"საქართველო, როგორც უკრაინის წინამორბედი" - რუსი პოლიტოლოგის ანალიზი პუტინის პოლიტიკაზე აგვისტოს ომიდან 6 წლის შემდეგ

"საქართველო, როგორც უკრაინის წინამორბედი" - რუსი პოლიტოლოგის ანალიზი პუტინის პოლიტიკაზე აგვისტოს ომიდან 6 წლის შემდეგ

აგვისტოს ომიდან 6 წელი გავიდა. ქართულ-რუსულ კონფლიქტს რადიო "თავისუფლების" რუსული გამოცემა ვრცელ მასალას უძღვნის. სტატიაში რუსეთ-უკრაინის დაპირისპირება 2008 წლის აგვისტოში საქართველოში განვითარებული მოვლენების ფონზეა მიმოხილული - "საქართველო, როგორც უკრაინის წინამორბედი".

რადიო "თავისუფლებასთან" საუბარში პოლიტოლოგი ნიკოლაი პეტროვი მიიჩნევს, რომ საქართველოში 6 წლის წინანდელ მოვლენებს პირდაპირი კავშირი აქვს იმასთან, რაც დღეს ხდება.

- თუკი 6 წლის წინ მიგვაჩნდა, რომ კავკასიაში რაღაც უცნაური და ცალკეული ეპიზოდი გვქონდა, დღეს უკვე გასაგებია, რომ ის რუსულ-ქართული ომი, ნაწილობრივ, ახლა მიმდინარე ომის მოსამზადებელი, წინამორბედი ომი გახდა... და ის, რასაც დღეს ჩვენ ვხედავთ, უდავოდ შეიძლება, რომ შევადაროთ. ოღონდ, აღმოსავლეთ უკრაინაში ახლა მიმდინარე კონფლიქტს სხვა მასშტაბი და შედეგები აქვს და ექნება მომავალშიც.

- შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ მაშინ მსოფლიო თანამეგობრობას რომ უფრო მკაცრი რეაგირება მოეხდინა რსეთის აგრესიაზე, ახლა უკრაინაში არსებული სიტუაცია არ მოხდებოდა?

- ვფიქრობ, რომ ერთის მხრივ იყო გარემოებების მოზღვავება, როდესაც ძალიან მალე საქართველოს მოვლენებიდან, დაიწყო ეკონომიკური კრიზისი. ნაწილობრივ, მსოფლიოს მხრიდან რუსეთზე ზეწოლა წარსულს ჩაბარდა და შეიქმნა ილუზია, რომ ევროკავშირმა და მთლიანად დასავლეთმა მშვიდად მიიღო ის, რაც საქართველოში მოხდა.

მეორეს მხრივ, მეჩვენება, რომ ის, რაც უკრაინაში მოხდა, ეს დაკავშირებულია რუსეთში ოლიგარქიული რეჟიმის განვითარებასთან, რომელიც გარკვეულ დროს აღმოჩნდა არჩევანის წინაშე - ან ხელი შეეწყოთ ეკონომიკის განვითარებისთვის, გაეტარებინათ ლიბერალური ეკონომიკური და პოლიტიკური რეფორმები, მაგრამ მონოპოლიიის დაკარგვის რისკით, ან შეენარჩუნებინათ ეს მონოპოლია, მაგრამ ეკონომიკური გაუარესების ფასად.

ვფიქრობ, რომ ამ კონფრონტაციას, რომელსაც ჩვენ ვხედავთ, საწყის ეტაპზე აქვს შიდაპოლიტიკური მოტივაცია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რუსეთის და დასავლეთის კონფრონტაცია თავად რუსეთის პოლიტიკური განვითარებისთვის გარდაუვალი იყო.

- რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის დროს, ბევრი ამბობდა, რომ შემდეგი უკრაინა იქნებოდა, რომელსაც კურსი ევროპისკენ ჰქონდა, მაშინ ეს დაუჯერებლად ჟღერდა - ახლა კი არა. რატომ არ სურდა და არ სურს რუსეთს, გაუშვას ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები თავისი გავლენისგან?

- იმას, რაც უკრაინაში ხდება არ განვიხილავდი, როგორ მოსკოვის უბრალოდ სურვილს, ჰყავდეს უკრაინა თავისი გავლენის ზონაში. კრემლს რომ მხოლოდ ეს მიზანი ჰქონდეს, ის უფრო რაციონალურად იმოქმედებდა. ალბათ, ყველაზე რაციონალური იქნებოდა მოსკოვს უკრაინის ხელისუფლებისთვის მიეცა შესაძლებლობა, ხელი მოეწერა ასოცირების შეთანხმებაზე, ერთი წლის შემდეგ კი, როდესაც უკრაინაში ამის ყველა ნეგატიურ შედეგებს შეიგრძნობდნენ (პოზიტიური მაშინ ვერ იქნებოდა), შეიძლებოდა მისულიყო უკრაინასთან ხელგაშლილი და ეთქვა, თქვენ მიიღეთ ის, რასაც სხვა პოლიტიკოსები თავს გახვევდნენ, ახლა კი ვიმეგობროთ. მაგრამ ეს იმას გულისხმობდა, რომ რაღაც დროით პუტინი წაგებულის როლში ყოფილიყო. ვფიქრობ, რომ ამის დაშვება მას ზუსტადაც არ შეეძლო, რადგან მისი, როგორც დემოკრატიულად არჩეული ლიდერის ლეგიტიმურობა განუხრელად ქვევით მიდიოდა... კრემლი ლეგიტიმურობის სხვა - სამხედრო ბელადის ტიპზე გადავიდა. ამ გაგებით ბევრი რამ, რაც ხდება, მათ შორის დაწესებული სანქციები, კრემლის სასარგებლოდ მოქმედებს და ამ თვალსაზრისით მისი გეგმები რეალიზდება....

დღეს პოლიტიკური დრო სწრაფად მიდის, ვხედავთ როგორ მოაქვს თითოეულ დღეს და კვირას ცვლილებები. ამ თვალსაზრისით, ამ კონფრონტაციამდე შეგვეძლო გვეფიქრა, რომ რადიკალური ცვლილებებისა და ძალისხმევის გარეშე რეჟიმი რამდენიმე წელი მშვიდად იცხოვრებდა, ახლა ეს ასე არაა.  ახლა მიმაჩნია, რომ უახლოესი ორი-სამი წლის მანძილზე ჩვენ თანდათან მიწაზე დავეშვებით, ან მივაღწევთ მიწამდე, ან ჰაერში ავფეთქდებით და მაშინ დადგება ქვეყნის პოლიტიკური განვითარების ახალი პერიოდი.

მომზადებულია www.svoboda.org-ის მიხედვით.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა