"ქართული ოცნების" დეპუტატები ხელფასის მომატებას ითხოვენ

"ქართული ოცნების" დეპუტატები ხელფასის მომატებას ითხოვენ

საპარლამენტო უმრავლესობა დეპუტატის ხელფასის გაზრდის საჭიროებას ხედავს. როგორც პარლამენტში აცხადებენ, პარლამენტის წევრის ხელფასი ადეკვატური არ არის, ბევრ უწყებაში დეპარტამენტის უფროსებს უფრო მაღალი ხელფასი აქვთ, ვიდრე აქვს პარლამენტის თავმჯდომარეს, ვიცე-სპიკერებს, დეპუტატებს და საკითხი დარეგულირებას მოითხოვს.

საკითხი დღევანდელ რიგგარაშე სხდომაზე, პარლამენტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ დადგენილების პროექტის განხილვისას დადგა. ხელფასების გაზრდის თაობაზე პირველი განცხადება ზაქარია ქუცნაშვილმა გააკეთა, რომელიც დაინტერესდა, არის თუ არა გათვალისწინებული პარლამენტის წევრის ხელფასის ზრდა 2015 წლის ბიუჯეტით.

"მესმის, რომ არაპოპულარულ საკითხს ვეხები, მაგრამ ვფიქრობ, რომ საპარლამენტო მმართველობის რესპუბლიკაში სახელისუფლებო ვერტიკალში ყველაზე დაბალი ხელფასი პარლამენტის წევრებს აქვთ, რაც სამართლიანად არ მიმაჩნია. დღეს გვაქვს სისტემა, როცა სამინისტროს დეპარტამენტის უფროსს უფრო მაღალი სახელფასო დანამატი აქვს, ვიდრე პარლამენტის წევრის ხელფასია. ვფიქრობ, ეს საკითხი გასასწორებელია. დაბალი ანაზღაურება აქვთ პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს", - განაცხადა სესიაზე ზაქარია ქუცნაშვილმა.

ქუცნაშვილის პოზიცია გაიზიარა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით ონოფრიშვილმა, რომლის თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ თბილისში პარლამენტის შენობასთან დაკავშირებული სამუშაოები დასრულებისკენ მიდის, შესაძლოა, დარჩეს რეზერვი, რაც "სხვა მიმართულებით გადანაწილების საშუალებას იძლევა". ონოფრიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პარლამენტარის ხელფასი შეადგენს 2000 ლარს, დეპუტატი ხელზე იღებს 1600 ლარს, ხოლო პრემია საქართველოს პარლამენტში 2013 წლიდან საერთოდ არ გაცემულა "არის ხელფასი და არის დანამატი. ხელფასი ხელზე 1600 ლარია, რაც საპარლამენტო რესპუბლიკის ქვეყნისათვის მეც მგონია, რომ დაბალია იმ პასუხისმგებლობასთან მიმართებაში, რაც პარლამენტარს და პარლამენტს გააჩნია. არის რეზერვი და გარკვეულწილად ზრდა არის შესაძლებელი, მაგრამ სათანადო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. ამაზე მსჯელობა იქნება. რემონტი დასრულებისკენ მიდის და რჩება რეზერვი, რაც სხვა მიმართულებით გადანაწილების საშუალებას იძლება. ფაქტია, რომ პარლამენტის წევრის ხელფასი არ არის ადეკვატური - ბევრ უწყებაში დეპარტამენტის უფროსებს უფრო მაღალი ხელფასები აქვთ, ვიდრე აქვს პარლამენტის თავმჯდომარეს ან თავმჯდომარის მოადგილეებს. მთავრობამ ეს დაარეგულირა და ამის გაკეთება პარლამენტსაც მოუწევს", - განაცხადა დავით ონოფრიშვილმა.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა