პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიმართვის პასუხად, შსს განცხადებას ავრცელებს

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიმართვის პასუხად, შსს განცხადებას ავრცელებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უწყებისადმი პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიმართვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც შსს-ის განცხადებაშია ნათქვამი, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხარჯებთან დაკავშირებულ საქმეზე მთავარი პროკურატურის მხრიდან გამჟღავნებული ინფორმაცია საიდუმლოების შემცველი არ არის, რის გამოც საკითხში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები არ იკვეთება.

"საზოგადოების ინფორმირების მიზნით გვსურს, განმარტება გავაკეთოთ საქართველოს პრეზიდენტის განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც, საქართველოს პროკურატურამ თითქოს სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ კანონის დარღვევით, გაასაჯაროვა საიდუმლო მიმოწერა საქართველოს მთავარ პროკურატურასა და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის. საქართველოს პრეზიდენტის განცხადების ანალიზიდან გამომდინარე ცალსახაა, რომ მითითება იმაზე, რომ პროკურატურის მხრიდან მოხდა საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გამჟღავნება არ შეესაბამება სინამდვილეს და არის უსაფუძვლო შემდეგ გარემოებათა გამო: "სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ" საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ახორციელებს მეთვალყურეობას პრესაში და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებში სახელმწიფო საიდუმლოების გამჟღავნების შედეგებზე. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებული მონაცემები თავისი შინაარსიდან გამომდინარე არ შეიცავს სახელმწიფო საიდუმლოების ამსახველ ინფორმაციას, რაც დოკუმენტის სახელმწიფო საიდუმლოებად მიჩნევის აუცილებელი პირობაა. შესაბამისად, სახელმწიფო საიდუმლოების გახმაურების ფაქტს ადგილი არ ჰქონია, რაც დასტურდება შსს-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დასკვნით. რაც შეეხება პრეზიდენტის განცხადებას პროკურატურის მხრიდან საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გამჟღანების შედეგებზე შსს-ს რეაგირებას, გვინდა განვმარტოთ, რომ ხსენებული საკითხი არ შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, ხოლო ფაქტზე რეაგირება არ შედის შსს-ს კომპეტენციაში", - ნათქვამია შსს-ის განცხადებაში.

საქართველოს პრეზიდენტმა, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხარჯებთან დაკავშირებულ საქმეზე, პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და პროკურატურას შორის საიდუმლო მიმოწერის გასაჯაროების გამო შეშფოთება გამოთქვა. გიორგი მარგველაშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროსაც მიმართა და მოუწოდა, რომ როგორც პრესასა და მასობრივი ინფორმაციების სხვა საშუალებებში სახელმწიფო საიდუმლოების გამჟღავნების შედეგებზე მეთვალყურე ორგანოს, პროკურატურასთან მიმართებაში კანონით ნაკისრი ვალდებულება შეესრულებინა.

"გამოვთქვამთ შეშფოთებას იმის გამო, რომ პროკურატურამ, სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ საქართველოს კანონის დარღვევით, გაასაჯაროვა საიდუმლო მიმოწერა მთავარ პროკურატურასა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის. სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, "პრესაში და მასობრივი ინფორმაციების სხვა საშუალებებში სახელმწიფო საიდუმლოების გამჟღავნების შედეგებზე მეთვალყურეობას ახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო". შესაბამისად, მივმართავთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უზრუნველყოს ზემოაღნიშნული ვალდებულების შესრულება. დამატებით აღვნიშნავთ, რომ ამავე კანონის მიხედვით, თანამდებობის პირსა და საჯარო მოხელეს, რომელიც დაარღვევს სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის ვალდებულებას, დაეკისრება კანონით დადგენილი პასუხისმგებლობა", - ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში, რომელიც ქვეყნის პირველი პირის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

საუბარია პროკურატურის იმ განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, ცნობილი გახდა, რომ პროკურატურამ სახელმწიფო დაცვის სამსახურის მასალებზე გრფით "საიდუმლოს" მოხსნა სთხოვა და მასალებს გირიფ "საიდუმლო" მოეხსნა.

საქართველოს პრეზიდენტის კრიტიკას წუხელვე უპასუხა მთავარმა პროკურატურამ. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშული, პრეზიდენტი შეცდომაშია შეყვანილი, რადგან მათ არანაირი საიდუმლო მიმოწერის ამსახველი დოკუმენტი არ გაუსაჯაროებიათ. "საქართველოს პრეზიდენტის განცხადებასთან დაკავშირებით, საზოგადოების სრულად ინფორმირების მიზნით გვსურს გავაკეთოთ მცირე განმარტება. უპირველეს ყოვლისა, წუხილი გვინდა გამოვთქვათ იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს პრეზიდენტი შეცდომაში არის შეყვანილი პროკურატურის დღევანდელ განცხადებასთან დაკავშირებით, თითქოსდა პროკურატურამ მოახდინა საიდუმლო მიმოწერის ამსახველი ინფორმაციის გასაჯაროება, რაც აშკარად არ შეესაბამება სინამდვილეს", - განმარტებულია პროკურატურის განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა