2007 წლის 4 ნოემბრის თათბირის დეტალები - რას იხსენებს ვასილ მაღლაფერიძე

2007 წლის 4 ნოემბრის თათბირის დეტალები - რას იხსენებს ვასილ მაღლაფერიძე

მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის 4 ნოემბერს, მაშინდელი შს მინისტრის ვანო მერაბიშვილის ხელმძღვანელობით გამართული თათბირის დეტალებს იხსენებს.

როგორც ვასილ მაღლაფერიძემ "პალიტრა TV"-ის გადაცემა "რეზიუმეში" სატელეფონო ჩართვისას განაცხადა, თათბირს მართავდა იმდროინდელი შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი, მის პირდაპირ იჯდა ყოფილი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი, თათბირს ასევე ესწრებოდნენ დათა ახალაია, რომელიც მაღლაფერიძის ინფორმაციით, იმ დროისთვის ოფიციალურად თანამდებობაზე არ იმყოფებოდა, თუმცა არაოფიციალურად "კუდ-ის თუ სოდ-ის შეფი იყო", დავით კეზერაშვილი, კულტურის ყოფილი მინისტრი გოკა გაბაშვილი, სამცხე-ჯავახეთის ყოფილი გუბერნატორი გოგა ხაჩიძე და გუბერნატორები. მისივე თქმით, გიგი უგულავა თათბირზე შედიოდა და გადიოდა და საუბარს ფორმალურად არ დასწრებია. მაღლაფერიძის თქმით, ტექსტი 5 ნოემბერს, თათბირიდან მეორე დღეს დაწერა და იმ დროინდელ სახალხო დამცველს, სოზარ სუბარს გადასცა, რადგან ჩათვალა, რომ სახელმწიფოში ეს ერთადერთი ინსტიტუტი იყო დარჩენილი, ვისთანაც შეიძლებოდა ამ საკითხისთვის სამართლებრივი მსვლელობის მიცემა.

"ეს იყო 4 ნოემბრის თათბირი. მაგ დროისთვის მიტინგები მიმდინარეობდა. თათბირზე საუბარი იყო, რომ რეგიონებიდან ჩამოსული და თბილისელი მომიტინგეების მიმართ უნდა ყოფილიყო ფიზიკური ანგარიშსწორება და დაშინება, რათა, შემდგომში, სამომავლოდ, მათ პოლიტიკური აქტივობა აღარ გამოემჟღავნებინათ და ყოფილიყვნენ "წესიერად", - აღნიშნა ვასილ მაღლაფერიძემ.

წამყვანის შეკითხვაზე, რომ გუბერნატორები ვანო მერაბიშვილთან დაიბარეს რათა, მათაც მიეღოთ მონაწილეობა რეგიონებიდან ჩამოსული მომიტინგეების ცემაში, ვასილ მაღლაფერიძემ დაუდასტურა, რომ სწორედ ამაზეა საუბარი.

მისივე თქმით, ტექსტი მეორე დღეს სახალხო დამცველს გადასცა. ასევე ტექსტი ინგლისურად ითარგმნა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს თომას ჰამარბერგსა და პიტერ სემნებს გადაეცა.

როგორც ვასილ მაღლაფერიძემ აღნიშნა, იმედი ჰქონდა, რომ სახალხო დამცველის განცხადების შემდეგ, საგამოძიებო კომისია შეიქმნებოდა და ჟურნალისტების მხრიდან მეტი აქტივობა იქნებოდა.

2007 წლის 4 ნოემბრის თათბირთან დაკავშირებით, ვასილ მაღლაფერიძის მხრიდან მიწოდებული ინფორმაციის შესახებ ისაუბრა მაშინდელმა სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა. როგორც მან გადაცემა "რეზიუმეში" სტუმრობისას განაცხადა, "ეს ინფორმაცია ჰქონდა იმ დღეს, როდესაც ეს ამბავი მოხდა".

"4 ნოემბერს, ღამე, 5-ში გამთენიას მივფრინავდი ვილნიუსში. შეხვედრა ორგანიზებული იყო UNICEF-ის მიერ. მაღალი დონის შეხვედრები იყო გაერო-ს მიერ ორგანიზებული. უცებ მირეკავს ვასიკო და მიყვება. თქვა, რომ რაღაც სასწრაფო საქმე აქვს და უნდა მნახოს. მივედი და მომიყვა სიტყვა-სიტყვით, რაც ეწერა. ბუნებრივია ჩემი რეაქცია, მე ჩავთვალე, რომ წასვლა არაფრით არ შეიძლებოდა. მეორე დღეს ვასიკოს დაწერილი ჰქონდა ის წერილი, რომელიც დღეს გამოქვეყნდა. ეს წერილი იმავე დღეს მივეცი სათარგმნად. ეს იყო თემა, რომელიც იმ დღეს ბევრმა მოწმემ იცოდა. იცოდა ჩემმა მოადგილემ სოფო ხორგუანმა, დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიგა გიორგაძემ. იცოდა ვასიკოს მოადგილემ, თარჯიმანმა. ხოლო 8-ში ეს დოკუმენტი ძალიან მაღალი დონის უცხოელ დიპლომატებს გადავეცი", - აღნიშნა სოზარ სუბარმა.

ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ ჩვენება მცხეთა-მთიანეთის ყოფილმა გუბერნატორმა ვასილ მაღლაფერიძემაც მისცა.

ნახეთ ვიდეო

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა