტა, რომ ამ მხრივაც ყველაფერი წესრიგშია.

"როდესაც ასეთ პროექტებს ვახორციელებთ, პირველ რიგში, უნდა ვიზრუნოთ გარემოს დაცვაზე. როგორც ვიცი, ამ მხრივაც ყველაფერი წესრიგშია - პროექტი ითვალისწინებს გარემოს დაცვის შესაბამის მექანიზმებს და მიდგომა ამ საკითხისადმი აგრეთვე ევროპული სტანდარტის შესაბამისია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ქარხანაში ყველა ეკოლოგიური სტანდარტი იქნება დაცული და ზიანი არ მიადგება გარემოს. და ბოლოს, მინდა გითხრათ, ჩვენ დაინტერესებული ვართ ნებისმიერი პროექტით, რომელიც დამატებითი სტიმული იქნება ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისა და აღმავლობისათვის. ამიტომ გპირდებით, რომ მთავრობა, თავის მხრივ, ძალისხმევას არ დაიშურებს და ყოველმხრივ შეგიწყობთ ხელს ამ პროექტის წარმატებით განხორციელებაში", - დასძინა ირაკლი ღარიბაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა