"სააკაშვილს ცოლი გაექცა" - ინტერვიუ, რომლის გამოც ვალერი გელაშვილი ლამის ცემით მოკლეს

"სააკაშვილს ცოლი გაექცა" - ინტერვიუ, რომლის გამოც ვალერი გელაშვილი ლამის ცემით მოკლეს

გაზეთი "რეზონანსი", 2005 წლის 29 ივნისი

რამდენიმე თვეა, რესპუბლიკელები აცხადებენ, რომ მათ რიგებში სულ უფრო მეტი ხალხი ერთიანდება. ორი დღის წინ განსაკუთრებული აქცენტი იმ ფაქტზე გაკეთდა, რომ "რესპუბლიკელებს" რამდენიმე ცნობილი სახე შეუერთდა. მათ შორის, ბიზნესმენი ვალერი გელაშვილი. "მე ჩემს ქვეყანაზე გული შემტკივა და ასეთი პრეზიდენტი არ მინდა", - აცხადებს გელაშვილი. პოლიტიკურ პარტიაში გაერთიანების შესახებ "რეზონანსი" უკვე რესპუბლიკელ ვალერი გელაშვილს ესაუბრა.

"დღესდღეობით რესპუბლიკურ პარტიაზე მხოლოდ კარგის თქმა შემიძლია და მინდა, რომ ხვალისთვისაც ასევე კარგი მესმოდეს, როგორც ჩემგან, ასევე ხალხისგან.

- კონკრეტულად რა არის კარგი, რა პრინციპი იყო მისაღები, ან არ იყო, ან აქამდე რატომ არ გაერთიანდით?

- სხვათა შორის, მეორე მოწვევის დეპუტატი ვარ და არსად არ მივსულვარ. ავდექი და პირდაპირ, მე თვითონ, მივედი. ამასაც ხომ მნიშვნელობა აქვს? ე.ი. კარგი ყოფილა და იმიტომ მივედი, თორემ, ხომ იცით, ბიზნესიდან მოსულ ადამიანს კარგი და ცუდი არ ეშლება. კარგიც ვიცით, ცუდიც ვიცით, მხოლოდ და მხოლოდ კარგს ვეძებთ და ამიტომ კარგთან მივედი. დამთავრდა.

- ხელისუფლებამ რითი არ დაიმსახურა თქვენი ნდობა?

- ხელისუფლებამ? თქვენი აზრით, იმსახურებს რამეს? ხელისუფლება იმსახურებს მხოლოდ ცუდს და ცუდს და კიდევ მესამედ ცუდს. ხელისუფლებამ კარგი რითი უნდა დაიმსახუროს?

- კონკრეტულად?

- კონკრეტულად ყველანი ცუდები არიან. დამისახელეთ, ხელისუფლებაში კარგი ვინ არის და იმაზეც გეტყვით ცუდს. რა, "რეზონანსი" თვლის, რომ ვინმე კარგია?

- ჩვენ თქვენი აზრი გვაინტერესებს...

- მე ვამბობ, რომ ყველა ცუდია. თქვენ ამბობთ, რომ ვიღაცა მაინც კარგია.

- ჩვენ გვაინტერესებს, თქვენი აზრით, ყველა ცუდი რატომ არის?

- იმიტომ, რომ, საერთოდ, კარგი არაფერი გაუკეთებიათ. დაკონკრეტებამდე თუ მივალთ, მაშინ კონკრეტული პიროვნება დამისახელეთ და გეტყვით, რატომ არის ცუდი.

- პრეზიდენტი არ მოგწონთ?

- პრეზიდენტი მომწონს თუ არა? რას ლაპარაკობთ, პრეზიდენტს რომ ცოლი გაექცევა, როგორ ფიქრობთ, ის კარგი პრეზიდენტია?

- საიდან გაქვთ ინფორმაცია, რომ პრეზიდენტს ცოლი გაექცა?

- მთელი თბილისი მაგაზე ლაპარაკობს და თქვენ არაფერი იცით? წავიდა და აღარ ჩამოდის. როდესაც ცოლ-ქმარს შორის კარგი ურთიერთობაა, არ არსებობს, რომ ამდენი ხნით ასე უმიზეზოდ, ან მოგონილი მიზეზით დაშორდნენ. 23 წელია, მეუღლე მყავს და ათ დღეზე მეტ ხანს არ დავშორებულვარ. ოჯახში მივდივარ და ბავშვებთან მივდივარ.

- ასეც რომ იყოს, მეუღლის გაქცევა პოლიტიკასთან რა შუაშია?

- ჯერ ერთი, ოჯახი ყოველთვის დიდ როლს თამაშობს. მეორეც, გაზეთმა თუ არ იცის, ქალაქში რას ამბობენ, ვალერი გელაშვილმა საიდან უნდა იცოდეს?

- ქალაქში იმასაც ამბობენ, რომ თქვენ ხელისუფლებაზე ბიზნესინტერესების გამო ხართ განაწყენებული.

- ღმერთმა ნუ მიმიყვანოს იქამდე, რომ მე ბიზნესინტერესი არ მქონდეს.

- ე.ი. მართალია? რატომ გაუნაწყენდით ხელისუფლებას?

- კონკრეტულად რას გულისხმობთ?

- სამთავრობო რეზიდენციის პრივატიზაცია გინდოდათ?

- როგორ გეკადრებათ. მე არავითარი ინტერესი არ მქონია. მე ინტერესი მქონდა, რომ ჩემი სახლი ამეშენებინა და ჩემი ოჯახი შემესახლებინა. თუ გნებავთ, გაჩვენებთ. გასაღები უკვე ჩემ ხელთაა და დაცვის ბიჭებიც გეტყვიან, ეს სახლი ვისია.

- ეს სახლი როდიდან გაქვთ?

- მიწა 4-5 წლის წინ ვიყიდე და მას მერე ვაშენებ. შარშან, სექტემბერში, უკვე ოჯახი ჩამოვიყვანე და აქ ვაპირებდით ცხოვრებას. მაგრამ ეს ტერიტორია პრეზიდენტმა მოისურვა და გელაშვილმა კი თავისი ოჯახის საცხოვრებელი დათმო.

- რატომ დათმეთ?

- სახელმწიფო ინტერესების გამო. აქ სახელმწიფო შენობა შენდებოდა და დასათმობი იყო.

- ახლაც დათმობდით?

- რომ მცოდნოდა, ასე მომექცეოდნენ, არ დავთმობდი და ახლაც აღარ ვაპირებ დათმობას. ხვალიდან უკვე ოფიციალურად გამოვაცხადებ, რომ ვყიდი. აუქციონის მოწყობასაც ვაპირებ. საწყისი ფასი ხუთი მილიონია. "რეზონანსი" თუ იყიდის, მივყიდი, ვინც მეტს გადაიხდის, იმას მივყიდი.

- მთვარობამ რომ გადაიხადოს?

- რა პრობლემაა. მე ისედაც პრივილეგია მივანიჭე და წერილი მივწერე, რომ ხუთ მილიონს თუ გადაიხდიან, ხვალვე შემიძლია, ხელშეკრულებას ხელი მოვაწერო.

- გამოგეხმაურნენ?

- პასუხს დღეს საღამომდე ველოდები. თუ არ უნდათ, აქუციონი გაიმართება. ზაფხულის ბიზნესისთვის ცუდი პერიოდია და აგვისტოს ბოლოს უკვე გამოვაცხადებთ, რომ სახლი აუქციონზე გაიყიდება. ფასი, შესაძლოა, გაიზარდოს კიდეც. რაღაცა იმის მიხედვით ფასობს, როგორ ინტერესში ექცევა. ფასობს იმიტომ, რომ ჩემს სახლში ცხოვრება გაგლოევას უნდოდა. დადიოდა და ამოწმებდა, რა მოსწონდა და რა არა. უნიტაზებსაც კი ირჩევდა. რაც არ მოეწონა, შეაცვლევინა.

- თქვენ ეს პირადად ნახეთ თუ გითხრეს?

- ეს დანამდვილებით ვიცი და ამაზე თუ გინდათ, მოწმეებსაც მოვიყვან. ამ ქვეყანაზე რაღაცა პრინციპები ხომ არსებობს? თუ ჩემს სახლში პრეზიდენტი კიბეებზე დარბის და უკან გაგლოევა დასდევს, ის ჩემი პრეზიდენტი არ არის. ამას ვაფიქსირებ. მე მას, როგორც ჩემს პრეზიდენტს ვერ ვაღიარებ. პრეზიდენტი რომ კერძო საკუთრებას ეხება და მოქალაქის ინტერესს არ იცავს ჩემთვის ის არ არსებობს.

- ეს ფაქტი კრწანისის რეზიდენციის პრივატიზაციას რატომ დაუკავშირდა?

- კრწანისის რეზიდენცია საერთოდ არ მაინტერესებს. მათ შემომთავაზეს, რომ მეყიდა, მაგრამ რაში მჭირდება? ეს მკვდარი ობიექტია. ვინც იყიდა, ურჩევნია, გადახდილი 2 მილიონი დაკარგოს, ვიდრე ამ ხელისუფლების ხელში რაღაცა გააკეთოს. ესენი მარადიორები არიან.

- რომელი მთავრობა უფროა მარადიორი?

- ისინი ხომ იყვნენ და იყვნენ. ესენი უარესები არიან. მჯობნის მჯობნი არ დაილევა, მაგრამ გააჩნია, რაში. ესენი უარესები არიან. ამათ ხელში არაფრის გაკეთება არ შეიძლება.

- "ორთაჭალის ტურფა" მაგიტომ არ შენდება?

- ამას ვაშენებ. რა პრობლემაა. სექტემბერში მშენებლობა უკვე დაიწყება. შევეცდებით, რომ ძალიან მალე, 2-3 წელში დასრულდეს.

- ამაშიც რომ შეგიშალონ ხელი?

- რა, მერე? ხელი რომ შემიშალონ, ფულს ვერ ვიშოვი? საჭმლის ფული, მანქანის და ბენზინის ჩასხმის ფული მექნება. შვილებს რომ ვასწავლო, იმის ფულიც მექნება. შეუცდომელი ადამიანი არ არსებობს, მაგრამ, კიდევ ვიმეორებ, ისეთი პრეზიდენტი არ მინდა, თავისი მოქალაქის ინტერესებს რომ არ იცავს. მე ჩემს ქვეყანაზე გული შემტკივა და ასეთი პრეზიდენტი არ მინდა.

- თქვენი ინტერესის დაცვას რესპუბლიკელები მოახერხებენ?

- მოდით, ამ საკითხს ასე შევხედოთ. ავიღოთ, ვალერი გელაშვილი მარტო რას მოახერხებდა? დაწყებული ხაშურის საკითხიდან და ყველა იმ თემით დამთავრებული, რისი გაკეთებაც მინდა. მე პირადად პრეზიდენტს სამჯერ ვუთხარი, რომ ხაშურის გამგებელმა 900 ათასი ლარი საღებავებში ჩამოწერა. იცით, რა მიპასუხა? მაინც მიშა ქარელს უნდა შევეკითხოო. ქარელი ისეთი ვინ არის? ეს ის კაცია, თბილისის მაღაზიებში 1200 დოლარიან ფეხსაცმელებს ჩუმად ყიდულობს და თვალებს აქეთ-იქით აცეცებს, არავინ მიცნოსო. ამაზე რატომ არ წერთ? საქართველო ადრე შევარდნაძის იყო და დღეს სააკაშვილის და ქარელის გახდა? ყველას გეუბნებით, ნაგავში ვზივართ და ამას ვერა გრძნობთ. გეუბნებით, რაღაც ინტერესებს ნაგავში ეძებთ.

რუსიკო მაჩაიძე

იხილეთ | სასტიკად ნაცემი ვალერი გელაშვილი - საარქივო კადრები

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები