სასულიერო პირების ღია პროტესტი ხელისუფლებას და ხმაურიანი კანონის განხილვის დეტალები, ანუ "კრება დარჩა მხიარული"

სასულიერო პირების ღია პროტესტი ხელისუფლებას და ხმაურიანი კანონის განხილვის დეტალები, ანუ "კრება დარჩა მხიარული"

სასულიერო პირებმა ანტიდისკრიმინაციული პროექტის განხილვისას კომიტეტის სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს. როგორც საპატრიარქოს წარმომადგენლები აცხადებენ, დღევანდელი სხდომიდან ჩანს, რომ უმრავლესობასთან შეთანხმება ვერ იქნება მიღწეული.

"ვხედავთ, რომ კრება დარჩა მხიარული, რადგან ჩვენ ვეუბნებით მათ, რომ ამ კანონის მიღება არ შეიძლება. უბრალოდ, ვითხოვდით, რომ გადადებულიყო და განხილვა გაგრძელებულიყო. თუმცა, ვხედავთ, რომ ეს მათ არ სურთ", - აღნიშნა დეკანოზმა დავით ლასურაშვილმა.

გარდა ამისა, დავით ლასურაშვილმა ხელისუფლებას ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე განუცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება ეკლესიის პოზიციას არ გაითვალისწინებს, ის მათ ლოცვებში ვეღარ მოიხსენიებს.

"ისე გველაპარაკებით, თითქოს ჩვენ არ ვართ ინფორმირებულნი ამ კანონპროექტის შესახებ. ძალიან კარგად ინფორმირებულნი გახლავართ. საპატრიარქოს ჰყავს თავისი იურისტები, რომლებთანაც, უმჯობესი იყო, მანამდე გქონოდათ კომუნიკაცია, სანამ აქამდე მოვიდოდით. ქალბატონმა თეა წულუკიანმა "აღმოჩენა" გააკეთა, რომ ისეთი ჯგუფები არსებობენ ეკლესიაში, პატრიარქის განცხადების ტონი და სულისკვეთება აღარ მიკვირსო – დაახლოებით ასეთი იყო კონტექსტი. ეს რომ პატრიარქის შეურაცხყოფაა, ამას ვერ გრძნობთ?! როგორ ფიქრობთ, პატრიარქი სხვის ნათქვამზე აკეთებს განცხადებებს?! კინაღამ მარგინალებად გამოაცხადა ქალბატონმა მინისტრმა ეკლესიაში რაღაც ჯგუფები – შეიძლება მეც შევდივარ ამ ჯგუფში. ეკლესიის პოზიცია დგება ეკლესიის სწავლებისა და კანონიკური საეკლესიო სამართლიდან გამომდინარე. თუ ეკლესიის პოზიციას ახალი ხელისუფლებაც არ გაითვალისწინებს, მე პირადად თქვენ ვეღარ მოგიხსენიებთ ლოცვებში", - აღნიშნა დეკანოზმა დავით ლასურაშვილმა.

"თუკი ვინმე დააკანონებს საქართველოში ერთსქესიანთა ქორწინებას, ჩემს მანდატს დავთმობ" - ეს მანანა კობახიძის სიტყვებია, რომლითაც მან სასულიერო პირებს მიმართა. მანანა კობახიძის თქმით, ანტიდისკრიმინაციული კანონი ითვალისწინებს არა ერთსქესიანთა ქორწინების დაშვებას, არამედ მათი უფლებების დაცვას, რომლებიც განსხვავებულები არიან.

"ამ კანონში საუბარია იმაზე, რომ დავიცვათ ის ადამიანები, რომლებიც ჩვენგან, უმრავლესობისგან განსხვავებულები არიან. სამწუხაროდ ასეთი ადამიანები ჩვენს შორის არიან. თუკი ვინმე რამის უფლებებს არღვევს, კანონის ფარგლებში მათი უფლებები უნდა დავიცვათ,-აღნიშნა ვიცე სპიკერმა.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა