მთავრობის "ორი მანიაკალური სურვილი", რასაც "ნაციონალები" სააკაშვილის დაკავების სურვილს უკავშირებენ

მთავრობის "ორი მანიაკალური სურვილი", რასაც "ნაციონალები" სააკაშვილის დაკავების სურვილს უკავშირებენ

"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლის, სერგო რატიანის განცხადებით, მთავრობის მხრიდან მიხეილ სააკაშვილის დაკავების მანიაკალური სურვილი ორი ფაქტორიდან გამომდინარეობს.

როგორც სერგო რატიანმა ჟურნალისტებს მიხეილ სააკაშვილისთვის ბრალის წარდგენის კომენტირებისას განუცხადა, პირველი ეს არის ვალდებულებები, რომელიც აქვს ოლიგარქს პუტინის, რუსეთის მიმართ, რასაც ღარიბაშვილი ხშირ შემთხვევაში ეძახის რუსეთთან ურთიერთობების დალაგებას.

"მეორე ფაქტორი ეს არის პასუხი არჩევნებზე, სადაც "ნაციონალურმა მოძრაობამ" თითქმის ყველგან ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი აჩვენა. პროკურატურის დღევანდელი ბრიფინგი ჰგავდა ჭორაობას. აქ საერთოდ საუბარი არ არის მის სამართლებრივ მხარეზე, ეს იყო პოლიტიკურად ანგაჟირებული ჭორაობა "ასავალ-დასავალის" სტილში", - განაცხადა სერგო რატიანმა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება საქართველოს მთავარ პროკურატურაში დღეს გაკეთდა.

უწყების ინფორმაციით, საქმე ეხება 2007 წლის 7 ნოემბერს მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია "იმედში" შეჭრას და არკადი პატარკაციშვილის ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას.

მიხეილ სააკაშვილთან ერთად, ბრალდების შესახებ დადგენილებები გამოტანილია ასევე შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის, ყოფილი გენერალური პროკურორის ზურაბ ადეიშვილის, თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილისა და თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას მიმართ.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა