ტრაგედია, რომლის შესახებაც ალასანიები იშვიათად ლაპარაკობენ

ტრაგედია, რომლის შესახებაც ალასანიები იშვიათად ლაპარაკობენ

"ირაკლის არ უყვარს განცდების გაზიარება, მისი უსიტყვოდ მესმის. ვიცი როდის, რა ინტენსივობით უნდა ვიყო მის გვერდით", - ამბობს ირაკლი ალასანიას მეუღლე - ნათია ფანჯიკიძე. Ambebi.ge გთავაზობთ ინტერვიუს ჟურნალ "გზის" არქივიდან, რომელშიც ნათია ფანჯიკიძე ირაკლი ალასანიასთან ურთიერთობის დაწყების პერიოდიდან ოჯახურ თანაცხოვრებამდე არსებულ ცხოვრებისეულ დეტალებზე ყვება. ამავე ნათია ფანჯიკიძე ირაკლი ალასანიას ცხოვრების ყველაზე დრამატულ პერიოდსა და იმ ტრაგედიაზე საუბრობს, რომელზეც ალასანიებს ხმამაღლა არასდროს უსაუბრიათ...

- ნათია, ირაკლი როგორ გაიცანით?

- უნივერსიტეტში გავიცანი... მანამდე მას კაფეშიც შევხვდი, მაგრამ იქ ერთმანეთს არ გამოვლაპარაკებივართ.

- მაგრამ ერთმანეთი ორივეს დაგამახსოვრდათ, არა?

- ასე იყო... მაშინ ირაკლი საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტზე სწავლობდა, მე - ხელოვნებათმცოდნეობის. სიმართლე გითხრათ, ამ ფაკულტეტზე შემთხვევით მოვხვდი, ამიტომ არასდროს მითქვამს, ხელოვნებათმცოდნე ვარ-მეთქი. შემდეგ ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე ჩავაბარე და სანამ სწავლას დავასრულებდი, ვამბობდი - ფსიქოლოგი ვარ-მეთქი.

- ერთმანეთს ადვილად გაუგეთ?

- ძალიან ადვილად გავუგეთ. ზოგადად, ირაკლისნაირი ადამიანები ძალიან მომწონს... ბევრს არ ლაპარაკობს...

- ოჯახშიც ასეთია?

- ის ასეთია, არ თამაშობს. ირაკლიმ გაცნობისთანავე ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. კარგადაც გამოიყურებოდა. მის გვერდით თავს კომფორტულად ვგრძნობდი...

- და ოჯახის შექმნის გადაწყვეტილებაც მიიღეთ...

- ბევრი არ გვიფიქრია. მაშინ ირაკლი 18 წლის იყო, მე - 20-ის. ის ჩვენთან ოჯახში სტუმრად ხშირად მოდიოდა. დასამალი არაფერი მქონდა. იმ აზრს, რომ სიყვარულს მალვა უნდა, არ ვეთანხმები. სიყვარულს მალვა კი არა, ხმამაღლა აღიარება უნდა! იმ ასაკში, როცა ოჯახი შევქმენით, შეყვარებული წყვილები ხშირად სადღაც "იპარებიან" ხოლმე. ჩვენ მსგავსი რამ აზრადაც არ მოგვსვლია. ირაკლიმ თავის თავს არ აკადრა, რომ ვინმეს გაჰპარვოდა, გაჰქცეოდა... ოჯახი ტრადიციის დაცვით შევქმენით - ნიშნობა გვქონდა, თუმცა ქორწილი არ გადაგვიხდია.

- რატომ?

- იმ წლებში თბილისში ძალიან დაძაბული მდგომარეობა იყო. მამებმა გვითხრეს, იმდენი ახალგაზრდა ბიჭი იღუპება, ვერაფერს აღვნიშნავთ, სირცხვილიაო. ამაზე ცოტა გულიც კი მწყდებოდა, რადგანაც სადედოფლო კაბის ჩაცმაზე მეც ვოცნებობდი. შემდეგ მე და ირაკლი ვამბობდით, თბილისის ომი რომ დამთარვდება, ჩვენი ერთად ყოფნა აღვნიშნოთ-თქო, მაგრამ შემდეგ აფხაზეთის ომი დაიწყო...

- აფხაზეთის ომში სამწუხაროდ, ირაკლის მამა - მამია ალასანია დაიღუპა...

- ეს უმძიმესი ტრაგედია იყო.

- ამ ტრაგედიაზე ირაკლი და მისი ოჯახის წევრები ნაკლებად ლაპარაკობენ...

- მამია ალასანია უშიშროების გენერალი იყო, სანამ აფხაზეთში წავიდოდა, 6 წლის მანძილზე ავღანეთში იბრძოდა. თავისი საქმე კარგად იცოდა, პროფესიონალი გახლდათ. როცა აფხაზეთში მდგომარეობა დაიძაბა, ირაკლი იქ, როგოც რიგითი ჯარისკაცი, ისე წავიდა. იმ დროს მამამისი ზუგდიდის მისადგომებთან იყო განაწილებული. როგორც ჩანს, გული უფრო ცხელი წერტილისკენ მიუწევდა, თან ისიც იცოდა, რომ სოხუმში მისი შვილი იბრძოდა. იქ ჩავიდა და ჟიული შარტავასთან ერთად გამაგრდა (ჟიულისთან მამიას ხანგრძლივი მეგობრობა აკავშირებდა). როცა სოხუმს უკვე ყველა ტოვებდა, ირაკლი მინისტრთა საბჭოს შენობასთან მივიდა. იქ მამიასა და ჟიული შარტავასთან ერთად, სხვა ქართველებიც იყვნენ, სოხუმი იცლებოდა. ირაკლისთვის მამიას უთქვამს: შენ თბილისში დაბრუნდი, მე აქ დავრჩებიო. ირაკლიმ სვანეთი ფეხით გადმოიარა და შინ ისე დაბრუნდა (პაუზის შემდეგ)... ის ამ თემაზე ნაკლებად ლაპარაკობს. ამდენი წელია, ერთად ვცხოვრობთ და მისგან არასდროს მსმენია სიტყვები: "მე ეს განვიცადე", "ცუდად ვარ", "ძალიან მეტკინა", "თანამიგრძნე"... მას არ უყვარს გრძნობებით მანიპულირება. ყველაფერი უხმოდ და უსიტყვოდ გადააქვს. საკუთარი განცდები არც ამ შემთხვევაში გაუზიარებია. მამის ხსენება საერთოდ შეწყვიტა. მაშინ ძალიან ახალგაზრდა - 19 წლის იყო.

- როგორც ვიცი, მამის გვამს დიდხანს ეძებდა...

- ძალიან დიდი ხნის მანძილზე... ამის შესახებ ნორმალურად არაფერი ვიცოდით. იყვნენ ადამიანები, რომლებიც გვეუბნებოდნენ, რომ მამია ალასანია ცოცხალია და მისი გათავისუფლების სანაცვლოდ თანხას ითხოვდნენ. ზოგჯერ ვიღაც დაბეჯითებით გვიმტკიცებდა, გარდაცვლილია და გვამსაც გადმოგცემთო. ეს კოშმარი 4 წლის მანძილზე გრძელდებოდა. ირაკლი მიდიოდა, თუთიის კუბო მიჰქონდა და ყოველ ჯერზე მამის ნაცვლად სხვა მიცვალებულის გვამი გადმოჰქონდა...

- 4 წლის შემდეგ რა მოხდა?

- შემდეგ გაირკვა, რომ მამია ალასანია 47 ქართველთან ერთად დახვრიტეს. გვამები კი საერთო საფლავში ჩაყარეს. როგორც ხდება ხოლმე - ომს მთავარსარდლები იგებენ, ჯარისკაცების სახელები კი არავინ იცის. ახლა ირაკლი ასპარეზზეა და მამამისის სახელიც რამდენჯერმე ამიტომ გაისმა, მაგრამ მასთან ერთად დახვრეტილების სახელები არავინ იცის. აღარავინ ახსენებს 47 უერთგულეს კაცს. მათ დიდი გმირობა ჩაიდინეს და ვალდებულები ვართ, სათანადო პატივი მივაგოთ...

- მათი განსასვენებლის ზუსტი ადგილი დღეს მაინც თუ არის ცნობილი?

- ირაკლიმ იცის. ტრაგედიის გადატანასაც თავისი ეტაპები აქვს. ჯერ გაოგნებული ხარ, მერე - დეპრესია გეუფლება, შემდეგ კი უმძიმეს მდგომარეობას ეგუები. ყველაზე რთული დროში გაწელილი სტრესია, როცა გარდაცვლილ ადამიანს ვერ ნახულობ და ურთიერთგამომრიცხავ უამრავ ინფორმაციას ისმენ. ალბათ ამ ყველაფერმა განაპირობა ისიც, რომ ირაკლი სასწავლებლად სამხედრო აკადემიაში წავიდა. ახალგაზრდა ყოველთვის რევანშზე ფიქრობს, ალბათ ირაკლისაც ჰქონდა იმის განცდა, რომ ეს არავისთვის შეერჩინა... შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, რის გამოც მას დიდ პატივს ვცემ.

- "ბევრი რამის შეცვლაში" რას გულისხმობთ?

- როცა აფხაზეთში მოსალაპარკებლად ჩავიდა, თავისი ტკივილიდან გამომდინარე, სხვისი ტკივილიც გაიზიარა. მიხვდა, რომ მაშინ გავიმარჯვებთ, თუ ერთმანეთს ვაპატიებთ და სიყვრაულს დავთესავთ. ჯერ სიძულვილით არავის გაუმარჯვია! "ბალადა ვეფხისა და მოყმისა" ასე იმიტომ გვიყვარს, რომ მას საფუძვლად ჩვენი გენეტიკა უდევს. პატიებაში ხომ უფრო მეტი ვაჟკაცობაა, ვიდრე - შურისძიებაში?! შეიძლება, ადამიანი ფიზიკურად გაანადგურო, მაგრამ მასზე ვერ გაიმარჯვო. ქართველებს და აფხაზებს შორის სიყვარული უნდა აღდგეს. ჩვენ უფრო მეტი გვაქვს საერთო, ვიდრე აფხაზებსა და რუსებს.

- ამ ყველაფერმა ირაკლი გულჩათხრობილ ადამიანად ხომ არ აქცია?

- შეიძლება... დღეს ქართველი პოლიტიკოსები გაუთავებლად ლაპარაკობენ, მათ რომ აჯობო, რეკორდსმენი უნდა იყო. მათი მოსმენა კი ძალიან დამღლელია. არანორმალურად მიმაჩნია ის, რომ ქვეყანაში თეატრის მსახიობებზე მეტად პოპულარულები პოლიტიკოსები არიან. ირაკლი ევროპული ყაიდის პოლიტიკოსია...

- რჩევას ხშირად აძლევთ?

- პროფესიული თვალსაზრისით რჩევას ვერ მივცემ, ისევე როგორც ის - მე (როგორც ფსიქოლოგს), ვერაფერს მირჩევს. ადამიანურად, რჩევებს, რა თქმა უნდა, ვაძლევ.

- რისკზე ხშირად მიდის?

- სულ ექსტრემალურ სიტუაციაშია, მაგრამ ყოველთვის მშვიდი სახე აქვს. ის ისეთი მშვიდი სახით წავიდა აფხაზეთში, პანკისში, "ებრძოდა" ჩურკინს გაეროში. არასდროს კარგავს წონასწორობას, სალანძღავ სიტყვებს ვერ წამოაცდენინებ, ხმას არ აიმაღლებს. ძლიერი და მყარი ფსიქიკის ადამიანია.

- ოჯახურ გარემოცვაშიც ასეთია?

- რა თქმა უნდა, კარადაზე გადაუწმენდავ მტვერზე საყვედურს არ გეტყვის. მეწვრილმანე არ არის, ბევრის პატიება შეუძლია. ამ შემთხვევაშიც ძალიან მამაკაცურია!

- როგორი მეუღლეა?

- ეს ძალიან ინტიმური თემაა. მოდი, ნუ ვისაუბრებთ...

- რომანტიკულია? სიურპრიზების გაკეთება ეხერხება?

- სახლიდან იმდენი ხნით არის ხოლმე წასული, რომ შემდეგ ჩემი გულის მოსაგებად, რაღაც განსაკუთრებულის გაკეთება ძალაუნებურად უწევს... ირაკლიმ იცის, ის ჩემთვის რამდენად მნიშვნელოვანია და როგორ მჭირდება.

- ხშირად კამათობთ?

- ხშირად არა, მაგრამ ვჩხუბობთ ხოლმე. სადაც არ კამათობენ, იქ ჯანსაღი ურთიერთობაც ვერ იქნება.

- შემდეგ როგორ რიგდებით?

- დიდხანს წარბშეკრული სახით ყოფნა მწყინდება. პირველ ნაბიჯს ყოველთვის მე ვდგამ. ირაკლი ჩხუბსაც და ჩემს გაბუტვასაც იუმორით უყურებს.

- კარგი იუმორი აქვს?

- ბოლო დროს დამცინის: - რა არის, ისე უნდა მოკვდე, სადედოფლო თეთრი კაბა ერთხელ მაინც ვერ ჩაიცვაო (იცინის)? ვეუბნები, ქორწინების რომელიმე წლისთავი აღვნიშნოთ-მეთქი. თეთრი კაბის ჩაცმის იმედს მაინც არ ვკარგავ. ეს, მართალია, სასაცილო იქნება, მაგრამ მე მაინც გამიხარდება.

- თბილისში დაბრუნების შემდეგ თქვენი პროფესიით საქმიანობას გააგრძელებთ?

- სანამ ამერიკაში წავიდოდი, ქალაქის #1 ბავშვთა სახლში მოზარდებთან ვმუშაობდი. ბავშვები ძალიან მიყვარს. მათთან ურთიერთობას მომავალშიც აუცილებლად გავაგრძელებ. ბოლო დროს ნარკომანიის პრობლემებითაც დავინტერესდი. ასეთ პატარა ქვეყანაში 300 000 რეგისტრირებული ნარკომანი კატასტროფაა! სურვილი მაქვს, რომ მომავალში ნარკომანიის ცენტრთან ვითანამშრომლო.

- ახლა თქვენი მშობლების სახლში ვიმყოფებით...

- ეს ადგილი სპეციალურად შევარჩიე, მყუდრო გარემოა.

- როგორი მამა იყო - მწერალი გურამ ფანჯიკიძე?

- მამა ძალიან თბილი და პოზიტიური ენერგიის მატარებელი ადამიანი გახლდათ. ყველა კატეგორიის ადამიანთან ურთიერთობა უყვარდა. როცა ოჯახში მამის თაობის შემოქმედები იკრიბებოდნენ, ნიჭიერების ფეიერვერკი იყო: ხუმრობა, სიცილი, სიმღერა, ცეკვა, მუდმივად გაშლილი სუფრა - ეს ყველაფერი ძალიან მომწონდა. ზოგჯერ მაკარონზეც კი უქეიფიათ. მამა წერდა მაშინაც, როცა სახლში აუტანელი ხმაური იყო. თუ დაიღლებოდა, დივანზე წამოწვებოდა და იმ "გრუხუნში" იძინებდა. მისი მეგობრები სოხუმშიც ხშირად იკრიბებოდნენ, მათ გენო კალანდია მასპინძლობდა. სოხუმში იყვნენ მაშინაც, როცა ომი იყო. იქ ერთმანეთის გულის გასამაგრებლად იკრიბებოდნენ, ღვინოს ვეღარ, მაგრამ ჩაის სვამდნენ საწვიმარი მილიდან შეგროვებული წყლით.

- თქვენი და - მაია ფანჯიკიძე საქართველოს ელჩი იყო ნიდერლანდების სამეფოში. ის ამ ცოტა ხნის წინ გაათავისუფლეს. მიგაჩნიათ, რომ ამაში "დამნაშავე" ირაკლია?

- რა თქმა უნდა, მთავარი "დამნაშავე" ირაკლია. მიზეზად კი დაასახელეს, თითქოს ჰოლანდიაში დაკავებულ ქართველს სათანადო ყურადღება არ მიაქცია. ჯერ ერთი, ეს კონსულის საქმეა და არა ელჩის. მეორეც, მაიამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ დაკავებული გაეთავისუფლებინათ. ამის დამადასტურებელი დოკუმენტაციაც უხვად აქვს. იმ პიროვნებას ჰოლანდიის პოლიციამ ბოდიში მოუხადა. 24 საათში გაათავისუფლეს. ელჩს მეტი რა უნდა გაეკეთებინა?! ყველაზე დიდი ცინიზმი ის არის, რომ მოქალაქის მიმართ გულგრილობაში ბრალს გდებს სახელმწიფო, რომელმაც 7 ნოემბერი მოაწყო...

- დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის!

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი "გზა"

#13 1.04.2010

ეს საინტერესოა: ირაკლი ალასანიამ პირად ტრაგედიაზე "პალიტრის" ეთერში ისაუბრა

"საპენსიო სააგენტოს" დირექტორი პოსტს ტოვებს -  "ვილოცებ საპენსიო რეფორმის წარმატებით გაგრძელებისთვის"

სად დაინიშნა პარლამენტიდან წასული ვანო ზარდიაშვილი - ყოფილი კოლეგა მას თანამდებობის გაცვლას სთავაზობს

რა შეგედით დასრულდა ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხვედრის მეორე რაუნდი