მთაწმინდის პარკის პარკინგის ოკუპაცია? - "დაასაქმა 2 ადამიანი და გაღლიტა ათასობით!"

მთაწმინდის პარკის პარკინგის ოკუპაცია? - "დაასაქმა 2 ადამიანი და გაღლიტა ათასობით!"

სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტოები, რომელზეც მთაწმინდის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე მსუბუქი ავტომანქანების პარკირებაა ასახული. კერძო პირებმა ეს ტერიტორია იჯარით აიღეს და მთაწმინდის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე პარკირება ფასიანი გახდა, რამაც ავტომანქანით მოსიარულეთა გაღიზიანება გამოიწვია. ამ საკითხს ინტერნეტში, ფორუმზე ერთ-ერთი მომხმარებელი გამოეხმაურა და თემაზე, სახელწოდებით - "მთაწმინდის პარკის პარკინგის ოკუპაცია", პარკირების ამსახველ ფოტოსურათთან ერთად შემდეგ ტექსტს აქვეყნებს:

"შაბათ დღეს გადავწყვიტე ბავშვები გამესეირნებინა მთაწმინდის პარკში. ჰოი საოცრებავ! CT-PARK–ი არ გვყოფნიდა სრული ბედნიერებისთვის და ახალგამოჩეკილმა "ჯეო პარკინგმა" გადაწყვიტა ააწყოს ბიზნესი თბილისელი და არამარტო თბილისელი დამსვენებლების ხარჯზე. დაასაქმა 2 ადამიანი და გაღლიტა ათასობით!

ერთ დღეში დაარეგისტრირა ფირმა 2014 წლის 7 თებერვალს და დაიწყო ფულის ჭრა.

ცენტრალური გზა, რომელიც შუძლებელია იყოს რომელიმე კერძო კომპანიის ან ფიზიკური პირის საკუთრება. იქ, სადაც იწყება მანქანებისათვის დასაშვები პარკირების ადგილი, მოვიდა ე.წ. ინვესტორი, დააეყენა შლაგბაუმი და საათში ერთ მანქანაზე აკეთებს მინიმუმ 2 ლარს, ერთი საათით მთაწმინდის პარკში რომ არავინ ავა, ნათელია. საინტერესოა, ვინ გასცა ნებართვა და ვინ მფარველობს "ჯეო პარკინგს?"

როგორც ambebi.ge -მ გაარკვია, თბილისის მერიას მთაწმინდის პარკისთვის იჯარით აქვს გადაცემული მხოლოდ რესტორანთან არსებული ტერიტორია, ხოლო რაც შეეხება სავალ ნაწილზე არსებულ შლაგბაუმს, ეს ტერიტორია იჯარით არ არის გაცემული.

აღნიშნულთან დაკავშირებით ambebi.ge "მთაწმინდის პარკის" იურისტს, ლევან კოხოძეს დაუკავშირდა. მან განმარტა, რომ ტერიტორია, რომელზეც "ჯეო პარკინგის" ავტოსადგომია, მერიამ 49 წლიანი იჯარით გადასცა "მთაწმინდის პარკს:"

"შპს "ჯეო პარკთან" კონტრაქტი 2014 წლის 1 მარტს გაფორმდა, რაც საჯარო რეესტრის ამონაწერშიც კარგად ჩანს. ჩვენ, როგორც კერძო მფლობელები, ოპერირებას ვუკეთებთ ამ კერძო ტერიტორიას. მერიისგან არ გვაქვს შეზღუდვა, რომ ქვეიჯარით გავცეთ ტერიტორია, ვინაიდან ეს არის ჩვენთვის ჩვეულებრივი ბიზნეს-საქმიანობა. ამ ტერიტორიაზე ყოველთვის იყო პარკირების პრობლემა, ახლა კი მოგვარდა. შესვლა 2 ლარი ღირს, ყოველი დამატებითი საათი 1 ლარი, ხოლო პარკინგის მაქსიმალური ღირებულება 5 ლარს ვერ გადააჭარბებს მთელი დღის განმავლობაშიც რომ მოუწიოს მანქანას იქ დგომა. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, იგივე ხდება, მაგალითად, "თბილისი ცენტრალთან" და თბილისის აეროპორტის ტერიტორიაზე",- განაცხადა ლევან კოხოძემ.

როგორც "სიტი პარკის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ლევან ტაბიძემ ambebi.ge-ს განუცხადა, თბილისის მერია მათ ქალაქში არსებულ კონკრეტულ ადგილებს გადასცემს პარკირების მოწესრიგების მიზნით. რაც შეეხება მთაწმინდის პარკის მიმდებარე ტერიტორიას, კომპანია " სიტი პარკი" იქ 2 წელზე მეტია აღარ არეგულირებს პარკირებას.

საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, შპს "ჯეო პარკინგ"-ი 2014 წლის 7 თებერვალს არის რეგისტრირებული, მისი აღმასრულებელი დირექტორი პავლე გაფრინდაშვილია, მეწილეები კი დავით ჩიქოვანი და ნოდარ ლანდია არიან.

სალომე შიხაშვილი, Ambebi.ge

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ