"ივანიშვილის სიხარულს დიდი დრო არ უწერია..." - მიხეილ სააკაშვილი მორიგ განცხადებას ავრცელებს

"ივანიშვილის სიხარულს დიდი დრო არ უწერია..." -  მიხეილ სააკაშვილი მორიგ განცხადებას ავრცელებს

პროკურატურის მიერ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული ექს-პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი  ფეისბუქის გვერდზე განცხადებას ავრცელებს.

"მას შემდეგ, რაც ვერ იპოვეს ჩემს მიერ "მითვისებული" მილიარდები, ვინაიდან არც ერთი თეთრი არასდროს მიმითვისებია, პირიქით, საქართველოს ბიუჯეტი თერთმეტჯერ გავზარდეთ; ვერ დამიმტკიცეს ვერც ერთი კონკრეტული დანაშაული, იმიტომ, რომ დანაშაული არ ჩამიდენია და პირიქით, დანაშაული თითქმის ნულამდე დავიყვანეთ; ბოლოს წამომიყენეს წმინდა სახის პოლიტიკური ბრალდება. ერთი რუსი ოლიგარქი ბრალად მიყენებს მეორე რუსი ოლიგარქის მიერ მოწყობილი არეულობებისა და გადატრიალების მცდელობის ჩაშლას და ეს ხდება 2008 წლის ომის წლისთავის წინ", - წერს მიხეილ სააკაშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.

იგი ასევე აღნიშნავს, რომ მას შემდეგ, რაც რუსეთმა ომით ვერ შეძლო თბილისის აღება და მთავრობის დამხობა, პუტინი და მედვედევი საჯაროდ თავს იწყნარებდნენ იმით, რომ მოვა დრო და თავად საქართველო გაასამართლებს სააკაშვილს. "მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ხშირად გვიწყობდა არეულობებს, მათ შორის პოლიტიკოსების ხელით, ჩვენ არც ერთი პოლიტიკოსი ციხეში არ ჩაგვისვამს, იმიტომ, რომ ჩემთვის ეროვნული თანხმობა იყო უზენაესი ღირებულება და ამ ღირებულებების შესანარჩუნებლად 2007 წელს მე გადავდექი, ხოლო 2012 წელს სრულიად მშვიდობიანად გადავეცით ძალაუფლება იმ ადამიანებს, რომელთაც სრულიად საპირისპიროთი გვიპასუხეს. დღეს, მთელი დღე რუსეთში ზეიმი აქვთ გამოცხადებული და ივანიშვილს ამ მითითების შესრულებას ალბათ სათანადოდ დაუფასებენ, ოღონდ მინდა ვთქვა, რომ ორივეს, პუტინის და მისი ხელდასხმული გაზპრომის ყველაზე მსხვილი კერძო აქციონერის, ივანიშვილის სიხარულს დიდი დრო არ უწერია, მსოფლიო პროცესები ისე მიდის, რომ პუტინის საცეცები სუსტდება, ამ ოლიგარქსაც მალე მოვიშორებთ, სულ მალე საქართველო აუცილებლად გასწორდება ბოლომდე წელში და ერთხელ და სამუდამოდ გაიმარჯვებს", - აღნიშნავს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

მიხეილ სააკაშვილი დღეს პროკურატურამ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა. საქმე ეხება 2007 წლის 7 ნოემბერს მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია "იმედში" შეჭრას და არკადი პატარკაციშვილის ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა