"პუტინი უკეთეს საჩუქარს ვერ წარმოიდგენდა, ვიდრე ჩემი დაპატიმრების ბრძანების გაცემაა" მიხეილ სააკაშვილი

"პუტინი უკეთეს საჩუქარს ვერ წარმოიდგენდა, ვიდრე ჩემი დაპატიმრების ბრძანების გაცემაა" მიხეილ სააკაშვილი

ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის, ზურაბ ადეიშვილისა და დავით კეზერაშვილის მიმართ აღმკვეთ ღონისძიებასთან დაკავშირებული პროცესი მიმდინარეობს. ბრალდებული ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კი პროცესს აშშ-დან ეხმაურება.

სააკაშვილის განმარტებით, მისი დაკავების ბრძანებით ქვეყნის ისტორიაში სამარცხვინო ფურცელი ჩაიწერება. "რუსეთს და მასთან დაახლოებულ პირებს, როგორც ჩანს, ყველაფრის კეთება უყვართ ივლის-აგვისტოში, როცა დასავლელი პოლიტიკოსები შვებულებას იღებენ, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულია, დღეს დილიდან უკვე დამირეკა რამდენიმე სენატორმა ამ საკითხზე, ასევე ორი ევროპული ქვეყნის ლიდერმა. ძალიან ვწუხვარ, რომ საქართველოს მიღწევებზე საუბრის ნაცვლად, რაც ტრადიციულად ამ ხალხთან ჩემი საუბრის თემა იყო, მიხდება ერთი რუსი ოლიგარქის აკვიატებებსა და ბოღმებზე, ასევე იმაზე საუბარი, რომ მისი ინტერესი მთლიანად დაემთხვა ამ შემთხვევაში პუტინის ინტერესებს. ივანიშვილი არის "გაზპრომის" ყველაზე მსხვილი კერძო აქციონერი და აგვისტოს ომის წლისთავის წინ მისგან უფრო სასურველ საჩუქარს პუტინი ვერ წარმოიდგენდა, ვიდრე ის არის, რომ საქართველოს სახელმწიფო ორგანოებმა გასცენ ჩემი დაპატიმრების ბრძანება. მე პირველად დამაპატიმრა საბჭოთა კავშირის კგბ-მ უნივერსიტეტის პირველ კურსზე პოლიტიკური საქმიანობისთვის და მალე საბჭოთა კავშირი დაიშალა. შემდეგ იანუკოვიჩმა გამომაცხადა "პერსონა ნონ-გრატად" და ორ თვეში თავად იქცა საერთაშორისო ძებნილად. პუტინი მთელი ეს პერიოდი ითხოვს ჩემს მოკვლას ან დაპატიმრებას და მთლად კარგად არ აქვს საქმე. იმ ხალხსაც მოევლება, ვინც დღეს ბრძანება გასცა", - განაცხადა სააკაშვილმა.

ყოფილმა პრეზიდენტმა დღეს კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველოში მოქმედი პროკურატურის დაბარებაზე გამოძახებას არ აპირებს. "მინდა შეიქმნას იურისტების ჯგუფი, რომელიც "დაადოკუმენტირებს" არა მხოლოდ ბრძანების გამცემების, არამედ მოსამართლის, ყველა პროკურორის ქმედებას. ჩვენ ეს არ უნდა დაგვჭირდეს შურისძიებისთვის, მაგრამ საქართველოს მომავალში ეს მასალები გამოადგება. მე ვთქვი და ვიმეორებ ახლაც, ნამდვილად არ ვაპირებ, რომ გამოვცხადდე "გაზპრომის" აქციონერის მიერ კონტროლირებადი პროკურატურის დაბარებაზე, მაგრამ ვიქნები ძალიან ახლოს, როცა ქართველი ხალხი მომიხმობს", - განაცხადა ყოფილმა პრეზიდენტმა.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა