ყველაზე სკანდალური ქართველი პოლიტიკოსები

ყველაზე სკანდალური ქართველი პოლიტიკოსები

ისინიც ჩვეულებრივი მოკვდავები არიან და სხვადასხვა სისუსტეებზე უარს ვერ ამბობენ. თმენის ვალდებულება აქვთ, მაგრამ ხშირად პარლამენტის სხდომაზე ურტყამენ ერთმანეთს და აგინებენ; მათაც უყვართ გართობა, დალევა და ლამაზი გოგონები. Ambebi.ge ყველაზე სკანდალური პოლიტიკოსების ჩამონათვალს გთავაზობთ.

მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ყველაზე სკანდალური ქართველი პოლიტიკოსია. ყველაზე ხშირად სკანდალებში ქალების და ხმაურიანი გართობების გამო ეხვეოდა. ერთ-ერთი გახმაურებული სკანდალი ექს-პრეზიდენტის მასაჟისტს, დოქტორ დოტის უკავშირდება. მისი მომსახურებით ცნობილი ადამიანები სარგებლობენ, სააკაშვილმა მასაჟისტი მას მერე მოიწვია საქართველოში, რაც ბერლინში ისარგებლა მისი მომსახურებით. თბილისში ჩასულ სტუმარს კი მართლაც მეფურად გაუმასპინძლდა, საუკეთესო რესტორნებში, საუკეთესო სუფრებით, კერძო თვითმფრინავით და სხვა ვიპ-სერვისით.

შთაბეჭდილებები დოქტორ დოტმა ინტერნეტ მომხმარებლებს გაუზიარა. როგორც დოქტორ დოტის ჩანაწერებიდან ირკვევა, ისინი 2008 წელს, აგვისტოს ომამდე შეხვდნენ ერთმანეთს. სააკაშვილს თავიდან 30 წუთიანი მასაჟის გაკეთება უნდოდა, მაგრამ ისე მოეწონა მომსახურება, 90 წუთი იწვა მაგიდაზე. იხუმრა გერმანელების სერიოზულობაზე, ისაუბრა როკზე, ამერიკელებზე და რუსეთზე. კერძოდ, მასაჟისტის რეპლიკაზე, როგორი დაძაბული კისერი გაქვთ, მან შემდეგი პასუხი გასცა: ''თუ სერიოზულად გინდათ გითხრათ, მასზე რუსეთი ზის!''. სააკაშვილმა მასაჟისტი საქართველოშიც დაპატიჟა. როგორც ჩანაწერებიდან ირკვევა, მაშინ, როცა ქვეყანაში ომი იყო გაჩაღებული, ექს-პრეზიდენტმა მასაჟისტს 9 აგვისტოს დაურეკა და უთხრა: საქართველოს რუსეთთან აქვს ომი. ძალიან მინდა მასაჟი, მაგრამ ახლა ცუდ დღეში ვარო. მოგვიანებით, დოქტორი დოტი სააკაშვილმა სამუშაოდ საქართველოში მოიწვია, დაცვაც დაუნიშნა. "სანამ მისტერ პრეზიდენტს გავიცნობდი, ვფიქრობდი, რომ ''როლინგ სტოუნზი'' იყო ძალიან მნიშვნელოვანი პერსონა. ძალიან მომწონდა დაცვასთან ურთიერთობა. ჩემ გვერდით ყოველთვის იყო ერთი-ორი კარგი აღნაგობის შეიარაღებული მამაკაცი, რომლებიც კარს მიღებდნენ და ჩემ მაგივრად იხდიდნენ ფულს'', - იხსენებს მასაჟისტი 2009 წლის ჩანაწერებში.

ასევე დაგაინტერესებთ: მიშა სააკაშვილი - მსოფლიო დონის სუპერვარსკვლავი

თეა წულუკიანი

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ხშირად ეხვევა სკანდალში. ყველაზე გახმაურებული სკანდალი, რომელიც მის სახელს უკავშირდება, კრიმინალური ავტორიტეტის, გიორგი ჯოხაძის ძმასთან, სოსო ჯოხაძესთან გადაღებული ფოტოსურათია. 

მოგვიანებით, წულუკიანმა აღნიშნა, რომ ის კრიმინალებთან არ მეგობრობს და ინტერნეტში გავრცელებულ ფოტოზე შემდეგი კომენტარი გააკეთა: "ეს ფოტო არის ამოჭრილი დიდი ფოტოდან, სადაც ჩვენი მონაზონის სულიერი შვილები ვიყავით ჩაის დასალევად შეკრებილი. მე დღესაც "ვიძიებ", თუ საიდან მოხვდა ეს დაჭრილი ფოტო იქ, სადაც მოხვდა, და ამაზე ცალკე გადაცემა იქნება, ალბათ, საჭირო", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

სააკაშვილის, ბარამიძის და ვაშაძის მეძავ-ფართი ლისაბონში

ალბათ, ყველას ახსოვს ქართული დელეგაციის ხმაურიანი ვიზიტი ლისაბონში 2010 წელს. ბრიტანული გამოცემა "მორნინგ სტარის" ინფორმაციით, ნატოს სამიტში მონაწილეობისთვის ლისაბონში ჩასულმა ქართველმა მაღალჩინოსნებმა სასტუმროში 80 მსუბუქი ყოფაქცევის ქალი გამოიძახეს. პორტუგალიური ტაბლოიდების ცნობით, ქართული დელეგაციის პარასკევის "ფართი" ცოცხალი და საკმაოდ ხმაურიანი იყო. მას სასტუმროში მყოფი სომხური დელეგაციის წევრებიც შეუერთდნენ, მაგრამ "ფართის" მონაწილეებს პრობლემები საფრანგეთის დელეგაციამ, მათ შორის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ შეუქნა. ხმაურით შეწუხებულმა ნიკოლა სარკოზიმ დაცვის სამსახურს წვეულების სასწრაფოდ შეწყვეტა მოსთხოვა. "ფართის" დროს ერთ-ერთი ქალბატონი დაშავდა, რის გამოც პოლიციის გამოძახება გახდა საჭირო. ადგილზე მისულმა პოლიციამ კი, ერთ-ერთში მსუბუქი ყოფაქცევის ქალი იცნო. შემთხვევა სასტუმროშივე ამოიწურა, თუმცა პოლიციამ ინციდენტის სტატუსით ოფიციალურად დაარეგისტრირა. ქართველები სასტუმრო "ტიარაში" იყვნენ დაბინავებული, აღნიშნული სასტუმრო მაღალი რანგის ჩინოსნებს ემსახურება. ოფიციალური დელეგაციის წევრები მიხეილ სააკაშვილი, გიორგი ბარამიძე, გეგა მგალობლიშვილი და გრიგოლ ვაშაძე იყვნენ.

ასევე დაგაინტერესებთ: ქართულმა დელეგაციამ ლისაბონში მსუბუქი ყოფაქცევის 80 ქალი დაიქირავა | 4 გოგონა, 9 წითელი ვარდი და სპა-სალონები მასაჟებისთვის - ბარამიძეს ევრობაირამობის ხარჯებს უქვეყნებენ

ავთანდილ ბერიძე

აჭარის საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე რამდენჯერმე გახდა სკანდალების გმირი. მან საკუთარ თავს VIP პერსონის სტატუსი მიანიჭა და ამით ახსნა, თუ რატომ გადაადგილდება ბათუმის ბულვარში ავტომობილით. შემდეგ კი ინტერნეტში გავრცელდა ფოტო, სადაც მას ქოლგის დამჭერი ახალგაზრდა მამაკაცი ემსახურება. "თუ ხელები დაკავებული მექნება, რა თქმა უნდა, მე ვერ დავიჭერ. იცით, ვერ ვხვდები, რაა ამაში გასაკვირი, რომ თქვენზე ასაკით უმცროსმა დაიკავოს ქოლგა?", - განუცხადა ჟურნალისტებს ავთანდილ ბერიძემ. აღსანიშნავია, რომ არცერთ ფოტოზე, სადაც ავთანდილ ბერიძეს ქოლგის დამჭერი ემსახურება, მას ხელები დაკავებული არ აქვს.

ხმაურიანი შეფასებები მოჰყვა აჭარის საბჭოს თავმჯდომარის მეორე ფოტოსაც, სადაც ის შიშველი ზის სავარძელში და მხარზე თეთრი ბაჭია ჰყავს. ავთანდილ ბერიძის დაწინაურებამ მისი მეზობლებიც შეაწუხა, ლერმონტოვის #1-ში მოსახლეობა სანაგვე ბუნკერს ავთანდილ ბერიძის ოჯახის მიზეზით ვერ აუქმებდა. მათი განცხადებით, ავთანდილ ბერიძის მეუღლე, როგორც მაღალჩინოსანის ოჯახის წევრი ეზოში ნაგვის ჩატანას არ კადრულობდა, რის გამოც სადარბაზო ვირთხებით და პარაზიტებით გაივსო. სკანდალური იყო ასევე ავთანდილ ბერიძის მორიგი ფოტო, სადაც ის ბურანზე ზის. აჟიოტაჟი ავთანდილ ბერიძის გარშემო მხოლოდ მაშინ შეწყდა, როცა მისი საქმიანობით კახა კალაძე დაინტერესდა.

მურმან დუმბაძე

მურმან დუმბაძე ხელისუფლებაში შეიძლება ითქვას, წყევლით მოვიდა. წინასაარჩევნოდ, ხელვაჩაურში მისულ ამომრჩევლებთან მან შემდეგი სახის განცხადება გააკეთა: 5-იანს როცა წაიკითხავ, გაგაკანკალოს, გაგაკანკალოს უნდა, 5-ის დროს სამედიცინო დასკვნაა გაკეთებული. პირდაპირ წერია სამედიცინო დასკვნაში, 5-ს მოხაზავ მარჯვენა ხელით, კიბო გაგიჩნდება, თუ მარცხენა ხელით მოხაზავ, ინფექცია შეგეყრებაო.  

ნიკა მელია

ნიკა მელია საზოგადოებისთვის ცნობილი "ლა ტრუფეში" მომხდარი სკანდალის შემდეგ გახდა. პრესტიჟულ რესტორანში ის "ნაციონალური მოძრაობის" მაღალჩინოსნებთან ერთად იმყოფებოდა, როცა ჩხუბი მოუვიდა მანჩო გიორგობიანთან, ხათუნა დარბაისელთან, მამუკა ბაკურიასთან და ბექა მაზიაშვილთან. როგორც მანჩო გიორგობიანმა განაცხადა, ჩხუბში მელია განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდა. მანჩო გიორგობიანის განცხადებით, ჩხუბი ნიკა მელიამ დაიწყო. ნაციონალები კი აცხადებდნენ, რომ როცა ისინი რესტორანში შევიდნენ, ბაკურია და გიორგობიანი ხმამაღლა იძახდნენ: "მკვლელები აქ არ უნდა შემოდიოდნენ, დაახვიეთ აქედან, ვაკე ჩვენია, ვაკეში ბოზების ქეიფის დრო დამთავრდაო". დაპირისპირება გიორგობიანს და მელიას შორის მას შემდეგ გრძელდება... მორიგი კონფლიქტი მათ შორის 9 აპრილის მემორიალთან მოხდა. "ლა ტრუფეში" მომხდარ ინციდენტზე სისხლის სამართლის საქმე ხულიგნობის ფაქტზე სსსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტის საფუძველზე ვაკე-საბურთალოს სამმართველოს 1-ელ განყოფილებაში აღიძრა. რამდენიმე დღის წინ მანჩო გიორგობიანმა და მამუკა ბაკურიამ პრესკონფერენცია გამართეს და გიორგობიანი მელიას გაქრობით დაემუქრა.

ვერა ქობალია

2010 წელს, ეკონომიკის მაშინდელი მინისტრი ვერა ქობალია სკანდალში გაეხვია. კანადური პრესის ცნობით, მან საკუთარი ბიოგრაფია გააყალბა. მინისტრის შესახებ სტატია კანადელმა ჟურნალისტმა კატია ჰოლუვეიმ მოამზადა. ჟურნალისტი ქართველი მინისტრის შესახებ თხრობას იმ ფოტოს განხილვით იწყებს, სადაც ახალგაზრდა ვერა ქობალია მეგობრებთან ერთად ერთ-ერთ ღამის კლუბშია გადაღებული. ჟურნალისტი ვერა ქობალიას ბიოგრაფიით ინტერესდება და წყაროდ ეკონომიკის სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ცნობებს იყენებს.

"ოფიციალურ ბიოგრაფიაში ნათქვამია, რომ ქობალიამ მეფე ჯორჯის სკოლა (1999წ.) და BCIT (2004წ.) დაამთავრა. იქ ასევე ნათქვამია, რომ ქობლია ვანკუვერის ტელეკომპანია Global TV-ის პროდიუსერად მუშაობდა. თუმცა, "Global TV"-ს ნიუსრუმში მისი სახელი არასდროს სმენიათ. პეტრა მეჰნერმა, ტელეკომპანიის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტიდან, კი განაცხადა, რომ ვერა ქობალიას შესახებ მათ დეპარტამენტში ჩანაწერი არ არსებობს", - ნათქვამია სტატიაში. აქვე აღნიშნულია, რომ BCIT- მა კანადურ გაზეთს არც დაუდასტურა და არც უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, იყო თუ არა ვერა ქობალია მათი სტუდენტი.

გაგრძელება იქნება...

თამარ ბოჭორიშვილი, Ambebi.ge

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა