რა როლი ჰქონდა ერეკლე კოდუას ტყვეების გათავისუფლების პროცესში და რომელი მინისტრი ცდილობდა პიარის გაკეთებას ტყვეების ხარჯზე

რა როლი ჰქონდა ერეკლე კოდუას ტყვეების გათავისუფლების პროცესში და რომელი მინისტრი ცდილობდა პიარის გაკეთებას ტყვეების ხარჯზე

2012 წელს ქართულ მედიაში გენერალ ვიაჩესლავ ბორისოვის ინტერვიუს გამოქვეყნების შემდეგ ბევრი უპასუხო კითხვა გაჩნდა. გენერალი ბორისოვი ასახელებდა ლეონარდო დევდარიანს და ამბობდა, რომ ეს ის კაცი იყო, რომელიც აგვისტოს ომის დროს მასთან ერთად მონაწილეობდა საქართველოს ხელისუფლებასთან მოლაპარაკებასა და ყველა საკითხის გადაწყვეტაში. ჩვენ დავუკავშირდით ლეონარდო დევდარიანს, რომელიც დაგვთანხმდა ექსკლუზიურ ინტერვიუზე. მეტიც, განაცხადა, რომ ითხოვდა, ეს ინტერვიუ იმ დროს გენერალურმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა და პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა მიიღონ ,როგორც მისი ოფიციალური ჩვენება.

გთავაზობთ ინტერვიუს საინტერესო ეპიზოდს, რომელშიც ლეონარდო დევდარიანი ტყვეების გათავისუფლებას აღწერს. რა როლი ჰქონდა ამ პროცესში ერეკლე კოდუას, რომელი მინისტრი ცდილობდა ტყვეების გათავისუფლების ხარჯზე პიარის გაკეთებას და რა საუბარი შედგა კეზერაშვილსა და ბორისოვს შორის, ამ ყველაფერს ამ ინტერვიუდან შეიტყობთ.

"ტყვეების გათავისუფლება მოვითხოვე. ბორისოვმა მითხრა, გადმოგცემთ ტყვეებს, მაგრამ ჩვენი მფრინავები დაგვიბრუნეთო. კოდუას დავურეკე, სიები შეადგინეთ და ტყვეების გაცვლაზე, პრინციპით - "ყველა ყველაზე" - თანახმაა რუსული მხარე-მეთქი. კოდუამ, კი ბატონო, გავუკეთებ მაგ საკითხს ორგანიზებასო. ბორისოვმა ჩრდილო კავკასიის სარდალთან დარეკა, ტყვეების გაცვლაზე მოვილაპარაკეთ და გამომიგზავნე მოადგილე აღმზრდელობით დარგშიო. იმას ეხებოდა ტყვეების საკითხი. მეორე დღესვე ჩამოფრინდა სარდლის მოადგილე, გენერალი პერეპელიცა სიით ხელში. კოდუას ვკითხე, როგორ არის საქმე-მეთქი? ახლა ვამზადებთ სიებსო. იგოეთში სიების გასაცვლელად წამოვედით.

ამ პაპანაქება სიცხეში კარგა ხანს ვიდექით. ამასობაში კოდუა მოვიდა, განზე გამიხმო და მეუბნება, რეინტეგრაციის მინისტრმა იაკობაშვილმა რომ გაიგო, ტყვეების გაცვლა მიდის, პიარის გაკეთება მოინდომა, ეგ ჩაეკვეხა ამ სიტუაციაში და აქ ჟურნალისტებთან ერთად მოდისო. მივხვდი, კოდუას არ მოსწონდა ეს ამბავი. მერე რა გინდა, ირაკლი-მეთქი? როგორმე პიარი არ გამოუვიდესო. ბორისოვს ვუთხარი, ამ ომის გაჩაღებაში იაკობაშვილს ლომი წილი უდევს და ახლა სიები მოაქვს, გამოართვი და უთხარი, რომ მასთან არ ილაპარაკებ-მეთქი. მართლაც, კოდუას ბორისოვმა უთხრა, გადაეცი თქვენს მთავრობას, მაგას ქართულ-რუსულ საკითხებზე არ დაველაპარაკებიო. კოდუამ ეს აცნობა უფროსობას. იაკობაშვილი კი დააბრუნეს უკან, მაგრამ რად გინდა, კეზერაშვილი გამოგზავნეს. 3-4 საათი ვიდექით და ველოდებოდით. პერეპელიცამ ვლადიკავკაზიდან ჩამოასწრო(?). ვდგავართ, ვიხრუკებით მზისგულზე და უცბად ორი ახალი ლექსუსის ჯიპით შემოგრიალდა ვიღაც. გაიღო კარი და შავსათვალიანი ამერიკული კინოფილმის გმირი კომანდოსი გადმოვიდა. ისე იყო გამოწკეპილი, გამარჯვებული ჯარის მთავარსარდალი გეგონებოდათ. რაღა ნაპოლეონი და რაღა კეზერაშვილი. ბორისოვმა მკითხა, ეს ვინ არისო. თავდაცვის მინისტრია-მეთქი. კეზერაშვილი მარიაჟი სიარულით მოგვიახლოვდა, ბორისოვს ახედ-დახედა, მერე დაცვას მიუტრიალდა, რა არის, ბიჭებო, ახალი ბატინკები ვერ ჩააცვით ამასო და ბორისოვის ფეხსაცმლისკენ ხელით მიუთითა. ბორისოვს ქართული ესმის, 5 წელი ბათუმში მსახურობდა, თანაც ბატინკი რუსულადაც ბატინკია. ხელით ისე მიუშვირა, რომ ყველაფერი გასაგები იყო ნებისმიერ ენაზე. შევხედე, ბორისოვი გაფითრდა. კეზერაშვილი მოგვიახლოვდა და თავისი "გამართული" რუსულით არ დაუწყო ჩხუბი ბორისოვს?

ბორისოვმა კბილებში გამოცრა, შენ ვინ ხარო? მე საქართველოს თავდაცვის მინისტრი ვარ, შეიარაღებულ ძალებს ვხელმძღვანელობო, გამოეჭიმა კეზერაშვილი. საინტერესოა, რომელ შეიარაღებულ ძალებს მეთაურობ, შე წვინტლიანო, რომელიც არ არსებობს? აბა, მაჩვენე, სად არის შენი შეიარაღებული ძალები? წადი შენიო და ბორისოვმა ჩვენი თავდაცვის მინისტრი სამ ასოზე გაგზავნა, შენ არ დაგელაპარაკებიო, უთხრა. მოტრიალდა, სტაცა ხელი პერეპელიცას და მანქანაში ჩაჯდა. ვიფიქრე, ახლა რაღა ვქნა, ძლივს მოგვარებული საქმე მეშლება-მეთქი. მივვარდი ისევ ბორისოვს, სად მიდიხარ-მეთქი? ვის ველაპარაკო აქ, ნორმალური არავინ არის, ერთი სერიოზული კაცი ვერ ვნახეო, - მიპასუხა გაღიზიანებულმა. მოკლედ, ვეხვეწე, ერთი სულელის გულისთვის ნუ ჩავშლით ამ საქმეს, ტყვეებს შველა უნდათ-მეთქი. ბორისოვმა ხათრი ვერ გამიტეხა, მანქანიდან გადმოვიდა და კეზერაშვილს მიუახლოვდა. კეზერაშვილმა უცბად შეცვალა ტონი. ბატონო გენერალო, თქვენ არასწორად გამიგეთო. "ყველაფერი სწორად გავიგე", - უკმეხად უპასუხა ბორისოვმა, - გაცვლა ხვალ 11 საათზე შედგება. ვცვლით ყველას ყველაზე - მერე მობრუნდა, წავედითო, მითხრა და მანქანაში ჩავსხედით.

თბილისში ღამის პირველ საათზე დავბრუნდი. ანზორ მარგიანმა მკითხა, ხვალ რომელ საათზე გამოგიაროო. ვუთხარი, ყველაფერი მოგვარებულია და უჩვენოდ გაცვლიან ტყვეებს, ჩვენ 12 საათისთვის მივიდეთ-მეთქი. დათქმისამებრ, მეორე დღეს 12 საათისთვის გავემგზავრეთ. იგოეთში რომ შევედით, ვხედავ, კოდუა ზის მარტოდმარტო ქვაზე დაღონებული, აშკარად ემჩნეოდა, რომ ხასიათზე ვერ იყო. რა ხდება-მეთქი? რაღა რა ხდება, ტყვეები არ გაცვალესო. მინისტრის მოადგილე მოეთრია (სამწუხაროდ, არ ვკითხე რომელი მინისტრის), უფროსის (პრეზიდენტი იგულისხმა) დავალებით და რუსებს ულტიმატუმი წაუყენა, - თუ გინდათ, თქვენი მფრინავები დაგიბრუნოთ, ახალგორის რაიონი და კარალეთში სამხედრო ტექნიკის ბაზა უნდა დაგვიბრუნოთო. მერე რუსებმა რა ქნეს-მეთქი? მოიყვანეს ტყვეები და ყველა გაათავისუფლეს. ეს ულტიმატუმი რომ გადავეცით, გვითხრეს, მოვახსენებთ ჩვენს მთავარსარდლობას და უკან გაბრუნდნენო. სხვათა შორის, Kკოდუა ძალიან განიცდიდა ამას. ეტყობა, მიხვდა, რომ ულტიმატუმით ლაპარაკი რუსებთან არ ღირდა.

კოდუას ვუთხარი, წავალ ისევ გორში, იქნებ რამე გამოვადნო ამ საქმიდან-მეთქი. რაღას იზამ, ულტიმატუმი შეუთვალეს მთავარსარდლობას, ახალგორის რაიონში კიდევ ოსი მაროდიორები არიან შესული და ვინ დაგვიბრუნებსო, - ხელი ჩაიქნია კოდუამ. ამ დროს ჩვენი ხელისუფლებისგან მიტოვებულ ახალგორში ჯერ კიდევ არ იყვნენ შესული რუსები, მხოლოდ ოსები მაროდიორობდნენ. ისევ გორში წავედი. პირველი თუ ორი საათი იქნებოდა, რომ ჩავედი. ბორისოვს სასტუმროში ეძინა. საძინებელში შევუვარდი მძინარეს. რა ვქნათ-მეთქი? რა უნდა ვქნათ, მე რაღა შემიძლია, ხედავ რა ხალხია? არავითარი პასუხისმგებლობა მაგათ არ გააჩნიათ, სიტყვისა და მოლაპარაკების ფასი მაგათ არ იციან და სხვა რა დამრჩენოდა, მოვახსენე უმაღლეს მთავარსარდლობას მაგათი ულტიმატუმი, მე აქ ვეღარაფერს გავხდებიო, - მიპასუხა. რამე მოვიფიქროთ-მეთქი. არ შემიძლია, ეს ჩემს უფლებამოსილებას აღემატებაო, - იუარა ბორისოვმა. ამ დროს ტელევიზორში აჩვენებდნენ კურსკის ბრძოლისადმი მიძღვნილ საიუბილეო ღონისძიებას. იქ იყო ჩასული მედვედევი გენშტაბის უფროსის, არმიის გენერალ მაკაროვის თანხლებით. პირველი კითხვა, რა თქმა უნდა, საქართველო-რუსეთის ომზე დაუსვეს ჟურნალისტებმა. მედვედევმა თქვა, ჩვენს გეგმაში არ შედის თბილისის აღება, მაგრამ სააკაშვილმა ჩვენთან ულტიმატუმით დაიწყო ლაპარაკი, ჩვენ კი ამას არ დავუშვებთო. ბორისოვმა მითხრა, ხომ ხედავ, რაც ხდება, რა უნდა გავაკეთო ასეთ სიტუაციაშიო?", - ამბობს ლეონარდო დევდარიანი.

ლეონარდო დევდარიანი ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორია, რომელსაც გენერალ ბორისოვთან მრავალწლიანი მეგობრობა აკავშირებდა და აგვისტოს ომის დროს მასთან ერთად მონაწილეობდა საქართველოს ხელისუფლებასთან მოლაპარაკებაში.

ინტერვიუ გამოქვეყნდა "კვირის პალიტრაში" 2012 წელს.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა