ეკა გიგაური - მიდგომა, რომელიც პრემიერს არასამთავრობო სექტორისადმი აქვს, დემოკრატიული ლიდერისთვის დამახასიათებელი არ არის

ეკა გიგაური - მიდგომა, რომელიც პრემიერს არასამთავრობო სექტორისადმი აქვს, დემოკრატიული ლიდერისთვის დამახასიათებელი არ არის

"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური არასამთავრობო სექტორის მიმართ პრემიერ-მინისტრის კრიტიკას "უსაფუძვლოს" და "არალოგიკურს" უწოდებს.

როგორც გიგაურმა "ინტერპრესნიუსს" შესაბამისი საკითხის კომენტირებისას განუცხადა, პრემიერმა არასამთავრობო სექტორის მიმართ ასეთი მიდგომა უნდა დაასრულოს, ვინაიდან ეს არ არის დამახასიათებელი დემოკრატიული ლიდერისთვის.

"პრემიერ-მინისტრის მხრიდან უკვე ტრადიციად იქცა, თავს დაესხას იმ ადამიანებს, რომლებსაც განსხვავებული პოზიცია აქვთ სხვადასხვა საკითხთან მიმართებაში. ეს არ არის სწორი და არ არის დამახასიათებელი დემოკრატიული სახელმწიფოს ლიდერისთვის. მე ნამდვილად ვერ დავდებ თავს ყველა არასამთავრობო ორგანიზაციის პროფესიონალიზმზე, ყველაფერი შეიძლება ხდებოდეს, მაგრამ კრიტიკას იმასთან დაკავშირებით, რომ ვინმე არაობიექტურია, ჩემს ორგანიზაციასთან დაკავშირებით ნამდვილად ვერ მივიღებ", - განაცხადა ეკა გიგაურმა.

რაც შეეხება ევროკავშირის მაღალი რანგის ერთ-ერთ თანამდებობის პირს, რომლის პოზიციაც ღარიბაშვილმა არასამთავრობო სექტორის მიმართ შეფასების გაკეთებისას არგუმენტად მოიყვანა, "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორის ვარაუდით, ირაკლი ღარიბაშვილი შტეფან ფულეს და მასთან გამართულ შეხვედრას გულისხმობდა.

"არ ვიცი, ამ შეხვედრას გულისხმობდა თუ არა პრემიერ-მინისტრი, მაგრამ მე რაც მახსენდება, ბოლოს იყო ასოცირების შესახებ ხელშეკრულების რატიფიკაციასთან დაკავშირებით შტეფან ფულეს ვიზიტი, რომელიც არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს პარლამენტში შეხვდა. ამ შეხვედრაზე "ნაციონალური მოძრაობა" ნახსენები არ ყოფილა. საუბარი შედგა იმაზე, რომ ზოგადად ოპოზიცია არის სუსტი და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არასამთავრობო სექტორი, მოქალაქეები იყვნენ აქტიური, რომ მთავრობის ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალობა გაიზარდოს. ერთადერთი ბატონი ფულე საუბრობდა იმაზე, რომ მნიშვნელოვანია, ამ აქტივისტებს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები არ დაემსგავსონ პოლიტიკურ პარტიას და პოლიტიკურ აქტივობასა და არასამთავრობეობის საქმიანობას შორის ზღვარი გავლებული იყოს. ერთადერთი ეს კონტექსტი იყო ნახსენები. პარტიის მხარდაჭერასა და დახმარებაზე საუბარი არ ყოფილა და მინდა პრემიერს ვუთხრა, რომ თუკი რომელიმე ორგანიზაცია მხარს უჭერს რომელიმე პოლიტიკურ პარტიას, ამაზე ისინი ხმამაღლა და საჯაროდ ნამდვილად არ საუბრობენ. ამიტომ ეს ბრალდებები არის არალოგიკური და აბსოლუტურად უსაფუძვლო. ეს უკვე მისთვის ტრადიცია გახდა. სხვათაშორის, ამაზე მას საყვედურობენ საერთაშორისო ორგანიზაციების და ჩვენი მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლები. ვფიქრობ, ასეთი მიდგომა განსხვავებული აზრის მიმართ უნდა დასრულდეს, რადგან არ არის დამახასისთებელი დემოკრატიული ლიდერისთვის", - აღნიშნა გიგაურმა.

არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობაზე პრემიერმა გუშინ, დიასპორული სტაჟირების პროგრამაში ჩართულ სტუდენტებთან შეხვედრაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათ ვერ გაურჩევიათ, სად გადის ობიექტურობის ზღვარი.

"მე არ მსურს, რომ გავაკრიტიკო სამოქალაქო სექტორი, მაგრამ ერთ მაგალითს გეტყვით – რამდენიმე კვირის წინ, საქართველოში ევროკავშირიდან ჩამოსულიყო იყო ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის პირი, რომელმაც პირად საუბარში მითხრა, რომ შეხვედრა ჰქონდა წამყვან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და დარჩა გაოცებული, რადგან უთხრეს, რომ ისინი ემხრობიან მთავარ ოპოზიციურ ძალას, რადგან ის დღითიდღე სუსტება. მთავარი არგუმენტაცია იყო, რომ სუსტის დაცვა სურთ. ეს აბსოლუტურად დამახინჯებული მიდგომაა. ეს ადამიანი იყო გაოცებული, რადგან ფიქრობს, რომ როცა წამყვან არასამთავრობოებს აქვთ ასეთი მიდგომა, ეს ძალიან დიდ სირთულეზე მიუთითებს. მან უთხრა ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომ არც ერთ მხარეს არ უნდა გადაიხაროს არასამთავრობო სექტორი – არც მთავრობისკენ, არც ოპოზიციისკენ, რომ ეს არის ძალიან დიდი შეცდომა. ტენდენციურობა არ უნდა იყოს გამოკვეთილი. ხშირად ვერ გაურჩევიათ, სად გადის ობიექტურობის ზღვარი. ამ ზღვარის დადგენაა არასამთავრობო სექტორის მთავარი გამოწვევა", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერის განცხადებით, აუცილებელია მთავრობას, სამოქალაქო სექტორსა და მედიას შორის აქტიური კომუნიკაცია, რათა ხარვეზებზე დაუფარავად საუბარი გაიმართოს. "თუ გვინდა, თანამედროვე და ძლიერი სახელმწიფო ავაშენოთ, არ უნდა მოვერიდოთ ერთმანეთის კრიტიკას", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა