თეა წულუკიანი - მიხეილ სააკაშვილი აღარ უნდა იყოს პირველი, მეორე ან მესამე თემა ჩვენს ცხოვრებაში

თეა წულუკიანი - მიხეილ სააკაშვილი აღარ უნდა იყოს პირველი, მეორე ან მესამე თემა ჩვენს ცხოვრებაში

მიხეილ სააკაშვილი აღარ უნდა იყოს პირველი, მეორე ან მესამე თემა ჩვენს ცხოვრებაში, ჩვენ მომავლისკენ უნდა ვიყუროთ, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი საკუთარ ბლოგზე წერს.

მინისტრი სააკაშვილისთვის ბრალის წარდგენასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია, არც ერთი თანამდებობა არ ნიშნავს იმუნიტეტს და ეს ასეა ყველა სამართლებრივ, კულტურულ და დემოკრატიულ სახელმწიფოში.

"იმ მოქალაქეებს, მათ შორის ჟურნალისტებს, ვინც 7 ნოემბრის დარბევა საკუთარ თავზე იწვნია, ეჭვი მაშინათვე არ ეპარებოდათ, თუ ვინ გასცა უიარაღო მომიტინგეებისა და ტელეკომპანია "იმედის" დარბევის ბრძანება. თუმცა, პროკურატურამ, არაერთი თვის დაკვირვებული მუშაობის შედეგად, მხოლოდ გამოძიების შედეგად მოპოვებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით გადაწყვიტა ბრალის წაყენება. დღეს ჩვენ ყველამ ერთად შევიტყვეთ, რომ გამოძიება კონკრეტულ ფაქტებსა და მტკიცებულებებზე დაყრდნობით მიმდინარეობს და თავის ლოგიკურ დასასრულამდეც, იმედია, მივა", - წერს წულუკიანი.

იგი ასევე აღნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის საქართველოს მთავრობაში არავის სცალია და არ უნდა ეცალოს, პროკურატურის გარდა. "პროკურატურას აქვს ვალდებულება, კანონის წინაშე ყველას თანაბრად მოსთხოვოს პასუხი. ჩვენ კი გვაქვს ვალდებულება, მას გამოძიების მშვიდ პირობებში ჩატარების შესაძლებლობა მივცეთ. საბოლოოდ კი, სასამართლო გადაწყვეტს, ვისი არგუმენტია უფრო წონადი. სასამართლო ამ მთავრობის პირობებში არის დამოუკიდებელი, რადგან მასზე აღმასრულებელი ხელისუფლება ზეწოლას არ ახორციელებს. უფრო მეტიც, იუსტიციის სამინისტროს ძალისხმევით, სასამართლოს დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად, ბოლო 18 თვის განმავლობაში არაერთი კანონი შემუშავდა. ვიმედოვნებ, ამგვარად გათავისუფლებული სასამართლო მიუკერძოებლობასაც გამოიჩენს და არ ექნება წინასწარ შემუშავებული, რომელიმე მხარისადმი სასარგებლო პოზიცია. მიხეილ სააკაშვილი აღარ უნდა იყოს პირველი, მეორე ან მესამე თემა ჩვენს ცხოვრებაში. ის, როგორც ნებისმიერი მოქალაქე მსგავს სიტუაციაში, თავისუფლად შერჩეული ადვოკატის დახმარებით, დაიცავს თავის პოზიციებს", - წერს წულუკიანი.

მინისტრი საკუთარ ბლოგზე გამოქვეყნებულ წერილში ასევე აცხადებს, რომ საკუთარ პოზიციებს დაიცავს პროკურატურაც. "ჩვენ კი ვიყუროთ მომავლისაკენ, რომლის შენებასაც თითოეული მინისტრის და მოქალაქის მუხლჩაუხრელი შრომა სჭირდება და რომელიც ევროპული და თითოეულ მოქალაქეზე ორიენტირებული მომავალია. მომავლის მთავრობებისა და ქვეყნის სწორი განვითარებისათვის კი აუცილებელია, რომ კანონის წინაშე ყველა იყოს თანაბარი", - აღნიშნავს წულუკიანი.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა