პრემიერის "პოლიტიკური ტოტალიზატორი": კიდევ რომელ მინისტრს მოხსნიან

პრემიერის "პოლიტიკური ტოტალიზატორი": კიდევ რომელ მინისტრს მოხსნიან

"შესაძლოა, მთავრობაში ცვლილებები კიდევ განხორციელდეს. ამას უკვე არც საპარლამენტო უმრავლესობაში მალავენ და ამაზე პრემიერი ღარიბაშვილიც პირდაპირ მიანიშნებს. პოლიტოლოგები მინისტრთა კაბინეტში მორიგ ცვლილებებს გარდაუვალ პროცესად მიიჩნევენ, თუმცა უჭირთ პროგნოზის გაკეთება, თუ რომელ მინისტრებს შეეხება ეს. განსხვავებული პოზიცია აქვთ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს, რომლებიც ვარაუდობენ, რომ თუ ცვლილებები იქნება, ის აუცილებლად შეეხება ირაკლი ალასანიას გუნდის წევრებს. ცნობისათვის, საქართველოს მთავრობაში 4 მინისტრია ირაკლი ალასანიას "თავისუფალი დემოკრატებიდან" - თავად ალასანია, საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და სახელმწიფო მინისტრი ევროინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილი", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით პრემიერის "პოლიტიკური ტოტალიზატორი": კიდევ რომელ მინისტრს მოხსნიან / ოპოზიცია ალასანიას გუნდის წევრთა გადაყენებასა და მმართველი კოალიციიდან 2 პარტიის გასვლას ვარაუდობს.

"ოპოზიციის ვარაუდით, პრემიერი ღარიბაშვილი ცვლილებთა შემდეგ ეტაპზე შესაძლოა სწორედ მათ გადაყენებას აპირებს, რასაც შესაძლოა მმართველი კოალიციიდან "თავისუფალი დემოკრატებისა" და "ეროვნული ფორუმის" გამოსვლა მოჰყვეს, რადგანაც უკვე შეცვლილი 7 მინისტრიდან 2 სწორედ "ფორუმის" წარმომადგენელია. "არ გამოვრიცხავ, რომ გარკვეული ცვლილებები მთავრობაში ისევ გაგრძელდეს, იმიტომ, რომ ეს პრემიერის კომპეტენციაა. ის იღებს გადაწყვეტილებას და ეს საჭიროა მთავრობის უკეთ მუშაობისთვის. ჩვენ მზად ვართ, მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ მთავრობას, პრემიერს იმისთვის, რომ იმუშაონ უკეთესად, რადგან ძალიან ბევრი გვაქვს ჩვენი ხალხისთვის გასაკეთებელი", - განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

"ირაკლი ღარიბაშვილს შენიშვნები მთავრობაში დარჩენილ რამდენიმე მინისტრთანაც აქვს. ამის შესახებ პრემიერმა "ტელეიმედის" ეთერში თავად განაცხადა: "მორიგ ცვლილებას არ გამოვრიცხავ, მაგრამ მინდა, მათ კიდევ ერთი შანსი მივცე, რომ მაქსიმალურად დაიხარჯონ და საკუთარი შესაძლებლობები გამოავლინონ".

"პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ამბობს, რომ პრემიერმა ნებისმიერი მინისტრი შეიძლება შეცვალოს. "უნდა გვესმოდეს, რომ მთავრობა სოლიდარული პასუხისმგებლობის ორგანოა. პრემიერს აქვს სრული პასუხისმგებლობა, გუნდს ის არჩევს და წარმატებებზეც და წარუმატებლობებზეც პასუხისმგებელი ის არის. კიდევ ვინ შეიძლება შეიცვალოს მთავრობაში - ამაზე საუბარი გამიჭირდება, თუმცა, კარგია, რომ ცვლილებების პროცესი დაიწყო. ჩემი ვარაუდით, ეს პროცესი გაგრძელდება. პრემიერს ექნება მეტი თავისუფლება, რომ რამდენიმე მინისტრის გათავისუფლებით რყევები არ იყოს. აქედან გამომდინარე, რამდენიმე მინისტრის შეცვლას კიდევ ველოდები. პერსონალიები აქ ნაკლებად საინტერესოა. კიდევ ვიმეორებ, ნებისმიერი შეიძლება იყოს", - ამბობს ხუხაშვილი, რომელიც არ იზიარებს გამოთქმულ მოსაზრებებს იმასთან დაკავშირებით, რომ პრემიერი ივანიშვილის კადრებს თავისი გუნდის წევრებით ანაცვლებს.

"ეს სისულელედ მიმაჩნია. ამის აბსურდულობაში რომ დავრწმუნდეთ, საკმარისია, მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობას გადავხედოთ. მეორე მომენტია ივანიშვილის გავლენა ღარიბაშვილზე. განხორციელებული ცვლილებები იყო ღარიბაშვილის მხრიდან მინისტრების ერთგვარი გაფრთხილება, რომ თუ სათანადოდ არ იმუშავებენ, ისინიც გაიზიარებენ გადაყენებული მინისტრების ბედს. როგორც ჩანს, აქამდე პრემიერი საკადრო გადაწყვეტილებების მიღებაში შეზღუდული იყო, რადგან ეს გამოიწვევდა იმას, რომ შეიქმნებოდა პოლიტიკური გადაადგილება, რასაც იგი ერიდებოდა. რადგანაც პირველი ცვლილებები განხორციელდა, ახლა მას ხელ-ფეხი გახსნილი აქვს. ახლა ყველა მინისტრმა იცის, რომ პრემიერს პოლიტიკური მუხრუჭი აღარ აქვს. რაც შეეხება ლექსო ჭიკაიძის შექებას ღარიბაშვილის მხრიდან, ეს არამც და არამც არ უნდა ჩაითვალოს იმად, რომ შს მინისტრი ხელშეუხებელია. შექება შეიძლება იმის საპირისპიროსაც ნიშნავდეს, ვიდრე ჩვენ გვგონია", - აღნიშნა გია ხუხაშვილმა.

"პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი კი აცხადებს, რომ გადასაყენებელი მინისტრების რაოდენობა უკვე 7-ით შემცირდა, რაც "პოლიტიკურ ტოტალიზატორში გამარჯვების შესაძლებლობას მნიშვნელოვნად ზრდის". "ვურჩევდი ტოტალიზატორებს, რომ ასეთი პროგნოზის გრაფა დაამატონ. რაც შეეხება იმას, თუ მე ვისზე დავდებდი ტოტალიზატორში ფსონს, ამ კითხვაზე ვერ გიპასუხებთ, ვინაიდან გადაწყვეტილების მიმღები პირების პიროვნული თვისებების მცოდნე არ ვარ. თუ ასეთი გადაწყვეტილებები ვინმეს ახირებულობაზე იქნება დამოკიდებული, მაშინ ძნელად მოიგებს ვინმე ტოტალიზატორში და არა მარტო იქ. რეაქციას დაველოდები, ვინ წარმოაჩენს საკუთარ თავს დადებითად უახლოეს პერიოდში და ტოტალიზატორში ფსონს ამის მერე დავდებ. ცვლილებებს შემოდგომამდე არ ველოდები, იქამდე კი ჯერ კიდევ დროა. არ დასახელებულა გადაყენებული მინისტრების ხარვეზები. შესაბამისად, ახალმა მინისტრმა არც კი იცის, თუ რა უნდა გამოასწოროს სამინისტროში", - აღნიშნა ცისკარიშვილმა "რეზონანსთან" საუბრისას.

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ნუგზარ წიკლაური "რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ ის იმ მიმართულების მინისტრების ცვლილებებს ელოდა, სადაც პრობლემები იყო. "პრობლემებია ეკონომიკაში, კრიმინოგენურ სიტუაციასთან დაკავშირებით და ცვლილებებსაც ამ მიმართულებით ველოდი. დიასპორისა და კულტურის მინისტრების შეცვლა საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებს არ პასუხობს. პრემიერმა თქვა, რომ რამდენიმე მინისტრს აკვირდება და თუ ისინი კარგად არ მოიქცევიან, მაშინ მათაც გაათავისუფლებს. ცხადია, რომ ეს გზავნილი ეკუთვნოდა ალასანიას გუნდის წევრ მინისტრებს. ვფიქრობ, რომ საბოლოოდ ღარიბაშვილი აღმასრულებელ ხელისუფლებას თავისი კადრებით შეავსებს. ამ შემთხვევაში მთავრობაში ალასანიას და მისი გუნდის წევრების ადგილი ძნელად წარმომიდგენია. თუ ალასანია ყველა საკითხთან დაკავშირებით უკიდურესად მორჩილი არ გახდა, ცხადია, პრემიერი მასაც გაათავისუფლებს. მაქვს მოლოდინი, რომ ცვლილებები თუ იქნება, ის აუცილებლად შეეხება ალასანიას გუნდს. როდესაც პრემიერმა შს მინისტრი განსაკუთრებულად შეაქო, ეს, ცხადია, იმაზე მიანიშნებდა, რომ ჭიკაიძე ხელშეუხებელია. ცხადია, რომ გადაწყვეტილების დროს მთავრობის მეთაური საჭიროებიდან გამომდინარე კი არ მოქმედებს, არამედ პიროვნული ურთიერთობიდან. ჭიკაიძე რომ წარუმატებელი მინისტრია, ამაზე მისი განცხადებებიც მიუთითებს", - დასძინა ნუგზარ წიკლაურმა.

"ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციის" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ახვლედიანი "რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, რომ სამთავრობო ცვლილებები ტექნიკური ხასიათის და პოლიტიკური დატვირთვის უფრო იყო, ვიდრე რეალური სამთავრობო ცვლილებები. ცვლილებები არ იყო იმის გამო, რომ რომელიმე მინისტრის მუშაობით მთავრობის მეთაური უკმაყოფილო იყო. პრემიერმა ვერავის აუხსნა, თუ რატომ განახორციელა ცვლილებები. ეს ძალიან ჰგავდა იმას, რომ სამომავლოდ ალასანიას გუნდს შეექმნას პრობლემები. მთავრობამ და პირადად ღარიბაშვილმა ამ გადაწყვეტილებით პარლამენტის ნდობა გაინაღდეს. დღეს რომ ცვლილება ალასანიას გუნდს შეხებოდა, მაშინ ცხადია, უმრავლესობა ვერ შეიკრიბებოდა. ეს სერიოზულ საფრთხეს შეუქმნიდა მთავრობის ნდობის საკითხს. კულუარებში ძალიან სერიოზულად განიხილება ეს თემა, რომ წვიმის ღრუბლები ალასანიას გუნდის თავზე იკრიბება. დიდი ხანია ამ მიმართულებით ღარიბაშვილი გარკვეული ცვლილებების განხორციელებას ლამობს. "ახლა რომ შეეცვალათ ალასანიას გუნდის რომელიმე წევრი, ცხადია, პარლამენტში ალასანიას გუნდი ცვლილებას მხარს არ დაუჭერდა. ამით კოალიციის ერთიანობა დაირღვეოდა. ახლა 3-4 მინისტრი რომ გაადაყენოს პრემიერმა, აღარაფერი არ მოხდება, ვინაიდან პარლამენტის მიერ ნდობის გამოცხადება საჭირო აღარ არის. მინისტრების 2/3 უნდა იყოს გადაყენებული იმისათვის, რომ პარლამენტის ნდობის გამოცხადების საკითხი დაისვას. პარტია "ქართული ოცნების" წევრების განცხადებები, რომ სხვა მინისტრების ცვლილებებსაც არ გამორიცხავენ, სწორედ ამაზე მიანიშნებს. თუ ვინმე იყო გასათავისუფლებელი, ახლავე გადაეყენებინათ..." - აცხადებს ახვლედიანი.

"მისივე თქმით, თუ ღარიბაშვილი ალასანიას და მისი გუნდის წევრებს გადააყენებს, ეს გარკვეულ რყევებს კოალიციაშიც გამოიწვევს, მაგრამ მიაჩნია, რომ საქმე კოალიციის დაშლამდე არ მივა. ამიტომ პრემიერი ამ რისკის წინაშე ნაკლებად დგას. "ამ შემთხვევაში "თავისუფალი დემოკრატების" წევრი დეპუტატები ალბათ უმრავლესობიდან გამოვლენ, მაგრამ ეს კოალიციის დაშლას არ გამოიწვევს, ამისთვის სხვა პოლიტიკური ძალის აქტიურობაცაა საჭირო. შესაძლოა, ეს "ფორუმმაც" გააკეთოს, ვინაიდან გადაყენებული მინისტრები - ფიფია და დარახველიძე - სწორედაც რომ "ფორუმელები" არიან. დღეს ამ პარტიას იმის ბერკეტი არ აქვს, რომ ხმაური ატეხოს, მაგრამ თუ ეს სცენარი ალასანიას გუნდის გარშემოც განხორციელდა, მაშინ ამის ალბათობა იზრდება", - უთხრა "რეზონანსს" გიორგი ახვლედიანმა.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა