ირაკლი ღარიბაშვილი - ყველა გახმაურებული საქმე ისე უნდა იყოს გამოძიებული, რომ არც ერთი პასუხგაუცემელი კითხვა არ დარჩეს

ირაკლი ღარიბაშვილი - ყველა გახმაურებული საქმე ისე უნდა იყოს გამოძიებული, რომ არც ერთი პასუხგაუცემელი კითხვა არ დარჩეს

ყველა გახმაურებული საქმე, რომელიც შეიძლება ეჭვს იწვევდეს, ისე უნდა იყოს გამოძიებული, რომ არც ერთი კითხვა არ დარჩეს პასუხგაუცემელი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვა მიმდინარეობს.

პრემიერის განმარტებით, სწორედ აღნიშნულის უზრუნველსაყოფად მოხდა საქართველოში უცხოელი სისხლის სამართლის სპეციალისტების მოწვევა.

"დღეს საქართველო განვითარების თვისებრივად ახალ ფაზაში შედის და დადგა დრო, როცა ყველამ უნდა ვიფიქროთ ჩვენს სახელმწიფოზე, მის მომავალზე. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სტაბილურობა ქვეყანაში. ჩვენი სამშობლოს ინტერესებს, მის მომავალს წინ არ უნდა დაუდგეს არაფერი. ჩვენ უნდა დავიწყოთ რთული წლების იარების მოშუშება. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვინმე აპირებს თვალი დახუჭოს დანაშაულზე ან უარი თქვას ყველა იმ საქმის გამოძიებაზე, რომლითაც ზიანი მიადგა ხალხს და სახელმწიფოს. ყველა გახმაურებული საქმე, რომელიც შეიძლება იმის ეჭვს იწვევდეს, რომ სამართლებრივი დევნა პოლიტიკური ნიშნით ხდება, ისე უნდა იყოს გამოძიებული, რომ არც ერთი კითხვა არ დარჩეს პასუხგაუცემელი.

სწორედ ამიტომ, ჩვენი ხელისუფლების კეთილი ნებით საქართველოში მოვიწვიეთ მსოფლიოში აღიარებული, პროფესიულ წრეებში საყოველთაოდ ცნობილი და მსგავსი გახმაურებული საქმეების გამოძიების მონაწილე სისხლის სამართლის პრაქტიკოსი სპეციალისტები. ისინი მოვიწვიეთ იმისთვის, რომ დახმარება გაუწიონ ქართველ პროკურორებს, რათა ყველა საერთაშორისო სტანდარტის დაცვით მოხდეს გამოძიება, მათ შორის, რა თქმა უნდა, ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების საქმეების გამოძიებაც. დარწმუნებული ვარ, მათი მონაწილეობა გაზრდის პროცესის სანდოობას და გაფანტავს ყოველგვარ ეჭვს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ერთხელ და სამუდამოდ უნდა მივაღწიოთ იმას, რომ ხალხი ენდობოდეს გამოძიებას და ყველაფერი ჩატარდეს გამჭვირვალედ.

"ეს არის ჩვენი ხელისუფლების მიზანი და, თუ გნებავთ, პოლიტიკური ნებაც! მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩვენი მთავრობა იქნება მტკიცე თავის გადაწყვეტილებებში და ამავე დროს სამართლიანი, კანონიერი და ჰუმანური", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა