"პუტინი მტერია! პუტინი მტერია!" - დეპუტატების ემოციური გამოსვლების ორიგინალური დასასრული უსუფაშვილისგან, ანუ "კრება დარჩა მხიარული"

"პუტინი მტერია! პუტინი მტერია!" - დეპუტატების ემოციური გამოსვლების ორიგინალური დასასრული უსუფაშვილისგან, ანუ "კრება დარჩა მხიარული"

პარლამენტში დღეს საქართველოს მთავრობის ახალ შემადგენლობას ნდობა გამოუცხადეს. მანამადე კი დეპუტატებმა, როგორც უმცირესობიდან ასევე უმრავლესობიდან, მთავობის ხელმძღვანელს ირაკლი ღარიბაშვილს შეკითხვები დაუსვეს, იყო სიტყვით გამოსვლებიც, კრიტიკა, ხუმრობა და ირონია. დღის მთავარ გმირებად კი გოგა ხაჩიძე და დავით უსუფაშვილი იქცნენ.

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელს პარლამენტის თავმჯდომარის თხოვნით, სიტყვით გამოსვლის დროს მიკროფონი გაუთიშეს, მაშინ როდესაც მობილურ ტელეფონში ჩაწერილ ბიძინა ივანიშვილის გამოსვლას დეპუტატებს ასმენინებდა. რასაც ხაჩიძის მხრიდან პროტესტი მოჰყვა და მან გამორთული მიკროფონის სანაცვლოდ პასუხი მობილურ ტელეფონზე დაწერილი მორბენალი სტრიქონით გასცა - "მ.......თ პროცედურული დემოკრატია".

შეკითხვების შემდეგ სიტყვა პრემიერ-მინისტრს მიეცა. მან უმცირეობის წარმომადგენლების შეკითხვებს დემაგოგიური უწოდა.

გოგა ხაჩიძის კიდევ ერთი "ჩაზუსტება" ბიძინა ივანიშვილს უკავშირდებოდა. დეპუტატმა პრემიერ-მინისტრს ჰკითხა - რა მისამართზე უნდა მიაკითხოს ბიძინა ივანიშვილს ნულპროცენტიანი კრედიტისთვის.

"რა მისამართზე უნდა მივაკითხოთ ნულპროცენტიან კრედიტებს? რა მისამართზე მივაკითხოთ უფასო ფულს და ნულპროცენტიან კრედიტებს?", - იკითხა ხაჩიძემ.

დეპუტატის მტკიცებით, შესაბამისი დაპირება საზოგადოებას 2012 წელს, ყვარელში გამართულ შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილმა მისცა და მისი შეკითხვაც სწორედ აქედან გამომდინარეობს.

"თქვენ მიიღებთ უფასო ფულს, გრძელვადიან უფასო ფულს. 10-წლიან და 20-წლიან კრედიტებს. ჩვენ ვიცით, ძალიან კარგად ვიცით, საიდან მოვიტანოთ ეს ფული და როგორ მოგაწოდოთ თქვენ - თქვენ მიიღებთ უფასო ფულს" - ეს არის ბიძინა ივანიშვილის ციტატა. თუ შეიძლება გვითხარით, რა მისამართზე მივაკითხოთ უფასო ფულს და ნულპროცენტიან კრედიტებს?", - აღნიშნა გოგა ხაჩიძემ.

მის შეკითხვას პრემიერმა კონკრეტული ციფრებით უპასუხა და განმარტა, რომ გასულ წელს "სოფლის დახმარების" პროგრამის ფარგლებში 400 მილიონი ლარი დაიხარჯა.

"რაც შეეხება ხაჩიძეს, რომელსაც უფასო ფული სურს - გასულ წელს, სოფლის პროგრამის ფარგლებში, 400 მილიონი ლარი დაიხარჯა სწორედ ჩვენი ხელშეწყობით და თანადაფინანსებით მთელ რიგ რაიონში - 10 % იყო თანამონაწილეობა, 40 პროცენტი გრანტი და 50 პროცენტი შეღავათიანი სესხი. ასევე ჩემს მიერ წამოწყებული ინიციატივის ფარგლებში "აწარმოე საქართველოში" წლიური საპროცენტო განაკვეთი შეადგენს 1 %-ს. თქვენც შეგიძლიათ მობრძანებდეთ თუკი საინტერესო იდეა და საწარმოების აღდგენის სურვილი გექნებათ და ეკონომიკის სამინისტრო მზად იქნება მოგემსახუროთ", - უპასუხა პრემიერმა გოგა ხაჩიძეს.

გოგა ხაჩიძემ "მადლობა" გადაუხადა ბიძინა ივანიშვილს და "შეცოდებებისთვის" პატიება სთხოვა.

"პირდაპირ თქვენს ტონალობაში გადავალ - მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ ბიძინას იმისთვის, რომ ასეთი პრემიერი დაგვინიშნა, დიდი მადლობა ბატონ ბიძინას იმისთვის, რომ ასეთი მთავრობა გვეყოლება, მადლობა ბატონ ბიძინას, რომ ასეთი პარლამენტი ვართ თქვენთან ერთად, დიდი მადლობა ბატონ ბიძინას, რომ ქალბატონი ეკა ბესელია მუზებზე მესაუბრება, მადლობა ბატონ ბიძინას, რომ ნოდარ ხადურმა 700 მილიონი სად დაკარგა, კაცმა არ იცის და უკან ზის და ხითხითებს. მადლობა ბატონ ბიძინას, რომ ქურდებს ვიღებთ და ვაცილებთ ქვეყნიდან, მადლობა ბატონ ბიძინას ყველაფრისთვის, დიდი მადლობა, რომ მზე ამოდის საერთოდ, რომ ჩვენ ვარსებობთ. მადლობა, რომ ბატონი პარლამენტის თავმჯდომარე მიკროფონს არ მირთავს, უდიდესი მადლობა. მაპატიეთ, თუ რამე შეგცოდეთ და ინდაური რომ მყავდეს, იმასაც გავათავისუფლებდი. მადლობა ბატონ ბიძინას, რომ მეხი არ დამეცა ამ სიტყვის წარმოთქმის დროს", - განაცხადა გოგა ხაჩიძემ სიტყვით გამოსვლის დროს.

საპარლამენტო უმვარლესობის დეპუტატმა ეკა ბესელიამ გოგა ხაჩიძეს უთანაგრძნო და აღნიშნა, რომ ესმის მისი რადგან ხაჩიძემ მთავარი მუზა დაიკარგა და ვეღარ უმღერებს "მიშა მაგარიას".

"მესმის იმ ადამიანების, რომლებიც ტაშს უკრავდნენ იმ მინისტრებს, რომლის დროსაც ქუჩაში გირგვლიანი, ვაზაგაშვილი, რობაქიძე და სხვები იხოცებოდნენ, როდესაც მათ ჰყავდათ მერაბიშვილი, ახალაია, ადეიშვილი და სხვები", - განაცხადა ეკა ბესელიამ.

მისივე თქმით, აქედან გამომდინარე, "ქართულ ოცნებას" "ნაციონალურ მოძრაობასთან" მსოფლმხედველობრივი და ფასულობათა თანხვედრა ვერ ექნება.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კი დეპუტატ ჩიორა თაქთაქიშვილის ბიძინა ივანიშვილის მოკითხვა გადასცა.

დეპუტატი დაინტერესდა ბიძინა ივანიშვილის მიერ გაცემული დავალებებით. "ქალბატონო ჩიორა, თქვენს კითხვებზე, რა დამავალა ბიძინა ივანიშვილმა - მან დამაბარა დიდი მოკითხვა თქვენთან", - მიმართა პრემიერმა დეპუტატს. ღარიბაშვილის ამ რეპლიკას კი დარბაზში ტაში და სიცილი მოჰყვა.

ემოციური იყო საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ნუკრი ქანთარიას გამოსვლა, რომელმაც "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს დიდხანს სიცოცხლე მხოლოდ იმიტომ უსურვა, რომ ცოცხალი ექსპონატები არიან.

"ნაციონალური მოძრაობა" ცდილობს ჩვეული რეჟიმით იმუშაოს, მაგრამ ვატყობთ, რომ ადგილობრივი არჩევნების შემდეგ მათი ხმა ისმის შორიდან, ხმა სამარიდან, არ იფიქროთ, რომ ვინმეს ლიკვიდაცია მაქვს ჩაფიქრებული, პოლიტიკურ სამარეს ვგულისხმობ. ძალიან მინდა დიდხანს იცოცხლოთ, რომ იყოთ საჩვენელი, თუ როგორი ხალხი არ უნდა იყოს ხელისუფლებაში. თქვენ უნდა გახდეთ ცოცხალი ექსპონატები ძალიან ბნელი წარსულისა", - მიმართა ქანთარიამ უმცირესობას.

სხომიდან, რომელიც 6 საათზე მეტხანს გაგრძელდა დავით უსუფაშვილის გამოსვლა ყველაზე დასამახსოვრებელი იყო. პარლამენტის თავმჯდომარემ დღის მნიშვნელობასა და საკანონდებლო ორგანოში არსებული ემოციური ფონის მიზეზებზე ისაუბრა. სიტყვა კი იმით დაიწყო, რომ სურს ოპონენტების ყურადღების მისაპყრობა და სწორედ ამიტომ "პუტინი მტერია! პუტინი მტერია! პუტინი მტერია!

"ალბათ, ასე უნდა დავიწყო გამოსვლა - პუტინი მტერია! პუტინი მტერია! პუტინი მტერია! მოგესალმებით, მეგობრებო და შესაძლოა ჩვენი ოპონენტების ყურადღება მივიპყრო", - მიმართა უსუფაშვილმა დეპუტატებს.

საპარლამენტო უმცირეობის ლიდერის დავით ბაქრაძის სიტყვით გამოსვლის შემდეგ კი უმცირესობამ სხდომის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. საკანონდებლო ორგანომ კი ღარიბაშვილის ახალ მინისტრთა კაბინეტს ნდობა გამოუცხადა. 89 მომხრე და არცერთი წინააღმდე, ეს იყო კენჭისყრის შედეგი რომელიც ტაბლოზე დაფიქსირდა.

თეა ბითაძე

იხილეთ ვიდეო

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა