სააკაშვილის ადვოკატი: დაგეგმილი იყო, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის ბრალის დადგენილება უნდა გამოეტანათ

სააკაშვილის ადვოკატი: დაგეგმილი იყო, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის ბრალის დადგენილება უნდა გამოეტანათ

წინასწარვე დაგეგმილი იყო, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის ბრალის დადგენილება უნდა გამოეტანათ, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატმა ოთარ კახიძემ განუცხადა.

მისივე თქმით, საგამოძიებო უწყებას თავიდანვე ჰქონდა ბრალდებისთვის საკმარისი მასალები (მათივე აზრით), მაგრამ იბარებდნენ მაინც მოწმის სახით და არღვევდნენ კანონს.

"როგორც ვამბობდი, თვალთმაქცობა აღმოჩნდა პროკურატურის მიერ მიხეილ სააკაშვილის მოწმის სახით დაბარება, რადგან 11:00 საათზე უნდა ყოფილიყო დაკითხვა და 14:00 საათზე, ანუ 3 საათში ბრალის დადგენილება გამოაცხვეს, ანუ წინასწარვე იყო დაგეგმილი, რომ ბრალის დადგენილება უნდა გამოეტანათ", - აღნიშნა კახიძემ.

ადვოკატის განცხადებით, დაცვის მხარე ნახავს მტკიცებულებებს, რა მასალებია საქმეში და იმის მიხედვით გაკეთდება დამატებითი კომენტარი.

რაც შეეხება იმას, მოსალოდნელია თუ არა მიხეილ სააკაშვილზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდეს, კახიძეს ამ კითხვაზე პასუხი არ აქვს, თუმცა აღნიშნავს, რომ გამორიცხული არაფერია.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება საქართველოს მთავარ პროკურატურაში გაკეთდა.

უწყების ინფორმაციით, საქმე ეხება 2007 წლის 7 ნოემბერს მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია "იმედში" შეჭრას და არკადი(ბადრი) პატარკაციშვილის ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას.

მიხეილ სააკაშვილთან ერთად, ბრალდების შესახებ დადგენილებები გამოტანილია ასევე შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის, ყოფილი გენერალური პროკურორის ზურაბ ადეიშვილის, თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილისა და თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას მიმართ.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა