მამუკა ჩიქოვანი - ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალება ძალიან ბევრ კითხვას ბადებს

მამუკა ჩიქოვანი - ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალება ძალიან ბევრ კითხვას ბადებს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" რუსთავის მერობის ყოფილი კანდიდატი, მამუკა ჩიქოვანი აცხადებს, რომ ეროსი კიწმარიშვილი არჩევნების მეორე ტურამდე ნახა, ბოლოს კი არჩევნების ღამეს ტელეფონით ესაუბრა .

როგორც "ინტერპრესნიუსს" ჩიქოვანმა განუცხადა, ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალება ძალიან ბევრ კითხვას ბადებს და გამოძიებამ ამ კითხვებს პასუხი აუცილებლად დროულად უნდა გასცეს.

"ბოლო პერიოდში ის ძალიან გააქტიურდა პოლიტიკურად. ხშირ შემთხვევაში მისი აქტივობა და ოპტიმიზმი ჩემთვისაც შესაშური იყო. ძნელად წარმოსადგენია როგორ შეეძლო მას თავის მოკვლა. ფაქტია, რომ მისი პოლიტიკური აქტიურობა, მისი შემართება, ხედვები მომავალზე, ამის ფიქრის საშუალებას ნამდვილად არ იძლეოდა. იმედია გამოძიება დროულად გააკეთებს განცხადებებს და, შესაბამისად, დადგინდება ყველაფერი და სიმართლე ეცოდინება საზოგადოებას. ფაქტი ერთია, რომ საკუთარი პოლიტიკური აქტიურობით მან ხელისუფლება ბოლო პერიოდში ძალიან ანერვიულა", - აღნიშნა მამუკა ჩიქოვანმა.

ეროსი კიწმარიშვილი თვითმმართველობის არჩევნებში რუსთავის მერობაზე იყრიდა კენჭს. არჩევნების მეორე ტურზე კი მან მხარდაჭერა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატ მამუკა ჩიქოვანს გამოუცხადა და საკუთარ ამომრჩეველს მოუწოდა, რომ ჩიქოვანისთვის მიეცათ არჩევნების მეორე ტურში ხმა.

ეროსი კიწმარიშვილის საარჩევნო შტაბში მისი გარდაცვალების შესახებ ცოტა ხნის წინ ტელევიზიით შეიტყვეს. შტაბის წევრები აცხადებენ, რომ ბოლო 2 დღის განმავლობაში ისინი კიწმარიშვილის ტელეფონზე ურეკავდნენ, თუმცა ეროსი კიწმარიშვილი ტელეფონს არ პასუხობდა.

ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" მთავარი პროკურატურის პრესსამსახურში განუცხადეს.

გარდაცვალების ადგილზე ამ წუთებში კრიმინალისტები მუშაობენ. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან იუწყება, ეროსი კიწმარიშვილის სახლთან მობილიზებული არიან სამართალდამცველები; ასევე, შეკრებილია ხალხი.

მეზობლების განცხადებით, ეროსი კიწმარიშვილის ცხედარი მის ავტოფარეხში დაცვამ იპოვა. ამ დროისთვის პოლიციას მიმდებარე ტერიტორია გადაკეტილი აქვს და კორპუსში არავის უშვებენ. ტრაგედიის ადგილზე ცოტა ხნის წინ შეუშვეს ეროსი კიწმარიშვილის მეუღლე ია კიწმარიშვილი.

შემთხვევა ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე მოხდა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა